გულახდილი საუბრები

როგორ იღებს ზოგიერთი ქალი ოჯახის დატოვების გადაწყვეტილებას

№25

ავტორი: დალი მიქელაძე 22:30

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

თანამედროვე ფსიქოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანის გადაწყვეტილებები პირად ურთიერთობებში მხოლოდ რაციონალურ ანალიზს არ ეფუძნება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ოჯახურ ურთიერთობებს ეხება. არჩევანი ხშირად განისაზღვრება არა მხოლოდ რეალური მდგომარეობის შეფასებით, არამედ ღრმად ფესვგადგმული ემოციური, სოციალური და კულტურული ფაქტორებით.

ქალის მიერ დესტრუქციული ან ემოციურად გამოფიტული ურთიერთობის დატოვების გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე რთული ფსიქოლოგიური პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ გარედან ხშირად აშკარად ჩანს, როდის არის ურთიერთობა დასრულებული, თავად ამ ურთიერთობაში მყოფი ქალისთვის გადაწყვეტილება გაცილებით კომპლექსურია.

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ურთიერთობის შეწყვეტის შიში ხშირად დაკავშირებულია არა მარტო პარტნიორის დაკარგვასთან, არამედ საკუთარი იდენტობის, სოციალური სტატუსის, სტაბილურობისა და მომავლის წარმოდგენის რღვევასთან. მაინც, რატომ რჩება ქალი ხშირად იქ, სადაც დიდი ხანია, აღარ არის ბედნიერი.

– რატომ ხდება, რომ ზოგჯერ ქალმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ვერ აკეთებს?

ლიკა (51 წლის): იმიტომ, რომ ცოდნა და მოქმედება ყოველთვის ერთ სივრცეში არ არსებობს. შეიძლება, ქალი აბსოლუტურად სწორად აცნობიერებდეს, რომ ურთიერთობა მისთვის საზიანოა. ხედავდეს, რომ კარგავს საკუთარ თავს, ენერგიას, სიმშვიდეს, ზოგჯერ თვითშეფასებასაც, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება, თურმე, მხოლოდ ლოგიკას არ ეფუძნება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე და გამოვიარე. აქ ერთვება შიში. შიში გაურკვეველი სიახლის, შიში მარტო დარჩენის, შიში იმისა, რომ „იქნებ ვცდები და იქნებ მეც არ ვარ მართალი“... ადამიანის ფსიქიკა ხშირად ირჩევს ნაცნობ ტკივილს, ვიდრე უცნობ თავისუფლებას.

– ანუ, ცუდ ურთიერთობაში დარჩენა უსაფრთხოების განცდას ქმნის?

– დიახ. ზუსტად ასეა. ძალიან პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ არაჯანსაღ ურთიერთობაშიც კი შეიძლება, არსებობდეს სტაბილურობის ილუზია. როცა წლებია, კონკრეტულ გარემოში ცხოვრობ, როგორი მტკივნეულიც უნდა იყოს ის, ფსიქიკა მას „ცნობილ ტერიტორიად“ აღიქვამს. განშორება კი ნიშნავს ყველაფრის თავიდან აწყობას და ბევრი ქალი სწორედ ამის შიშს ვერ უმკლავდება.

– საზოგადოებრივი ზეწოლა თუ თამაშობს რაიმე როლს?

– უზარმაზარს. ჩვენს კულტურაში ქალისთვის ოჯახი ხშირად მხოლოდ პირადი არჩევანი არ არის. ის უფრო სოციალური სტატუსია, იდენტობის ნაწილი და საზოგადოებრივი შეფასების საგანი. ჩვენს ცხოვრებას აკონტროლებს ისეთი ფრაზები, როგორიცაა: „ოჯახი ნებისმიერ ფასად უნდა შეინარჩუნო“, „ყველას აქვს პრობლემები“, „ქალს მეტი მოთმინება მართებს“... ეს ყველაფერი ჩვენს ფსიქიკაში ძალიან ღრმად ილექება და ხშირად მაშინაც კი, როცა წასვლა გინდა, შინაგანად, თავს დამნაშავედ გრძნობ.

– რატომ ეუფლება ბევრ ქალს განცდა, რომ ოჯახის დანგრევა პირადი მარცხია?

– იმიტომ, რომ ქალებს ხშირად ასწავლიან საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას. თუ ურთიერთობა ინგრევა, პირველი კითხვა, რომელსაც ქალი საკუთარ თავს უსვამს, ხშირად არის: „რა ვერ გავაკეთე სწორად?“ მერე ის იწყებს საკუთარი ქცევის გაანალიზებას. ფიქრობს: „იქნებ მეტი უნდა მომეთმინა“, „იქნებ უფრო მეტად უნდა მეცადა“... რეალურად კი ურთიერთობა ყოველთვის ორმხრივი პასუხისმგებლობაა.

– მაინც, რა არის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი?

– ემოციური მიჯაჭვულობა. როცა ქალი წლებია, ურთიერთობაშია, ის მიჯაჭვულია არა მხოლოდ ადამიანს, არამედ საერთო ისტორიას, მოგონებებს, იმედებს, მომავლის გეგმებს. ხშირად მას აღარ უყვარს არსებული რეალობა, მაგრამ უყვარს ის წარმოდგენა, რაც ამ ურთიერთობაზე ჰქონდა. და სწორედ ამ წარმოდგენას ვერ ემშვიდობება.

– ბავშვებიც ხომ ხშირად ხდება მიზეზი?

– ძალიან ხშირად. ბევრი ქალი ფიქრობს: „ბავშვებისთვის უნდა გავუძლო“. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული დილემაა. მაგრამ, რეალურად, ბავშვებისთვის გაცილებით საზიანოა მუდმივად დაძაბულ გარემოში ცხოვრება, ვიდრე ორი ცალ-ცალკე, მაგრამ ფსიქოლოგიურად ჯანსაღი მშობლის ყოლა.

ზოგადად, ადამიანს ძალიან უჭირს იმის აღიარება, რომ დიდი ემოციური ინვესტიცია უშედეგო აღმოჩნდა. ამიტომ ფსიქიკა ეძებს მიზეზს დარჩენისთვის: „კიდევ ერთხელ ვცდი“, „ამჯერად აუცილებლად შეიცვლება“... ეს არის მცდელობა, თავიდან აიცილო დანაკარგის ტკივილი. ბოლოს კი იწყება შინაგანი გამოფიტვა. თავიდან შენ მხოლოდ უბედური ხარ. შემდეგ მოდის ემოციური სიცარიელე. ბოლოს კი ხშირად საკუთარ თავთან კავშირიც იკარგება. ვეღარ ხვდება, სინამდვილეში რა უნდა.

აუცილებლად უნდა დაფიქრდე: თუ ურთიერთობას მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებ, რომ ცვლილების გეშინია, ეს უკვე მნიშვნელოვანი სიგნალია.

– რა არის პირველი ნაბიჯი?

– აუცილებელია საკუთარ თავთან გულწრფელობა. უნდა ჰკითხო საკუთარ თავს: „მართლა აქ მინდა ყოფნა თუ, უბრალოდ, წასვლა მაშინებს?“ ძალიან რთული კითხვაა, მაგრამ ხშირად სწორედ აქედან იწყება ცვლილება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი