საყვარელი ჩემგან შვილს ელოდება, მთხოვს ჯვრისწერას, არადა, ცოლი მიყვარს და ოჯახის დანგრევას არ ვაპირებ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.07
საკმაოდ პატარა ასაკში დავოჯახში. დედისერთა ვარ და ოჯახმა ყველანაირად შემიწყო ხელი, რომ ქორწინება შემენარჩუნებინა. ცოლი სიყვარულით მოვიყვანე, თუმცა, შვილები რომ გაჩნდნენ და მეც გავიზარდე, მივხვდი, საკმაოდ ადრეულ ასაკში ავიღე ოჯახური ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. ამ გადასახედიდან არ ვიყავი მზად, თუმცა, კიდევ ვამბობ, დედაჩემისა და მამაჩემის დიდი წვლილია, რომ მართლაც კარგი ოჯახი მაქვს, ცოლიც კარგი მყავს და შვილებიც კარგი აღზრდილი.
არ ვიმართლებ თავს, ვცოდავდი, ცოლს ვღალატობდი. თუმცა, ეს ერთჯერადი ღალატები იყო, რომ ამბობენ, ცდუნებასა და ვნებას ავყევიო. ბოლო წლებია, მხოლოდ ერთ გოგონასთან ვარ და ამას წინათ გამომიცხადა, ორსულად ვარ და არ ვაპირებ აბორტის გაკეთებას, ეს ბავშვი უნდა გავაჩინო და ჯვარი დავიწეროთო. ცოლთან ხელი მაქვს მოწერილი, ჯვრისწერასაც ვგეგმავდით, თუმცა თავი ვერ მოვაბით. ახლა, ეს მაიძულებს, გინდა თუ არა, ჯვარი დავიწეროთ, ხომ არ გთხოვ ცოლთან გაშორებას, უბრალოდ, მინდა ჩემი შვილს კანონიერი მამა ჰყავდეს და ხელის წამოსარტყმელი არ იყოსო. ცოლმა გაიგო ჩვენი ურთიერთობა, ამიტომ მასთან საკმაოდ დამეძაბა ურთიერთობა, თუმცა ის რომ შვილს ელოდება და თან ჯვრისწერას მთხოვს, არ იცის. ორ წყალს შუა ვარ ჩავარდნილი. არც ცოლთან გაშორება მინდა და ვერც საყვარელს დავტოვებ ამ მდგომარეობაში. თან, ორი ბიჭი მყავს და რომ მითხრა, გოგოს ველოდებითო, რაღაცნაირად გულზე მომხვდა. სულ მინდოდა გოგოს მამობა. არ არის ცუდი ადამიანი, ყოველთვის მითმობდა, ცდილობდა, არ გაეგო ჩემს ცოლს ჩვენი ურთიერთობა, მეუბნებოდა: მიყვარხარ და წლების განმავლობაში ამის გამო ვარ შენ გვერდით. არც ის მინდა, ოჯახი მიატოვო და ვერც იმას გადავიტან, ჩემთან რომ არ იყო. ასე ვიცხოვროთ და მერე დრო გვიჩვენებს რა როგორ იქნებაო. ჩემი მეგობარი მეუბნება, ფულის გამოა შენთანო, მაგრამ ასე არაა. საკმაოდ კარგი სამსახური აქვს, ცალკე პატარა ბიზნესი და საკმაოდ კარგი შემოსავალი. მართლა ვუყვარვარ, ამას ვგრძნობ და ვხედავ. არც საჩუქრების გაკეთება ენანება ჩემთვის და არც სიურპრიზებს მაკლებს. მეც ვანებივრებ, როგორც შემიძლია. გააჩინოს შვილი, არ მაქვს პრობლემა, იმასაც შევიყვარებ და მივხედავ, როგორც ჩემს ორ ბიჭს ვუვლი და ვხედავ. უბრალოდ, მასთან ჯვრისწერა არ მინდა. ვიცი, ამაზე ცოლი გადაირევა და რომ გამშორდეს, ნამდვილად არ ვიცი, რას ვიზავ. რა დაიმალება და რომ გაიგებს, ჩემი საყვარელი შვილს ელოდება, ვიცი, ამაზეც „გაჭედავს“. ის კი არა, როცა უთხრეს საყვარელთან ჩემი ურთიერთობის ამბავი, ჩამაცივდა, რა ხდება მითხარიო. არ დამიმალავს, ვუთხარი, რომ იყო ჩემს ცხოვრებაში გოგო, რომელსაც ვუყვარდი და ვის მიმართაც მქონდა გრძნობა, თუმცა დროებითი ურთიერთობა იყო და მალე დავასრულებდი. სულ ვეუბნებოდი: თავს დავანებებ, გეფიცები, უბრალოდ, კარგი გოგოა, მეცოდება და არ მინდა, დაშორება მტკივნეული იყოს მისთვის. მაცადე და მალე მოვაგვარებ. ხომ იცი, ისე არავინ შემიყვარდება, როგორც შენ მიყვარხარ და ნუ ნერვიულობ-მეთქი. როგორ ვთქვა ცოლზე აუგი, როცა მიუხედავად ამისა, მაინც მიგებდა, ითმენდა და ეგონა, ჩემი ურთიერთობა სხვა გოგოსთან მართლა გატაცება იყო და არა წლების განმავლობაში მასთან ყოფნა. კაცი ვარ და ვერც ორსულ გოგოს მივატოვებ და ვერც ბავშვს, ისიც ჩემი შვილია. გადავწყვიტე, დავუჯდე ცოლს და მოვუყვე ყველაფერი, ვთხოვო, გამიგოს და ბავშვის მიმართ ნუ ექნება სიძულვილი. შვილებიც დიდები არიან და მათაც ავუხსნი, სხვა გამოსავალი არ მაქვს. მერე კი, მართლა დრო მიჩვენებს, რა და როგორ იქნება.
ნიკა, 31 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




