მამინაცვლის გამო დედასთან ურთიერთობა დამეძაბა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 25.06
არ ვარ უმადური ადამიანი. ვინც სიკეთე გამიკეთა, ასმაგად დავუბრუნე. მარტივი ცხოვრების გზა არ გამომივლია, თუმცა არ გავბოროტებულვარ. ბავშვობაში ვერასდროს ვიგებდი, ჩვენს ოჯახში რატომ იყო სულ აყალმაყალი, ჩხუბი და გაწევ-გამოწევა. დედა სულ განერვიულებული დადიოდა, მამა კი სავარძელში იჯდა თავჩაღუნული. სამწუხაროდ, მამა ნარკოდამოკიდებული იყო და ამის გამო დედა და ის სულ კამათობდნენ. ოთხი წლის არ ვიყავი, როცა მამა გადამეტებული წამლის ზემოქმედებით დაიღუპა. მას შემდეგ დედა თითქოს დადუმდა, დაბერდა, მისთვის ყველაფერმა აზრი დაკარგა.
მახსოვს, როგორ დამატარებდა დღეგამოშვებით სასაფლაოზე, მამის სურათს უხმოდ უყურებდა და ცრემლებად იღვრებოდა. სიმართლე გითხრათ, დედისგან სიმკაცრე, დაყვირება ან ცემა არ მახსოვს. მამის გარდაცვალების მერე მშვიდ გარემოში მზრდიდა და დიდი ამაგიც აქვს ჩემზე. ვალს აიღებდა და სხვაზე ნაკლებად არც ჩაცმულს მატარებდა და არც დასვენებას დამაკლებდა. სკოლა რომ დავამთავრე, ფული არ ჰქონდა, მაგრამ ისესხა და საუკეთესოდ ჩაცმულ-დახურული გამიშვა რესტორანში, ბანკეტზე. მუშაობდა, წელებზე ფეხს იდგამდა და ყველაფერს მიკეთებდა. 22 წლის ვიყავი, როცა დედამ დამისვა და მითხრა: შვილო, ვიცი, ახლა რასაც გეტყვი, შენთვის არ იქნება სასიამოვნო მოსასმენი, მაგრამ შენზე ახლობელი არავინ მყავს და მინდა, გამიგო როგორც ქალს, როგორც დედას. ერთ კაცს ვუყვარვარ და მინდა, ცოლად გავყვეო. ელდა მეცა, არ ვიცოდი, გავბრაზებულიყავი თუ პირიქით, მომეწონებინა მისი საქციელი, როგორც ქალის, როგორც დედის. უბრალოდ, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ დედა კიდევ გათხოვდებოდა და ისევ გადადგამდა ამ ნაბიჯს, მით უმეტეს, ასაკში. არ შევიმჩნიე ემოცია და ვუპასუხე: იცი, როგორ მიყვარხარ, ისიც მახსოვს მამაჩემის ხელში რა გამოიარე, როგორ გამზარდე, რამხელა ტკივილი ატარე გულით და არ მინდა, კიდევ იგივე გამეორდეს-მეთქი. პირდაპირ როგორ ვეტყოდი, არ გათხოვდე და პირად ბედნიერებაზე უარი თქვი-მეთქი. თუმცა, ახლა, როცა გათხოვდა, ცხოვრების მეგზური აირჩია და უკვე სამი წელია, მის გვერდით ცხოვრობს, ბედნიერებისა რა მოგახსენოთ. ჩემი მამინაცვალი რაიონიდანაა, ჩვენს სახლში ცხოვრობს და პირველი კამათი რაც დედას და მას შორის იყო, ბინაში ჩაწერას ეხებოდა, რაზეც დედამ უარი უთხრა. ბინა, სადაც ვცხოვრობთ, მამამ დაგვიტოვა და ჩემი და დედაჩემის საკუთრებაა, სადაც უცხო კაცს ნამდვილად ვერ ჩავწერთ. უცხოს იმიტომ ვამბობ, რომ დედას უხეშად ექცევა, ვერაფრით შევიყვარე, პატივსაც კი არ ვცემ. თავიდან, დამისვა და დამიწყო რჩევა-დარიგებები, რომ მას უნდა დავუჯერო, რომ ისაა ახლა ოჯახში მთავარი მამაკაცი და თუ ვინმე რამეს მეტყვის, მას უნდა ვუთხრა. რად მინდოდა 22 წლის ბიჭს მისი დაცვა? მოკლედ, იმდენად ცუდი ურთიერთობა გვაქვს, რომ მის გამო დედაჩემთანაც დამეძაბა სიტუაცია. სამსახური ხან აქვს, ხან - არა და დედაჩემის კისერზე ზის, ჭამს-სვამს, რაც სახლშია და არ ფიქრობს საიდან მოდის. ხან რაიონიდან ჩამოსული ნათესავი და ძმაკაცი რჩება ჩვენს სახლში და დედა გახდა მისი და მათი მსახური. დედას რომ ვუთხარი, ვერ ხედავ, ამ კაცს თბილისში უნდოდა ცხოვრება, თანაც ცოლის კისერზე-მეთქი. მკაცრად მიპასუხა: მამინაცვალი რომ არის, მაგიტომ ვერ იტან და ძალიან გთხოვ, გულს ნუ მტკენო. მოკლედ, არ ვიცი, როდემდე გასტანს ჩვენი ასეთი დაძაბული ურთიერთობა ოჯახში. არ მინდა, დედას ვაწყენინო და მის გამო ვიკავებ თავს. არადა, თავადაც ვიცი, ხვდება შეცდომა დაუშვა, ეს კაცი რომ აირჩია და უკან ვეღარ იხევს.
ნოდო, 26 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





