რატომ არ არის ოჯახურ ურთიერთობებში საჭირო ქალისგან თავგანწირვა
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 30.10
ეს არის ინტერვიუ ქალთან, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი სურვილები, კარიერა, ინტერესები და პირადი სივრცე ოჯახური სიმშვიდის სანაცვლოდ დათმო, მაგრამ ერთ დღეს აღმოაჩინა, რომ ის „იდეალური ცოლი და დედა“, რომლის შექმნასაც მთელი ცხოვრება ცდილობდა, არც ქმარს და არც შვილებს აღარ სჭირდებოდათ.
ოჯახურ ურთიერთობებზე საუბრისას ხშირად გვესმის სიტყვები – „თავგანწირვა“, „მოთმინება“, „ოჯახისთვის ყველაფრის გაკეთება“. განსაკუთრებით ქალებს ასწავლიან ბავშვობიდან, რომ კარგი მეუღლე და დედა, პირველ რიგში, სხვების საჭიროებებზე უნდა იყოს ორიენტირებული. უპირველესად ქმრის სურვილები, შვილების კომფორტი, სახლის სიმშვიდე და მხოლოდ ამის შემდეგ – საკუთარი თავი. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც საკუთარი თავის მუდმივი უარყოფა სიყვარულის ნაცვლად დამოკიდებულებას, ზრუნვის ნაცვლად კონტროლს, ხოლო თავგანწირვას – ურთიერთობისგან ემოციურ დაშორებას იწვევს?
– ლიკა, როდის გადაწყვიტეთ, რომ „იდეალური ცოლი“ უნდა ყოფილიყავით?
– ალბათ, ქორწინების პირველივე დღეებიდან. ასე აღმზარდეს და ყოველთვის მეგონა, კარგი ცოლი ნიშნავს იმას, რომ ქმარს არაფერი უნდა აკლდეს. ვცდილობდი, მისთვის ყოველთვის კარგი განწყობა დამეხვედრებინა, მისი სურვილები წინასწარ გამომეცნო, სახლში ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო. თუ დაღლილი იყო, არაფერს ვთხოვდი; თუ მეგობრებთან გასვლა უნდოდა, არასდროს ვეუბნებოდი უარს; თუ რამე არ მომწონდა, ხშირად ვჩუმდებოდი, რადგან ვფიქრობდი, ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის-მეთქი. მაშინ მართლა მეგონა, რომ სწორედ ეს იყო სიყვარული.
– და თქვენი სურვილები?
– ნელ-ნელა გაქრა. სიმართლე რომ გითხრათ, თავიდან არც შემიმჩნევია. ადრე ვმუშაობდი, მეგობრებთან ხშირად დავდიოდი, მქონდა ჰობი. მინდოდა, კიდევ მესწავლა, მემოგზაურა, საკუთარი საქმე დამეწყო. მერე ბავშვები გაჩნდნენ და ყველაფერი თითქოს ბუნებრივად შეიცვალა. სხვა პრიორიტეტები გაჩნდა. მაგრამ ყველაზე რთული ის იყო, რომ ცვლილებას მე თვითონ ვუჭერდი მხარს, ვფიქრობდი: „ახლა ოჯახია მთავარი“. ასე გავიდა ერთი წელი, მერე ხუთი, მერე... ათი.
– ქმარი აფასებდა თქვენს თავგანწირვას?
– სხვათა შორის, თავიდან – კი. მეუბნებოდა, რომ ძალიან მზრუნველი ვიყავი, რომ ჩემნაირი ცოლი იშვიათია. ეს სიტყვები კიდევ უფრო მარწმუნებდა იმაში, რომ სწორად ვიქცეოდი. მაგრამ რაღაც მომენტში ყველაფერი შეიცვალა. ერთ დღეს მითხრა, შენთან ყოფნა ძალიან დამღლელიაო. ეს სიტყვები დღემდე მწარედ მახსოვს. ვკითხე, როგორ შეიძლება ამის თქმა, ყველაფერს ხომ შენთვის ვაკეთებ-მეთქი. მიპასუხა: სწორედ ეგ არის პრობლემა – ყველაფერს ჩემთვის აკეთებ, მაგრამ ზედმეტი ზრუნვით პირად სივრცესაც აღარ მიტოვებო. მაშინ ძალიან გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ უმადური იყო. წლების განმავლობაში საკუთარ თავს ვაკლებდი ყველაფერს და ახლა მეუბნებოდა, რომ ეს ყველაფერი ზედმეტი იყო.
– ანუ, ეს „ზედმეტი ზრუნვა“ რას ნიშნავდა?
– ალბათ, მისთვის ყველაფრის გაკეთებას. თვალებში ვუყურებდი. თუ სადმე მიდიოდა, ვეკითხებოდი, რა ჩაეცვა. თუ სახლში აგვიანებდა, ვურეკავდი. მის განწყობას მუდმივად ვაკვირდებოდი. ახლა რომ ვიხსენებ, მგონია, რომ ის ჩემი ასეთი მოქცევით შევზღუდე და მართლა აღარ დავუტოვე პირადი სივრცე. მე კი ამას სიყვარულს ვეძახდი.
– შვილებთან რა შეიცვალა?
– ეს ბევრად უფრო მტკივნეული აღმოჩნდა. მათაც ყველაფერი გავუკეთე. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ზოგჯერ ეს არ იყო ის, რაც რეალურად სჭირდებოდათ. ერთხელ ჩემმა ქალიშვილმა მითხრა: დედა, შენ ჩვენთვის ყველაფერი გააკეთე, მაგრამ აღარ არის საჭირო, შენ თვითონ არასდროს ყოფილხარ ბედნიერი. ეს გეტყობა და ჩვენ ამას განვიცდით. სჯობს შენს თავზე იზრუნოო.
– ანუ, შვილები უკმაყოფილო იყვნენ თქვენი „იდეალურობით“?
– დიახ. მათ უნდოდათ, დედას თავისი ცხოვრება ჰქონოდა. მე კი მინდოდა, ყველა პრობლემა ჩემთან მოეტანათ, ყველა გადაწყვეტილებაში მივხმარებოდი, ყველაფრისთვის მე ვყოფილიყავი პასუხისმგებელი. მე მეგონა, ეს მზრუნველობა იყო. მათ კი კონტროლად აღიქვეს.
– ფიქრობდით, რომ თქვენი თავგანწირვა ოჯახის მხრიდან აუცილებლად დაფასებული უნდა ყოფილიყო?
– დიახ, ვფიქრობდი, რომ უნდა დაეფასებინათ. ალბათ, სწორედ აქ დავუშვი მთავარი შეცდომა. ვფიქრობდი: თუ კარგი ცოლი ვიქნები, ქმარი არასდროს დამშორდება. თუ კარგი დედა ვიქნები, მადლიერი შვილები ყოველთვის ჩემთან იქნებიან. თუ ყველაფერს გავაკეთებ, აუცილებლად ყოველთვის ვიქნები საჭირო. მაგრამ ბოლოს მივხვდი: საჭიროდ ყოფნა და საყვარელი ერთი და იგივე არ არის.
– დღეს თქვენი ქორწინება როგორია?
– ჯერ კიდევ ერთად ვართ, მაგრამ ძველი ურთიერთობა აღარ გვაქვს. ახლა პირველად ვსწავლობ, როგორ ვიყო მისი ცოლი ისე, რომ მხოლოდ ცოლი არ ვიყო. ვუბრუნდები ჩემს ინტერესებს. ისევ ვმუშაობ. მეგობრებს შევხვდი. მარტო მოგზაურობაც კი დავიწყე. და რაც მთავარია, ნელ-ნელა მიქრება დანაშაულის განცდა, რომ თითქოს ოჯახს ვღალატობ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





