გულახდილი საუბრები

როგორ შეიძლება, ქალს უყვარდეს მამაკაცი ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს

№43

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 06.11

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ეს არის გულწრფელი და პროვოკაციული ინტერვიუ ქორწინებაზე, ეჭვიანობაზე, პირად თავისუფლებაზე, ქალის დაკარგულ იდენტობასა და იმ უხილავ საზღვარზე, რომლის მიღმაც სიყვარული ზოგჯერ კონტროლად იქცევა. რა ხდება, როცა სიყვარული პატიმრობას ემსგავსება – „სად მიდიხარ? ვისთან ერთად? როდის დაბრუნდები? რატომ არ მითხარი წინასწარ? რატომ გჭირდება მეგობრებთან წასვლა, თუ მე გყავარ? ერთი შეხედვით, ეს კითხვები შესაძლოა, მზრუნველობის გამოხატულებად მოგვეჩვენოს – თითქოს ადამიანს, უბრალოდ, აინტერესებს საყვარელი ადამიანის ცხოვრება, სურს იცოდეს, სად არის, ვისთან ატარებს დროს, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც მზრუნველობა მეთვალყურეობად იქცევა, ეჭვიანობა – აკრძალვად, ხოლო სიყვარული – უხილავ ციხედ, რომლის კარიც ხშირად თავად პატიმარს აქვს ჩაკეტილი.

მაკა (45 წლის): ჩვენ ხშირად გვასწავლიან, რომ ქორწინება ყველაფრის გაზიარებაა: ერთი სახლი, ერთი ბიუჯეტი, საერთო გეგმები, საერთო მეგობრები, საერთო შაბათ-კვირა და, თითქოს, ერთი მთლიანობად ქცეული ცხოვრება. მაგრამ სადღა რჩება უფლება, ზოგჯერ მარტო ყოფნა გინდოდეს, მეგობართან წახვიდე, სხვა ინტერესები გქონდეს ან ისეთი რამ განიცადო, რასაც იმწამსვე მეუღლესთან გაზიარება არ გსურს?

საქმე მხოლოდ იმაში არ არის, უნდა ჰქონდეს თუ არა დაქორწინებულ ადამიანს საკუთარი ცხოვრება. საკითხავია, როგორ განვასხვავოთ თავისუფლება გულგრილობისგან, ნდობა – გულუბრყვილობისგან, ხოლო ერთგულება – საკუთარი თავის უარყოფისგან.

ოცი წელი ვიცხოვრე იმ რწმენით, რომ კარგი ცოლი ყველაფერს მეუღლესთან ერთად უნდა აკეთებდეს, სანამ ერთ დღესაც არ აღმოვაჩინე, რომ ოჯახი მქონდა, მაგრამ საკუთარი ცხოვრება თითქმის აღარ გამაჩნდა.

– როდის მიხვდით, რომ პრობლემა მხოლოდ მეუღლის ეჭვიანობა აღარ იყო?

– ალბათ, მაშინ, როცა დაქალების დაბადების დღეზე წასასვლელად სამი დღე ვემზადებოდი, როგორ მეთქვა ქმრისთვის ისე, რომ არ გაბრაზებულიყო. წინასწარ ვარჩევდი სიტყვებს, ვუხსნიდი, ვინ იქნებოდა იქ, რამდენ ხანს დავრჩებოდი, რატომ მინდოდა წასვლა. ბოლოს კი ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც დანაშაულს ჩავდიოდი. სწორედ იმ დღეს მითხრა: „შენ ოჯახი გაქვს, უკვე პატარა გოგო აღარ ხარ, რომ დაქალებთან ირბინო“. იცით, რა იყო ყველაზე მტკივნეული? ამ სიტყვებში რაღაც ნაცნობი აღმოვაჩინე. მეც ზუსტად ასე ვფიქრობდი საკუთარ თავზე. მეგონა, გათხოვების შემდეგ ქალის სურვილები თავისთავად უნდა შემცირებულიყო.

იმ საღამოს არ წავედი. სახლში დავრჩი, ვივახშმეთ, ტელევიზორს ვუყურეთ. გარეგნულად ყველაფერი მშვიდად იყო. მაგრამ ღამით, როცა ქმარს ეძინა, ვტიროდი. ვერ ვხსნიდი, რატომ მტკიოდა ასე ძალიან ერთი უბრალო დაბადების დღის გამოტოვება. მოგვიანებით მივხვდი: მე იმ წვეულებას კი არ ვტიროდი. ვტიროდი იმ ქალს, რომელიც ნელ-ნელა აღარაფერს ითხოვდა, რადგან წინასწარ იცოდა, რომ მისი სურვილი ვიღაცას გააღიზიანებდა.

– თქვენი მეუღლე ყოველთვის ასეთი იყო? თუ თავადაც შეცვალეთ თქვენი ქცევა წლების განმავლობაში?

– არ მინდა ისე წარმოვაჩინო, თითქოს თავიდანვე მონსტრი იყო, მე კი სრულიად თავისუფალი და ბედნიერი ქალი. როცა ერთმანეთი გავიცანით, მისი ყურადღება ძალიან მომწონდა. მირეკავდა, მეკითხებოდა, სად ვიყავი, როგორ მივედი სახლში. თუ ვინმე სხვა მამაკაცი შემომხედავდა, ეჭვიანობდა. მაშინ ეს სასიამოვნოდ მეჩვენებოდა. ჩემი აზრით, ასეთი ეჭვიანობა ნიშნავდა, რომ ძალიან ვუყვარდი. ნელ-ნელა დავიწყე უარის თქმა ყველაფერზე, რაც მას არ მოსწონდა. ჩემი სამყარო თანდათან ჩვენი სახლის კედლებში ჩაეტია. მაგრამ წლების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მე ოჯახური ცხოვრების გამო კი არ დავკარგე ჩემი ინტერესები, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი სურვილები მუდმივად მეორეხარისხოვნად მივიჩნიე. დიდხანს მხოლოდ მას ვადანაშაულებდი. მერე კი საკუთარ თავსაც დავუსვი კითხვა: რატომ ვერ ვთქვი უარი? რატომ ვცდილობდი, ნებისმიერ ფასად შემენარჩუნებინა სიმშვიდე? მივხვდი, რომ კონფლიქტის ძალიან მეშინოდა.

– როგორ გადაწყვიტეთ, რომ ამ წესებით ცხოვრება აღარ შეგეძლოთ?

– ჩემი დაბადების დღის წინა კვირას მეგობრებმა ორდღიანი მოგზაურობა დამიგეგმეს. მეუღლეს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა, მაშინვე გაბრაზდა. მითხრა, რომ ეს უპატივცემულობა იყო, რომ ოჯახი არ მაინტერესებდა და რომ გათხოვილ ქალს ასეთი ქცევა არ შეშვენოდა. მაინც წავედი.

– დაბრუნებულს როგორ დაგხვდათ მეუღლე?

– ცივად. საუბარი მარტივი არ ყოფილა. მან მითხრა, რომ შევიცვალე. და მე ვუპასუხე: „დიახ, შევიცვალე. ადრე ყველაფერზე ვთანხმდებოდი, ახლა კი ვცდილობ, საკუთარი აზრიც მქონდეს“. ჩემმა ქმარმა მკითხა – „თუ ერთმანეთის გარეშე ბედნიერები ვართ, მაშინ რისთვის ვართ ერთად?“

– თქვენი პასუხი რა იყო?

– ჩემთვის ჯანსაღი ურთიერთობა ნიშნავს, რომ ორივე პარტნიორს აქვს თავისუფლება და ორივეს აქვს პასუხისმგებლობა. არა მხოლოდ თავისუფლება ერთისთვის და არა მხოლოდ მოვალეობები მეორისთვის-მეთქი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი