გულახდილი საუბრები

სამი შვილი სხვადასხვა კაცისგან მყავს და სამივეს მამა პატრონობს

№50

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 22.12, 2022 წელი

30 წლის ქალი
დაკოპირებულია

ვიცი, ბევრს არ მოეწონება ჩემი ცხოვრების განვლილი გზა, მაგრამ მე კმაყოფილი ვარ. 

გამიმართლა კიდეც და თავს ბედნიერ ქალად ვგრძნობ. მართალია, ყველა გოგონა ოცნებობს თეთრ საქორწინო კაბაზე, მყუდრო ოჯახსა და მზრუნველ ქმარზე და არც მე ვიყავი გამონაკლისი, მაგრამ როგორც ცხოვრებამ მაჩვენა, ისე ვიცხოვრე და ნამდვილად ვერ დავიწუწუნებ. სამი ანგელოზივით შვილი მყავს და ეს მთავარი სიმდიდრე და სიამაყეა ჩემთვის. მერე რა, რომ არც ერთი არ არის კანონიერი ქორწინებიდან და სამივე სხვადასხვა კაცისგან გავაჩინე? ამაში დასაძრახისს ვერაფერს ვხედავ. მეოთხე კურსზე ვიყავი, გაუაზრებლად რომ გავყევი ცოლად ისეთ ბიჭს, რომელიც არ მიყვარდა. ძველბიჭობდა და არ ვიცი, რით მოვიხიბლე. მაგრამ, დროულად მივხვდი, მის გვერდით დიდხანს ვერ ვიცხოვრებდი და არც ხელი მოვაწერე, არც ჯვარი დავიწერე და არც ქორწილი გადავახდევინე. სულ, ექვსი თვე ვიცხოვრე მასთან და მშობლების სახლში ოთხი თვის ორსული დავბრუნდი. ბავშვი რომ გავაჩინე, ვფიქრობდი, მას გავზრდიდი, კარიერას შევიქმნიდი და ჩვენ ორნი მშვიდად ვიცხოვრებდით. თუმცა, გავიცანი მამაკაცი, რომლითაც მოვიხიბლე და მასთან გატარებული რამდენიმე კვირის მერე, ორსულად დავრჩი. სხვათა შორის, არ იყო წინააღმდეგი, ცოლად მოვეყვანე, მიუხედავად იმისა, რომ შვილი მყავდა, მაგრამ უარი ვუთხარი. გავაჩინე მეორე შვილი და შევთანხმდით, რომ მას ყოველთვის ექნებოდა მისი ნახვის უფლება და არასდროს დავუშლიდი მამას შვილთან ურთიერთობას, რაც არ უნდა დაძაბულიყო ჩვენ შორის სიტუაცია. ასე გრძელდება დღემდე. სამსახურიც მიშოვა მეორე შვილის მამამ და ნაქირავები ბინის ქირასაც ის გვიხდიდა. სამსახურში კი, ჩემს უფროსს გაუჩნდა ჩემდამი ინტერესი. არც მალავდა. მართალია ცოლიანი იყო, მაგრამ საჩუქრებით მანებივრებდა, ხშირად მირეკავდა, მეპატიჟებოდა რესტორნებში. ბოლოს იმდენი ქნა, მაინც დავთანხმდი მასთან ურთიერთობას. მესამედ რომ დავრჩი ორსულად, ბავშვის მოცილება მინდოდა. თუმცა, არ დამიმალავს ჩემი ორსულობა უფროსისთვის. ვიფიქრე, ისიც ბავშვზე უარს იტყოდა, თუმცა მითხრა: იმდენად მიყვარხარ, თუ გინდა გააჩინე ბავშვი, არაფერს მოვაკლებ, უბრალოდ, ჩემი ცოლის ყურამდე არ მივიდეს ეს ამბავიო. დღემდე არ იცის მისმა ცოლმა, რომ მის ქმარს ჩემთან ოთხი წლის შვილი ჰყავს. თან, ცოლთან ორი გოგო ჰყავს და ბიჭი რომ გავუჩინე, გადაირია სიხარულით. მართლა არაფერს აკლებს. სამივე შვილს სხვადასხვა გვარი აქვს, მამის გვარებს ატარებენ. იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ არც ერთმა არ უარყო ისინი და დღემდე სამივე თავის შვილს კითხულობს, ეხმარება და როგორც შეუძლიათ მხარში მიდგანან. თუ ავად გახდა რომელიმე, ეგრევე მამამისს ვურეკავ და გამორბიან. გვერდიდან არ გვცილდებიან. რაც ყველაზე მთავარია, სამივე ბავშვს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარს და უერთმანეთოდ ერთ წამს ვერ ძლევენ. მართალია, კანონიერ ქორწინებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ნამდვილად ბედნიერი ქალი მქვია - სამი შვილი მყავს, სამივეს მამა არაფერს აკლებს, მეც მხარში მიდგანან, სამსახურიც მაქვს და ყველა პრობლემას ადვილად მიგვარებს სამივე მამაკაცი. ალბათ, ესეც ჩემი ბედისწერაა. ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, ყველა ჯანმრთელად მიმყოფოს და მეტი არაფერი მინდა. ჩემმა ბავშვობის დაქალმა მითხრა ერთხელ: გოგო, არ გრცხვენია ნათესავების, ახლობლების ან მეზობლების, სამივე შვილი რომ სხვადასხვა კაცისგან გყავსო. რის უნდა მრცხვენოდეს? შვილები რომ მინდოდა და გავაჩინე? რა აზრი აქვს, ფარატინა ფურცელზე ვისთან მოვაწერდი ხელს. ბავშვებს მამის გვარი აქვთ და არც მათგან აკლიათ დახმარება. გათხოვება რომ მნდომოდა, არ გამიჭირდებოდა, თუმცა თავად ავირჩიე ეს გზა. ბედნიერი დედა მქვია - არც საჭმელი და ჩასაცმელ-დასახური მაკლია და არც სამსახურში პატივისცემა. ერთადერთი, საკუთარი ბინის ყიდვა ვერ მოვახერხე და ამაზე ვდარდობ. მაგრამ, იმედი მაქვს, ამაშიც გამიმართლებს. ნელ-ნელა მოვაგროვებ ფულს და შვილებს აუცილებლად საკუთარი ჭერი ექნებათ.

ნანუკა, 37 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი