რატომ უჭირთ თანამედროვე, დამოუკიდებელ ქალებს მამაკაცთან ურთიერთობა და ოჯახის შექმნა
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 10.07
ამბობენ, რომ თანამედროვე ქალს ყველაფერი აქვს – განათლება, კარიერა, ფინანსური დამოუკიდებლობა, საკუთარი აზრი, საკუთარი სივრცე და საკუთარი ცხოვრება. მაშინ რატომ იზრდება იმ ქალების რიცხვი, რომლებიც 35, 40 ან 45 წლის ასაკშიც მარტო არიან? რატომ უჭირთ ურთიერთობების შენარჩუნება? რატომ ეშინია ზოგიერთ მამაკაცს ძლიერი ქალების? და საერთოდ, გახდა თუ არა დამოუკიდებლობა სიყვარულის მტერი?
არიან ქალები, რომლებიც არასოდეს ყოფილან გათხოვილი, თუმცა არაერთი ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონიათ. რატომ არ ქმნიან ისინი სტაბილურ ოჯახებს? არ არსებობს სურვილი, თუ მათი არჩევანია ასეთი?
ნინო (45 წლის): „თქვენ ლამაზი, განათლებული, ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი ხართ. რატომ არ შექმენით ოჯახი?“ – ეს ის კითხვაა, რომელსაც ბოლო ათი წელია, თითქმის ყველა მისვამს. სიმართლე გითხრათ, ადრე მეც მეგონა, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად იქნებოდა – ვისწავლიდი, კარიერას ავიწყობდი... და პარალელურად, აუცილებლად გამოჩნდებოდა ადამიანი, ვისთანაც ოჯახს შევქმნიდი. მაგრამ ცხოვრება სხვანაირი ყოფილა. ერთ დღეს აღმოვაჩინე, რომ სამსახურში წარმატებული ვიყავი, საკუთარ ბინაში კომფორტულად ვცხოვრობდი, მანქანაც შევიძინე, საზღვარგარეთაც დავდიოდი, მაგრამ გვერდით არავინ მყავდა.
– რას გულისხმობთ? მამაკაცები არ ინტერესდებოდნენ თქვენით?
– პირიქით. ინტერესდებოდნენ. მაგრამ ხშირად ყველაფერი ძალიან უცნაურად სრულდებოდა. თავიდან მოსწონდათ ჩემი დამოუკიდებლობა, ჩემი აქტიურობა, ჩემი ამბიციები... მერე კი, თითქოს, იგივე თვისებები პრობლემად იქცეოდა. ერთ-ერთმა ყოფილმა პირდაპირ მითხრა: შენთან თავს საჭირო კაცად ვერ ვგრძნობ. ზედმეტი ვარო. ეს ფრაზა დღემდე მახსოვს.
– და თქვენ რას უპასუხეთ?
– ვკითხე, რა უნდა გამეკეთებინა. სამსახური დამეტოვებინა? მანქანით აღარ მევლო? პრობლემები სპეციალურად შემექმნა? ვერ გავიგე, რატომ უნდა შევავიწროვო საკუთარი თავი იმისთვის, რომ ვიღაც კომფორტულად გრძნობდეს თავს.
– ზოგი მამაკაცი ამბობს, რომ თანამედროვე ქალები ზედმეტად მომთხოვნები გახდნენ.
– ეს ბრალდება ხშირად მესმის. მაგრამ მოდი, ვიკითხოთ – რას ნიშნავს მომთხოვნი? თუ ქალი ელოდება პატივისცემას, ერთგულებას, ემოციურ სიმწიფეს და პასუხისმგებლობას, ეს ზედმეტი მოთხოვნაა? ვფიქრობ, პრობლემა ისაა, რომ დღეს ქალს აღარ სჭირდება მამაკაცი გადარჩენისთვის. მას სრულფასოვანი პარტნიორი სჭირდება. და ეს ორი სხვადასხვა რამეა.
– მაშინ, რატომ ვერ პოულობენ ერთმანეთს ჯანსაღი ურთიერთობის მოსურნე ადამიანები?
– იმიტომ, რომ ორივე მხარე შეიცვალა. ქალები სწრაფად შეიცვალნენ და განვითარდნენ. მამაკაცების ნაწილს კი ჯერ კიდევ ძველი წარმოდგენები აქვს ურთიერთობებზე. მათ სურთ ძლიერი ქალი, მაგრამ არა ძალიან ძლიერი. დამოუკიდებელი ქალი, მაგრამ ისეთი, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც მათ დაუთმობს. ამბიციური ქალიც მოსწონთ, მაგრამ თან ისეთი, რომლის კარიერაც მათზე მნიშვნელოვანი არ იქნება. ეს პარადოქსია.
– ანუ, რეალურად მამაკაცებს ძლიერი ქალების ეშინიათ?
– ყველას არა, მაგრამ ზოგს ნამდვილად აშინებს. როდესაც ქალი საკუთარ აზრს აფიქსირებს, ფინანსურად დამოუკიდებელია და საკუთარი ცხოვრება აქვს, მასთან მანიპულირება რთულია და ეს ყველას არ მოსწონს.
– შეიძლება, პრობლემა თავად ქალებშიც იყოს?
– რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ბევრი დამოუკიდებელი ქალი დროთა განმავლობაში ზედმეტად თვითკმარი ხდება. მათ ყველაფერი თავად შეუძლიათ. კარიერაც აქვთ, ფინანსებიც, გადაწყვეტილებებსაც თვითონ იღებენ და მერე ურთიერთობაშიც იგივე მოდელი გადააქვთ. ვაღიარებ, მეც მქონია ასეთი პერიოდი. მიჭირდა დახმარების თხოვნა, მიჭირდა სისუსტის ჩვენება, მიჭირდა იმის თქმა, რომ ვიღაც მჭირდებოდა.
– ეს ხომ საინტერესო აღიარებაა...
– იმიტომ, რომ ძლიერი ქალების შესახებ ერთ მითს იშვიათად ვამსხვრევთ – ხშირად ძლიერ ქალებსაც უნდათ სიყვარული, მათაც უნდათ მხარდაჭერა, მათაც უნდათ, რომ ვიღაცაზე დაყრდნობა შეძლონ. უბრალოდ, ამას იშვიათად ამბობენ.
– დღეს ბევრი ქალი ამბობს, რომ მამაკაცებისგან იმედგაცრუებულია. ბევრი მამაკაციც იმავეს ამბობს ქალებზე. სოციალური ქსელები მუდმივად გვაჩვენებენ ურთიერთობების ყველაზე ცუდ მაგალითებს – ღალატს, მანიპულაციებს, დაშორებებს... და ადამიანები სულ უფრო ფრთხილები ხდებიან. ზოგჯერ კი იმდენად ფრთხილები, რომ სიყვარულის შანსსაც კი აღარ აძლევენ საკუთარ თავს.
– მარტოობის გეშინიათ?
– ადრე მეშინოდა. დღეს – ნაკლებად. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ყველა ქალს, რომელიც ამბობს, რომ ურთიერთობა საერთოდ არ სჭირდება, ბოლომდე არ ვუჯერებ. ადამიანს ბუნებრივად სჭირდება სიახლოვე. სჭირდება ადამიანი, ვისაც საკუთარ დღეს მოუყვება, ვინც მის წარმატებას გაიზიარებს და ვინც მის მარცხს გაუძლებს. ურთიერთობა არ უნდა ჰგავდეს ძალაუფლებისთვის ბრძოლას. არც ქალი უნდა ცდილობდეს გამარჯვებას და არც კაცი. წინააღმდეგ შემთხვევაში ორივე მარცხდება. 20 წლის ასაკში სიყვარული ზღაპარი მეგონა, 30 წლის ასაკში – მიზანი, 40 წლის ასაკში კი მივხვდი, რომ სიყვარული არჩევანია, ორი ადამიანის ყოველდღიური არჩევანი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




