გულახდილი საუბრები

შეყვარებულმა ვალებში გადამაგდო და ფულიან კაცში გამცვალა

№14

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 14.04, 2022 წელი

ურთიერთობა
დაკოპირებულია

სკოლის დამთავრების შემდეგ რაიონიდან დედაქალაქში წამოვედი სამუშაოდ. ფულს ჩემი შრომით ვშოულობდი. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და ვცდილობდი, საკუთარი თავისთვის მომეკლო და რასაც ვშოულობდი ჩემი ოჯახისთვის გამეგზავნა. ვოცნებობდი, წესიერი, პატიოსანი, მზრუნველი და მეოჯახე გოგონა გამეცნო, შემექმნა ოჯახი და შემდეგი მიზნებისთვის თავად მიმეღწია.

ერთ დღესაც ინტერნეტით ულამაზესი გოგონა გავიცანი. საღამოობით ვსაუბრობდით და ისე შემაყვარა თავი, ნანახიც არ მყავდა. მერე შეხვედრები დავიწყეთ და ისეთი საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე იყო, სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი. მასზე ფიქრით ღამეები არ მეძინა. მინდოდა, ჩემთან დედამიწის ზურგზე ყველაზე ბედნიერი ქალი ყოფილიყო. ვცდილობდი, საჩუქრებით გამენებივრებინა და ყოველ შეხვედრაზე ხან რას ვჩუქნიდი და ხან რას. ოჯახში ფულის გაგზავნას მოვუკელი და მთელ ჩემს შემოსავალს მის საჩუქრებსა და კაფეებში დაპატიჟებაში ვხარჯავდი. არ ვდარდობდი, პირიქით მიხაროდა, მის ღიმილიან სახეს რომ ვხედავდი. ვთხოვდი: გამაცანი შენი მეგობრები-მეთქი და სულ უარობდა. მაშინ ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავდი, ახლა კი ვხვდები, რატომაც არ უნდოდა, მათ გავეცანი. მითხრა: ჩემს მეგობრებს დაბადების დღეზე გაგაცნობ, მანამდე არ მინდა, ჩვენს ურთიერთობაში მესამე პირმა ჩაყოს ცხვირიო. კიდევ ვამბობ, მაშინ მისი ეს ნათქვამი ჭკვიანურად მომეჩვენა. ვიფიქრე: რა წინდახედული გოგოა, ალბათ, დაოჯახებას რომ გადავწყვეტთ, მაშინ გამაცნობს, რომ მანამდე ტვინი არ აუბნიონ და სწორადაც იქცევა-მეთქი. თურმე, სულ სხვა მიზნები და ფიქრები აწუხებდა. რცხვენოდა ჩემი გამოჩენა და ამიტომაც არავის მაცნობდა. მოკლედ, დაბადების დღე სიურპრიზად დავუგეგმე, ვალით აღებული ფულით ყველაფრის უმაღლეს დონეზე ორგანიზება შევძელი და საღამოს, 12 საათი რომ გახდა და მისი დაბადების დღე დადგა, დავურეკე, მივულოცე და სიურპრიზიც გავანდე. გადაირია სიხარულით. მინდოდა, დაბადების დღეზე მის ყველა მეგობართან ერთად ბედნიერი ყოფილიყო და თან, ოქროს ბეჭედი ვუყიდე, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირდა. ვფიქრობდი, ამ ბეჭდით მისი დანიშვნა გამოვიდოდა. იმდენად დარწმუნებული ვიყავი მის სიყვარულში, არ დამნანებია არც იმ რესტორანში გადახდილი ჩემი ექვსი თვის წინასწარ აღებული ხელფასი და არც იმ ბეჭედში გადახდილი საკმაოდ დიდი თანხა. რესტორნის ამბავი რომ ვუთხარი, სიხარულით გადაირია. თუმცა, როცა ვუთხარი, მეგობრები ექვს საათზე მივიდნენ, მე და შენ კი ცოტა დავაგვიანოთ, ეფექტი მოვახდინოთ-მეთქი, გაჩუმდა. მითხრა: უი, ეგრე არა, ხომ გთხოვე, ჯერ არ მინდა მათი გაცნობა-მეთქი. მეწყინა, მაგრამ დაბადების დღეზე არ მინდოდა, გული სტკენოდა და ჩავყლაპე. ვიფიქრე, ქეიფის მერე მივცემ ბეჭედს-მეთქი და შევთავაზე: მაშინ, იქიდან სახლში მე გაგაცილებ-მეთქი და ამაზეც უარი მითხრა. დავიბენი, მაგრამ ესეც „გავატარე“. როგორც აღმოჩნდა, მისმა მეგობრებმა ყველაფერი იცოდნენ ჩემ შესახებ, აბუჩად მიგდებდნენ, სოფლელს მეძახდნენ და დასცინოდნენ: ამ ტეტიას გვერდით როგორ დადიხარო. ეს მისმა დაქალმა სწორედ მაშინ მითხრა, როცა ჩემი საყვარელი გოგო ფულიან კაცზე დაინიშნა. რასაკვირველია, ეს ამბავიც დამიმალა და სოციალური ქსელით გავიგე. მანამდე, სულელური რაღაც მოიმიზეზა და გამებუტა. ვურეკე, ვწერე მესიჯები, ვეხვეწე, ვემუდარე, მაგრამ ხმას არ მცემდა. მერე კი ეს ამბავი გავიგე და მის მეგობარს მივწერე „ფეისბუქში“: თქვენ მე არ მიცნობთ და გამაგებინეთ, რა ხდება, მე ვუყვარდი და ასეთი რა ვაწყენინე, სთხოვეთ, დამირეკოს, დამელაპარაკოს, მითხრას, ეს კაცი ვინ არის-მეთქი. სწორედ მან მითხრა: სოფლელო ტეტია, ამ კაცს რაც ფული აქვს, იმის წონის მეოთხედი ხარ. მართლა გეგონა, რომ ჩემი დაქალი შენ შეგიყვარებდა? იაფფასიან საჩუქრებს რომ ჩუქნიდი, სანამ სახლში მიიტანდა, გზად ნაგვის ურნაში ყრიდა. არც ეცადო, რომ დაურეკო და დაეკონტაქტო, თხოვდება და მისი საქმრო გავლენიანი ადამიანია. შენსავით გაღლეტილი და უფულო, ნეტავ რაში სჭირდებაო. გული ჩამწყდა, ვიტირე, სიმწრისგან კედელს ვურტყამდი მუშტებს. იმას კი არ ვჩიოდი, რომ ვალები დამადო და სხვა კაცში გამცვალა, უბრალოდ, როგორ მატყუებდა და ჩემს გრძნობებზე თამაშობდა. არც დამირეკავს მასთან და არც დაკონტაქტება მიცდია. ფულიან, მასზე გაცილებით ასაკიან მამაკაცზე რომ გაგცვლის საყვარელი გოგო, მას რა უნდა უთხრა? უბრალოდ, სად გავამხილო, რომ ასე მიამიტურად მომატყუა, ვალები დამადო და მერე ისე მკრა ხელი, არც არაფერი ამიხსნა.

ვახო, 25 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი