გულახდილი საუბრები

შეიძლება თუ არა, მამაკაცი ყოფილ ცოლთან დაბრუნდეს და ახალი ოჯახი მიატოვოს

№5

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 14.02

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ოჯახის დანგრევის შემდეგ ადამიანები ისევ ეძებენ ბედნიერებას და სხვასთან ცდილობენ ურთიერთობის აწყობას. ზოგჯერ გამოდის ეს, ზოგჯერ არა. პრობლემა ისაა, რამდენად ახერხებ გათავისუფლდე წინა ურთიერთობისგან და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. თუმცა წარსულის ტრავმების მოშუშება მარტივი არ არის.

ლალიკო (34 წლის): ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემს ქმარს ვუყვარვარ. სხვა შემთხვევაში ამ ხუთი წლის განმავლობაში ისევ თავის ყოფილთან წავიდოდა, რადგან სიბრალული მისთვის უცხოა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ კი არ ვეცოდები, ვუყვარვარ.

– რომ არ უყვარდეთ, გაჩერდებოდით კაცთან, რომლისთვისაც სულერთი იქნებოდით?

– არ მგონია. ზედმეტად თავმოყვარე ვარ. როცა ის გავიცანი, ცოლს უკვე გაშორებული იყო. მისი ყოფილი ცოლის ვინაობაც ვიცოდი და ქუჩაშიც ბევრჯერ შემხვედრია. უნდა გამოვტყდე და, იშვიათი სილამაზისა და გემოვნების გოგო იყო.

– თვითონ ის ფაქტი, რომ თქვენამდე ცოლი ჰყავდა, არ გაღელვებდათ?

– სხვა რამე უფრო მაწუხებდა. ვაცნობიერებდი, რომ საქმე ღირსეულ მეტოქესთან მქონდა. რაღაც შეჯიბრივით იყო. საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ ვაძლევდი. სულ მეგონა, რომ ეს გოგო მის ცხოვრებაში ოდესმე ისევ გამოჩნდებოდა და მაშინ შესაძლოა, საყვარელი ადამიანი დამეკარგა.

– ქმრის ერთგულებაში ეჭვი გეპარებოდათ?

– ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ მისი ყოფილი ცოლის მაინც მეშინოდა.

– რატომ?

– ის, რომ ჩვენი ურთიერთობის დაკანონებას არ ჩქარობდა, გარკვეულწილად მაწუხებდა. ყველამ იცოდა, რომ ფაქტობრივად, ცოლ-ქმარი ვიყავით და, ადრე თუ გვიან, ამ ამბავს ქორწინებით დავაგვირგვინებდით. მპირდებოდა, რომ ჯვარს აუცილებლად დავიწერდით და ქორწილსაც გადავიხდიდით, მაგრამ ცოტა მოგვიანებით. მე კი ვჩქარობდი. სულ ვოცნებობდი, როგორი ქორწილი უნდა მქონოდა და რამდენი შვილი უნდა გვყოლოდა. მერე გავიგე, რომ ყოფილ ცოლს რამდენჯერმე შეხვდა.

– როგორ გაიგეთ?

– მისი მიმოწერები ვნახე. ვერ ვიტყვი, რომ შემთხვევით. მისი სააბაზანოში ყოფნით ვისარგებლე და შეტყობინებები გავხსენი. იმ ქალის ბოლო მესიჯი იყო, სწერდა: „კარგი, შევხვდეთ და დავილაპარაკოთ“. ვერ გადმოვცემ, რა დამემართა. გამოვიდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩემთან რომ ცხოვრობდა, პარალელურად, ყოფილი ცოლის დაბრუნებას ცდილობდა. ეს ღალატი იყო. უსიამოვნო განცდა დამრჩა. ვეღარ ვისვენებდი. სულ დაძაბული ვიყავი. ერთ დილით, როგორც წესი, გაღვიძებისთანავე სააბაზანოში შევიდა. მე ჯერ კიდევ ვიწექი. მოულოდნელად ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა, მისი არყოფნით ვისარგებლე და შეტყობინება გავხსენი. ისევ ყოფილი ცოლი იყო. სწერდა, ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთო. ვერც კი გადმოვცემ, რა დამემართა. გამოვიდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ ვანო ჩემთან ცხოვრობდა, პარალელურად ნინას დაბრუნებას ცდილობდა. ეს ღალატი იყო. თავს მოტყუებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი. დამალვას აზრი არ ჰქონდა, როცა ჩემი ქმარი სააბაზანოდან გამოვიდა, მივახალე, შეტყობინება წავიკითხე. ისევ ის გიყვარს. ამ ტყუილში არ ვიცხოვრებ, უნდა წავიდე-მეთქი.

სანამ ნივთებს ჩანთებში ვალაგებდი, ოთახიდან ოთახში დამდევდა და თავის მართლებას ცდილობდა, მაგრამ მე აღარაფერი მესმოდა. მოკლედ, დავშორდით და ცხოვრება ცალ-ცალკე გავაგრძელეთ. თუმცა ამას ცხოვრება არ ერქვა. პირველი ორი დღე ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მისი დანახვაც არ მინდოდა. მესამე დღეს ცოტა დავმშვიდდი და სინანული ვიგრძენი. იქნებ, მე ვერ გავიგე რამე სწორად-მეთქი, ვფიქრობდი. მომდევნო დღეებში საშინლად მომენატრა. ვფიქრობდი, რომ მოვიდოდა და პატიებას მთხოვდა, მეტყოდა, რომ ძალიან ვუყვარვარ და უჩემოდ არ შეუძლია, ცოტა ხანი ხომ არ გავატარეთ ერთადო. მაგრამ მისგან მხოლოდ დუმილს ვიღებდი, სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი. ვტიროდი სახლშიც და სამსახურშიც კი. დედამიწის ზურგზე არავინ და აღარაფერი მინდოდა.

– საბოლოოდ დაშორდით?

– მე მეგონა, რომ დავშორდით. მაგრამ ეტყობა, დრო დასჭირდა ყველაფრის გადასაფასებლად და გასააზრებლად, ერთ დღესაც სამსახურიდან გამოსვლისას შორიდან ვანოს მანქანა შევნიშნე და გული გამალებით ამიძგერდა. როცა მივუახლოვდი, თვალის არიდება და გვერდის ავლა ვიფიქრე, მაგრამ არ დამაცადა, მანქანიდან გადმოვიდა და გამაჩერა. სევდიანი იყო, დამელაპარაკეო, მთხოვა. გულმა ვერ მომითმინა და სალაპარაკოდ მანქანაში ჩავსხედით. მიყვარხარო, მითხრა პირდაპირ. ირონიულად ჩამეცინა, მაგრამ როცა თვალებში ჩავხედე, გულწრფელი მზერა დავიჭირე. ბევრს მელაპარაკა, ყველაფერში გამომიტყდა. შეუძლებელი იყო მისთვის გეყურებინა, მოგესმინა და მის ნათქვამში ეჭვი შეგეტანა. მართალია, მეგონა, ყოფილი ცოლი ისევ მიყვარდა, თურმე, ვცდებოდი. შენ სულ სხვანაირი ხარ, თბილი და საიმედოო. დიახ, მე საიმედო ვარ. კაცებისთვის ეს მნიშვნელოვანია და დღეს ნამდვილი ცოლ-ქმარი ვართ სამოქალაქო საბუთებითაც და უფლის წინაშეც. ვიცი, რომ ყოფილისკენ გული აღარასდროს გაუწევს. თან, ისიც უკვე გათხოვდა და საფრთხე აღარ მემუქრება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა