გულახდილი საუბრები

რატომ უჭირს ქალს წასვლა მაშინაც კი, როცა კარგად იცის, რომ სიყვარული უფრო მეტ ცრემლს ჰგვრის, ვიდრე ბედნიერებას

№24

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 26.06

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ხშირად ვისმენთ ფრაზას – სიყვარულს საზღვრები არ აქვსო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში არსებობს ურთიერთობები, რომლებსაც თავიდანვე ახლავს ტკივილი, გაურკვევლობა, ლოდინი და მუდმივი შინაგანი ბრძოლა. ერთ-ერთი ასეთი ცოლიანი მამაკაცის სიყვარულია.

რატომ ხდება, რომ ქალი, რომელსაც შეუძლია, თავისუფალი და ხელმისაწვდომი მამაკაცი აირჩიოს, მაინც ისეთ ურთიერთობაში აღმოჩნდება, სადაც ყოველთვის მეორე ადგილზეა? რატომ სჯერა მას დაპირებების, რომლებიც წლობით არ სრულდება? და რატომ უჭირს წასვლა მაშინაც კი, როცა კარგად იცის, რომ ეს სიყვარული უფრო მეტ ტკივილს აძლევს, ვიდრე ბედნიერებას?

– როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?

ლიკა (39 წლის): ჩვეულებრივად. მე ვიტყოდი, რომ – ყველაზე ბანალურად. ერთ ღონისძიებაზე გავიცანი. თავიდან საერთოდ არ ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა. ძალიან ყურადღებიანი იყო, საოცრად კარგად უსმენდა ადამიანს. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემს ყველა სიტყვას იმახსოვრებდა. ასეთი უნარები მამაკაცებში იშვიათია. როცა გავიგე, რომ დაქორწინებული იყო, უკვე ემოციურად დამოკიდებული ვიყავი. თუმცა, მაშინვე ვუთხარი, რომ ასეთ ურთიერთობაში ვერ შევიდოდი. მან კი მითხრა, რომ მისი ოჯახი მხოლოდ ფორმალურად არსებობდა და წლები იყო, ცოლთან აღარაფერი აკავშირებდა. დღეს ვფიქრობ, ცოლიანი კაცები, ალბათ, ყველა ქალს ამავე ისტორიას უყვებიან.

– თავიდანვე გულწრფელად გჯეროდათ მისი?

– არ ვიცი. შეიძლება, არა. მაგრამ როცა ადამიანი ყოველდღე გწერს, გირეკავს, შენს ცხოვრებაში მონაწილეობს, ნელ-ნელა ეჭვები გიქრება. ყველაზე სახიფათო სწორედ ეს არის. ის შენს ცხოვრებაში ქმნის იმ მამაკაცის ილუზიას, რომელიც თითქოს შენ გეკუთვნის, მაგრამ რეალურად არასოდეს არის სრულად შენი.

– როდის მიხვდით, რომ რაღაც ისე არ იყო?

– დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ. მაშინ მივხვდი, როცა მისი ყველა დაპირება გაურკვეველი და მყიფე ხდებოდა. „ცოტა მოითმინე“, „ახლა არ არის შესაფერისი დრო“, „ბავშვების გამო ვერ ვჩქარობ“, „ოჯახში რთული პერიოდია“... ყველაფერი მომავალში იყო. მხოლოდ ჩვენი ურთიერთობა იყო აწმყოში.

– ყველაზე რთული რა იყო?

– დღესასწაულები. ახალი წელი, დაბადების დღეები, შაბათ-კვირები. როცა მთელი ქვეყანა საყვარელ ადამიანებთან ერთად არის, შენ კი ტელეფონს უყურებ და ელოდები, როდის გამონახავს რამდენიმე წუთს შენთვის. იმ დროს განსაკუთრებით ვგრძნობდი, რას ნიშნავს იყო ადამიანის ცხოვრებაში „დამატებითი სივრცე“.

– ეჭვიანობდით მის ცოლზე?

– თავიდან დიახ, თანაც, ძალიან. შემდეგ მივხვდი, რომ სინამდვილეში მასზე კი არა, საკუთარ თავსა და მდგომარეობაზე ვბრაზობდი. ვხედავდი, რომ ქალი, რომელიც თითქოს აღარ უყვარდა, მაინც პირველ ადგილზე იდგა. მასთან იყო მისი ოჯახი, მისი სახლი, მისი ბუდე... მე კი ყოველთვის სადღაც კულისებში ვრჩებოდი. მიმალული და დავიწყებული.

– გქონდათ მომენტი, როცა ყველაფრის დასრულება გადაწყვიტეთ?

– რა თქმა უნდა. ათჯერ მაინც... მაგრამ ყოველი წასვლის შემდეგ ბრუნდებოდა. ზუსტად, იცოდა, როდის მომენატრებოდა, როდის ვერ ვეტყოდი უარს და მაშინ რეკავდა, ზუსტად მაშინ მწერდა, ზუსტად მაშინ მახსენებდა ყველაფერს, რაც ერთმანეთთან გვქონდა... და ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი.

– რატომ არის ასეთი რთული წასვლა?

– იმიტომ, რომ რეალურად მხოლოდ ადამიანი არ გიყვარს. გიყვარს მომავალი, რომელიც მის გარშემო ააშენე. გიყვარს ოცნება, გიყვარს წარმოდგენა იმ ცხოვრებაზე, რომელიც შეიძლება, ოდესღაც მასთან დადგეს. შენ რეალურ მამაკაცს კი არა, ხშირად საკუთარ იმედს ებღაუჭები.

– საბოლოოდ როდის მიხვდით, რომ არაფერი შეიცვლებოდა?

– ერთ დღეს შემთხვევით მისი ოჯახის ფოტო ვნახე. არც უბედურებს არ ჰგავდნენ და არც ფილმის პერსონაჟებს. უცებ მივხვდი – ამ ფოტოში ადგილი არასოდეს მექნებოდა. იმ მომენტში პირველად შევხედე რეალობას ისე, როგორც იყო და არა ისე, როგორც მინდოდა, რომ ყოფილიყო.

– თავს მოტყუებულად გრძნობდით?

– დიახ და ძალიან მეტკინა. ვაცნობიერებდი, რამდენი წელი გავატარე ფუჭ ლოდინში, რამდენ შესაძლებლობას ავუარე გვერდი. რამდენ კარგ ადამიანს არ მივეცი შანსი. შემეძლო, ბედნიერი ვყოფილიყავი და საკუთარ სინდისთანაც მართალი.

– დღეს რას ეტყოდით ქალს, რომელიც ახლა მსგავს ურთიერთობაშია?

– ერთი კითხვა დაუსვას საკუთარ თავს: „თუ ხუთი წლის შემდეგაც ყველაფერი ზუსტად ასე იქნება, დავრჩები?“ თუ პასუხი „არაა“, მაშინ უნდა დაფიქრდეს, რატომ ხარჯავს ამ წლებს. მე ახლა ზუსტად ვიცი, რომ სიყვარული არ უნდა იყოს მუდმივი ლოდინი, არ უნდა იყოს საიდუმლო, არ უნდა იყოს მხოლოდ დაპირებები...

სიყვარული მაშინ არის ნამდვილი, როცა ადამიანი შენთან ყოფნას არა სიტყვებით, არამედ გადაწყვეტილებებითა და რეალური ქმედებებით ამტკიცებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი