რა ხდება ქალის ცხოვრებაში მაშინ, როცა ტოქსიკური ურთიერთობა სრულდება
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 14.08
„ასეთ ასაკში რაღა დროს განქორწინება და ბედნიერებაზე ფიქრია?!“ – ეს ფრაზა, ალბათ, ყველა ქალს ერთხელ მაინც მოუსმენია, ვინც ორმოცდაათი წლის შემდეგ ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. ზოგს მეზობელმა უთხრა, ზოგს – ნათესავებმა, ზოგს კი საკუთარ თავთანაც კი ჰქონია ეს შეკითხვა და პასუხი ვერ უპოვია.
საქმე ისაა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს წარმოდგენა, რომ 50 წლის შემდეგ ქალი მხოლოდ შვილებსა და შვილიშვილებზე უნდა ფიქრობდეს, მშვიდად ცხოვრობდეს და არაფრის შეცვლა აღარ სურდეს. მაგრამ ცხოვრება სხვა მაგალითებს გვთავაზობს. ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვხვდებით ქალებს, რომლებიც სწორედ ამ ასაკში თავიდან იწყებენ ყველაფერს – გადადიან ახალ სამსახურში, სწავლობენ, მოგზაურობენ, იცვლიან გარეგნობას, პოულობენ ახალ სიყვარულს ან, უბრალოდ, პირველად ცხოვრობენ საკუთარი სურვილებით.
რა ხდება ქალის ცხოვრებაში, როცა ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პასუხისმგებლობები მცირდება? რატომ ამბობს ზოგიერთი ქალი, რომ განქორწინება მის ცხოვრებაში ყველაზე მძიმე, მაგრამ ამავე დროს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა? და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ბედნიერებისთვის აუცილებლად ოჯახის დანგრევაა საჭირო?
– ყველაზე გავრცელებული ფრაზით დავიწყოთ: როგორ გგონიათ, რატომ ამბობს ბევრი ქალი – „50 წლის შემდეგ პირველად დავიწყე ცხოვრება?“
მაკა (54 წლის): იმიტომ, რომ ძალიან ბევრ ქალს მანამდე საკუთარი ცხოვრება საერთოდ არ ჰქონია. მაგალითად, მე. ეს შესაძლოა, ძალიან მკაცრად ჟღერდეს, მაგრამ ხშირად სწორედ ასეა. ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ ჯერ კარგი შვილი უნდა ვიყოთ, შემდეგ – კარგი მეუღლე, შემდეგ – კარგი დედა, მერე – კარგი რძალი, კარგი თანამშრომელი, კარგი ბებია... მოკლედ, ყველასთვის კარგი, გარდა საკუთარი თავისა. ამ უსასრულო სიაში ვიკარგებით ისე, რომ თავადაც ვერ ვგრძნობთ.
– ანუ ქალი წლების განმავლობაში საკუთარ სურვილებს გვერდზე დებს?
– ხშირად ასეა. წარმოიდგინეთ, 25 წლის ქალი ქორწინდება. 30 წლისთვის უკვე ორი შვილი ჰყავს. შემდეგ იწყება სკოლა, გაკვეთილები, გამოცდები, სტუდენტობა... ამას ემატება სამსახური, ოჯახის ფინანსები, მშობლები – უკვე ჯანმრთელობის პრობლემებით... და უცებ გადის 25 წელი, ისე მალე გადის, რომ უკან მოხედვასაც კი ვერ ასწრებ. ერთ დღეს კი დგები სარკის წინ და ხვდები, რომ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში საკუთარი თავისთვის ერთხელაც არ გიკითხავს :„მე რა მინდა?“
– მაგრამ რატომ ხდება, რომ სწორედ განქორწინების შემდეგ იწყება ასეთი გარდასახვა? ისე არ შეიძლება?
– ალბათ, ისეც შეიძლება. განქორწინება ბედნიერების გარანტია არ არის. ძალიან ბედნიერი ოჯახებიც არსებობს. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქალებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ ურთიერთობაში, სადაც სიყვარული დიდი ხნის წინ დასრულდა. მაგალითად, ჩემს შემთხვევაში იყო მხოლოდ ჩვევა, ვალდებულება, შიში, ფინანსური დამოკიდებულება, საზოგადოების აზრი... როცა ასეთი ურთიერთობა მთავრდება, პირველად გრძნობ, რომ თავისუფლად სუნთქავ.
– ხშირად ამბობენ, რომ 50 წლის შემდეგ მარტო დარჩენა საშიშია...
– რეალურად, ბევრ ქალს მარტოობა საერთოდ არ აშინებს. იცით, რისი ეშინიათ? კვლავ იმავე ურთიერთობაში დაბრუნების. მე, მაგალითად, სახლში მარტო რომ დავრჩი, პირველად გავიგონე, როგორ მღეროდნენ დილით ჩიტები. ეს ძალიან სიმბოლური იყო. არა იმიტომ, რომ ჩიტები პირველად ამღერდნენ, არამედ იმიტომ, რომ პირველად ვიყავი მშვიდად.
– ხშირად ასეთი ქალები გარეგნობასაც სრულიად იცვლიან... თქვენს, შემთხვევაში იყო ასე?
– მე ასე ვიტყოდი – ცვლილება იწყება შიგნიდან. ბევრი ქალისგან გაიგონებთ: „თმის შეჭრა მინდოდა, მაგრამ ქმარს არ მოსწონდა“, „წითელი კაბის ჩაცმა მინდოდა, მაგრამ მეტყვის, სასაცილო ხარო“, „მოგზაურობა მინდოდა, მაგრამ ამბობდა, ფულის ფლანგვააო“ და ასე წლების განმავლობაში ნელ-ნელა წყვეტ საკუთარი სურვილების ხმამაღლა თქმას... და როცა ეს შეზღუდვები ქრება, პირველი, რასაც აკეთებ, საკუთარი თავის დაბრუნებაა.
– საინტერესოა, რატომ აშინებს საზოგადოების ნაწილს ბედნიერი, თავისუფალი ქალი?
– იმიტომ, რომ თავისუფალი ადამიანი ძნელად სამართავია. როცა ქალი აღარ ცხოვრობს მხოლოდ სხვისი მოლოდინებით, ის იწყებს საკუთარი წესებით ცხოვრებას. ბევრ კაცს ეს არ მოსწონს. ბევრ ქალსაც, სხვათა შორის. ხშირად ისმის: „რას ჰგავს?“ „ამ ასაკში ასე ჩაცმა შეიძლება?“ „ნეტავ, ვის ეპრანჭება?”... სინამდვილეში კი, ქალი, შესაძლოა, საერთოდ არავის ეპრანჭება. უბრალოდ, პირველად მოსწონს საკუთარი ანარეკლი სარკეში. ეს კულტურული სტერეოტიპების შედეგია. რეალურად, ამ ასაკში +50-ს ვგულისხმობ, უკვე გაქვს გამოცდილება, დამოუკიდებლობა და გაცილებით მეტი თვითშემეცნება. თუ ურთიერთობა წლების განმავლობაში ტვირთად იქცა, მისი დასრულება ზოგჯერ ახალი ცხოვრების დასაწყისი ხდება. ეს არ ნიშნავს, რომ განქორწინება ბედნიერების ფორმულაა. უბრალოდ, ზოგჯერ თავისუფლება საკუთარი თავის დაბრუნებაში გეხმარება. მე, მაგალითად, უკვე შემიძლია ვთქვა – „ახლა პირველად ვცხოვრობ ისე, როგორც მინდა“.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





