მამამთილის უაზრო საქციელების გამო ქმართან ურთიერთობა დამეძაბა
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.11
წლების წინ, როცა მე და ჩემმა ქმარმა დაოჯახება გადავწყვიტეთ, ორივეს მშობლები გვერდით დაგვიდგენენ, ბინაც ცალკე გვიყიდეს, გაგვირემონტეს და ყველანაირი ავეჯითა თუ ტექნიკით მოგვიწყვეს. მანქანაც გვიყიდეს და რაც შეეძლოთ, გვერდით გვედგნენ. პირველი ბავშვი რომ გაგვიჩნდა, არაფერი დაიშურეს, ფინანსურადაც დაგვეხმარნენ და საჩუქრებითაც აგვავსეს.
მეორე შვილის დაბადებაზეც იგივე მოხდა. ერთი სიტყვით, გარდა იმისა, რომ ფინანსურად და მატერიალურად ნორმალურად ვიყავით, ურთიერთობაც გადასარევი გვქონდა. თუმცა, ერთ დღეს, ყველაფერი თავდაყირა დადგა და ამაში მთავარი როლი ჩემს მამათილს მიუძღვის. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თურმე ვიღაც გოგოსთან დადიოდა. იმ ქალბატონმა იფიქრა: შვილს გავუჩენ და მთელი ცხოვრება მისი ფულებით უზრუნველად ვიცხოვრებო. ყველაფერი წინასწარ დაგეგმა და შეუდგა მოქმედებას. უკვე ფეხმძიმობის მეოთხე თვეში იყო, ჩვენ რომ ეს ამბავი გავიგეთ. ჩემი დედამთილი კინაღამ ნერვიულობას გადაჰყვა. მამამთილი ისე იყო დაბნეული, აღარ იცოდა, რა ექნა და ჩემს ქმარს, ყოველდღე აკითხავდა სამსახურში, რომ ჩვენ მათი საუბარი არ გაგვეგო. იმ გოგომ კი იმდენი ქნა, ბავშვის გაჩენამდე ბინაც აყიდვინა და ყოველთვიურად საკმაოდ დიდ თანხებს ითხოვდა. თურმე, ჩემს მამამთილს აშანტაჟებდა: ორსულს კვლევები მჭირდება, კარგი კვება, ბავშვისთვის ნივთები, საწოლი, ჩასაცმელი, ათასი რამ და თუ არ გინდა, გამოვააშკარავო შენი საიდუმლოებები, რაც მე ჩამიკაკლე, ნება იბოძე და მოგვხედე მეც და ბავშვსაცო. ჩემი მამამთილიც ყურმოჭრილი მონასავით ემსახურებოდა და ყველა სურვილს უსრულებდა. კი მიკვირდა, ასე რომ იქცეოდა, მაგრამ მივხვდი, იმ გოგომ ისეთი რამ იცოდა, რაც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო და არ უნდოდა სხვებს გაეგოთ. ბინა რომ ეყიდა მისთვის, საკუთარი ბინა გაყიდა, თანხა გაყო და თავისთვის შედარებით პატარა, მას კი საკმაოდ კარგი ბინა უყიდა დიდუბეში. ჩემს ქმარს მაშინ მოუვიდა მამასთან კამათი. ეუბნებოდა: მე ცოლთან და ორ შვილთან ერთად, ოროთახიან ბინაში ვცხოვრობ და შენ ვის უყოფ ქონებას, ასე რანაირად გაშანტაჟებს ან რა საიდუმლო იცის, იქნებ ჩვენც გვითხრაო. მოკლედ, ამ ნერვიულობამ იმდენად დაძაბა ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა, რომ დღე არ გადიდოდა, მე და ჩემს ქმარს არ გვეკამათა. მხოლოდ ფინანსებზე არ იყო საუბარი, იმაზე ვგიჟდებოდი, რომ იმ გოგომ ყველაფერი შეასრულებინა ამ კაცს და იმდენი ქნა, ჩვენს შორის ცუდი დამოკიდებულება შექმნა. ჩემმა დედამთილმა პირველად რომ გაიგო ეს ამბავი და სახლიდან გამოაგდო, ჩვენთან იჯდა ვაჟბატონი. მისგან ერთხელაც არ მიგრძნია სინანული, რომ მეფიქრა, კაცი შეცდა და ნანობს-მეთქი. ჩემს ქმარს რომ ვეუბნებოდი, განერვიულებული მპასუხობდა: კაცია და ვერ გამოხატავს, თორემ როგორ არ განიცდისო. ერთი სიტყვით, ჩემი მამამთილის გამო მე და ჩემს ქმარს ისე დაგვეძაბა ურთიერთობა, ხანდახან დღეები ისე გადის, რომ ერთმანეთს არ ველაპარაკებით. როგორც ვხვდები, ჩემი მამამთილი საბილოოდ, იმ გოგოსთან აპირებს საცხოვრებლად გადასვლას, ჩემი დედამთილი კი – ჩვენთან. მითხრა კიდეც: წაბრძანდეს სადაც უნდა, გავყიდოთ ჩვენი ორივე ბინა, ერთი დიდი ფართი ვიყიდოთ და ვიცხოვროთ ერთად, მე არ ვაპირებ მისი სისულეეების ატანასო. ეს რომ ჩემს ქმარს ვუთხარი, წარბიც კი არ შუეხრია, გაჩუნდა და გაიარა. არადა, ვფიქრობდი, ჩემთვის წყნარად ვცხოვრობ, როცა მინდა, ვდგები, ვწვები, ვალაგებ-მეთქი და ახლა, დედამთილთან ერთად ცხოვრებას როგორ შევეგუო? მოკლედ, აღარ ვიცი რა მოხდება. ყველა თავის საქმეს იწყობს და მე შუაში ვარ გაჭედილი. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ფაქტია, მომიწევს ხმის ამოღება. არც დედამთილთან ცხოვრება მინდა და არც ასეთი დაძაბული ურთიერთობა ქმართან, რადგან დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ჩემი შვილების ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებს.
დიანა, 36 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





