გულახდილი საუბრები

გათხოვების დღიდან დედამთილი ჩემი მთავარი საყრდენი გახდა

№25

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.07

გათხოვება, გულახდილი
საუბარი - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მშობლები საკმაოდ მკაცრად მზრდიდნენ და ახლაც არ ვიცი, როგორ გავბედე მათი თანხმობის გარეშე გათხოვება, ამ ნაბიჯის გადადგმა და გაპარვა. 16 წლის ასაკში, საერთოდ რომ ვერ წარმოიდგენდა ჩემი ოჯახი, დავკარი ფეხი და გავყევი ჩემს საყვარელ ადამიანს. დამამთავრებელ კლასში ვიყავი, რეპეტიტორთან ვემზადებოდი. იქ მომაკითხა ჩემმა რჩეულმა, ბევრი მელაპარაკა და მეც დავთანხმდი, იმ წუთიდან მისი ცოლი მრქმეოდა. არ დამავიწყდება მისი ოჯახის წევრების შეხვედრა.

საკმაოდ თბილი და საყვარელი ხალხია. დედამთილმა ისე ჩამიხუტა გულში, ის მომენტი დღემდე არ მავიწყდება. საერთოდ, საოცარი დედა, მამა, ბებია, ბაბუა და და ჰყავს. მოკლედ, რომ გავიპარე და ჩემმა ქმარმა ჩემებს დაურეკა, თქვენი ქალიშვილი უკვე ჩემი ცოლია და აზრი არ აქვს შეწინააღმდეგებასო, მამაჩემი და დედაჩემი კინაღამ ჭკუიდან შეიშალნენ. ნახევარ საათში მოქანდნენ და დედაჩემმა რომ დამინახა და გამოქანდა საცემრად, ჩემი დედამთილი გადაუდგა წინ და უთხრა: ძალიან გთხოვთ, არ მინდა, ჩემი შვილის საყვარელ ადამიანს ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენოს, მით უმეტეს, უკვე ჩემი რძალია და არ დავუშვებ მასზე ხელი აწიოთ, მიუხედავად იმისა, რომ მისი დედა ხართ. დღეიდან ეს გოგო ჩემი შვილიცაა და მე შვილის გალანძღვისა და მით უმეტეს, ცემის უფლებას არავის მივცემ. დედა ხართ და გაუგეთ თქვენს შვილს. მინდა, თქვენი თავი გაიხსენოთ, როცა გიყვარდათ და მის გარეშე ვერ წარმოგედგინათ სუნთქვა, ახალგაზრდები არიან, ხელი შევუწყოთ და როგორც შეგვიძლია, გვერდში დავუდგეთ. მთავარია, ესენი იყვნენ ბედნიერებიო. დედაჩემმა იყვირა, იწივლა, საშინელი სიტყვები მითხრა და მამაჩემმა ძლივს წაიყვანა სახლში. როგორც მერე მითხრეს, თურმე, ისე განუცდია, იმ ღამეს სამი სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ახლა, მეც ორი ქალიშვილის დედა ვარ და მესმის მისი, მაგრამ მაშინ იმდენად ვიყავი შეყვარებული, იმაზე სულ არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა, მშობლებს ჩემი ნაადრევად გათხოვება ასე მწვავედ განეცადათ. მხოლოდ მაშინ ვინანე ეს საქციელი, როცა დედა გარდაიცვალა. ის წამები, როგორ ვატკინე გული თავიდან გამიახლდა. მოკლედ, როგორც გითხარით, დედამ მწვავედ განიცადა ჩემი 16 წლის ასაკში გათხოვება. კარგა ხანი არ მელაპარაკებოდა და მხოლოდ მაშინ შემირიგდა, როცა პირველ შვილზე რვა თვის ორსული ვიყავი. დედამთილი თან მყვებოდა. ის რომ არა, ალბათ, ძალიან გამიჭირდებოდა. დედაჩემის გარდაცვალების მერეც, მთავარი ჩემი საყრდენი ადამიანი სწორედ ჩემი დედამთილი გახდა. სამწუხაროდ, ჩემი საყვარელი ადამიანი ვერ აღმოჩნდა კარგი ქმარი. ღალატის მსხვერპლიც გავხდი და დამცირებისაც, თუმცა, დედამთილი ყოველთვის ჩემს მხარეს იდგა, თავის შვილს ამტყუნებდა და დღეს თუ ჩემს შვილებს სრულფასოვანი ოჯახი აქვთ, მისი დამსახურებაა. ვერც კი წარმომიდგენია მის გარეშე ცხოვრება. ერთი პერიოდი ისიც კი მითხრა: შვილო, თუ არ გინდა დედამთილ-მამამთილთან ცხოვრება, ხომ გვაქვს მეორე ბინა, მდგმურებს გავუშვებ და იქ გადადით და იცხოვრეთო. მაგრამ, მე უარი ვთქვი. ორივე შვილის მშობიარობას ის დაესწრო, ორივე მან გამაზრდევინა. ძალიან შემიწყო ხელი უმაღლესში ჩაბარების დროს. გამოცდების პერიოდში ჩემსავით განიცდიდა და მგულშემატკივრობდა. სამსახურიც თავად მიშოვა და დამაწყებინა. ღმერთს ვყვარებივარ, ეს ადამიანი რომ შემახვედრა, რომ ჩემი დედამთილი ჰქვია და რომ ასეთი დამოკიდებულება აქვს იმ გოგოს მიმართ, რომელმაც არაფერი იცოდა – არც საოჯახო საქმე, არც ოჯახის გაძღოლა, მაგრამ გვერდით დაუდგა და ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლა ყველაფერი, თბილი სიტყვითა და რუდუნებით. ჩემი ოცნებაა, ჩემს გოგონებს შეახვედროს ღმერთმა ასეთი დედამთილები, სხვას არაფერს ვნატრობ. თავისთავად, ქმარი ქალისთვის მთავარი ადამიანია ცხოვრებაში, თანამესაყდრე და მეორე ნახევარი, მაგრამ იმ ოჯახში, სადაც გოგონა შედის, დედამთილს მთავარი როლი აქვს და ამაში ნურავინ შემედავება. მინდა, დიდხანს მყავდეს და მიმსუბუქებდეს იმ დარდს, რომელსაც გულით ვატარებ და მხოლოდ მას ვუმხელ.

ინგა, 32 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი