როგორია ურთიერთობა ფულით, მაგრამ უსიყვარულოდ
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.09

რამდენად მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ფინანსური სტაბილურობა და რამდენად — გრძნობები? ეს კითხვა ბევრ ქალსა და მამაკაცს უჩნდება. უფრო ხშირად კი ქალები დგებიან ხოლმე ამ არჩევნის წინაშე – ჰქონდეს ფინანსური უზრუნველყოფა თუ იცხოვროს სიყვარულში, რადგან ეს ორივე ერთად ყოველთვის არ გამოდის. დიახ, სიყვარული ყველაზე მშვენიერი რამ არის, მაგრამ თუ მატერიალური უზრუნველყოფა არ უმაგრებს ზურგს, ყოფითი პრობლემები აუცილებლად „მოკლავს “ მას. რატომ ვერ ჩაანაცვლა ფულმა სიყვარული და რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მშვიდად და დაბალანსებულად ვიცხოვროთ.
ლიკა (47 წლის): ყველა მეუბნება, რომ ჩემს მდგომარეობას ინატრებდა: მაქვს წარმატებული ბიზნესი, ფინანსური თავისუფლება, ბრენდები კარადაში, მოგზაურობები... მაგრამ შინაგანად ყოველთვის ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. სითბო, ემოციური მხარდაჭერა, სიახლოვისგან ბედნიერების განცდა, რასაც მხოლოდ სიყვარულით იღებ. ეს სიყვარული კი არ მაქვს და ვცდებოდი, როცა მეგონა, რომ მის გარეშე გავძლებდი.
– რატომ გადაწყვიტეთ, რომ ფინანსური უზრუნველყოფა საკმარისი იქნებოდა?
– ალბათ, იმიტომ, რომ ახალგაზრდობაში სტაბილურობა ძალიან მჭირდებოდა. მეგონა, თუ გვერდით ფინანსურად ძლიერი ადამიანი მეყოლებოდა, დანარჩენი თავისით მოგვარდებოდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ ურთიერთობას მხოლოდ მატერიალურ კომფორტზე ვერ ააგებ. წლები დამჭირდა ამის გასაგებად.
– რას გრძნობთ ამ ურთიერთობაში?
– დავიწყებ იმით, რომ ფული ბევრ საკითხს ამარტივებს, მაგრამ ემოციურ კავშირს ვერ ცვლის. როცა ადამიანი შენ გვერდით არის, მაგრამ არ გაქვს გულწრფელი სიახლოვე, თავს მარტო გრძნობ. ეს მარტოობა ბევრად მძაფრია და წლებთან ერთად მტკივნეულიც, ვიდრე უბრალოდ მარტო ცხოვრება. ანუ, შეგიძლია, იყიდო კომფორტი, უზრუნველყო შენთვის და შენი ოჯახის წევრებისთვის უსაფრთხოება, მოგზაურობა, ლამაზი ნივთები... მაგრამ არის რაღაც, რასაც ფულით ვერასოდეს ჩაანაცვლებ – ეს არის გულწრფელი ემოციური კავშირი.
შევეცდები უკეთესად ავხსნა – როდესაც გვერდით გყავს ადამიანი, მაგრამ მასთან ვერ გრძნობ სიახლოვეს, საუბარი ზედაპირულია და ემოციები – ნიღბის ქვეშ დამალული. შინაგანად თავს უფრო მეტად მარტოდ გრძნობ, ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა საერთოდ არავინ გყავს. ასეთი მარტოობა ორმაგად მძაფრია – თითქოს ხარ ურთიერთობაში, მაგრამ შენი სული მაინც უიმედოდ ცარიელია. წლები ამ განცდას კიდევ უფრო მტკივნეულს ხდის. ასაკის მატებასთან ერთად, მატერიალური წარმატება აღარც ისე ბევრ სიხარულს იწვევს, თუ არავინ გყავს, ვისთანაც შეგიძლია გულახდილად გაიზიარო ეს ბედნიერება. სწორედ ამ დროს ადამიანი აცნობიერებს, რომ სიყვარულის გარეშე ფული მხოლოდ ფულია, რომელიც შინაგან სიცარიელეს ვერ ავსებს.
– რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ – ფულის გარეშე სიყვარული დიდხანს ვერ ძლებს, ანუ, ურთიერთობაში მატერიალური კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია?
– გეთანხმებით. როცა გშია და ტანზე არ გაცვია, სიყვარული შეიძლება; აღარც გაგახსენდეს. ურთიერთობაში მთავარი ბალანსია. სიყვარული და ფული ერთმანეთის საწინააღმდეგო არ არის, ორივე საჭიროა, მაგრამ ერთ-ერთი რომ აკლდეს, ბედნიერება მაინც არასრული იქნება. ფულზე ზედმეტი აქცენტი გრძნობებს ჩრდილავს. დღეს ჩემთვის მთავარი გახდა, რომ ურთიერთობაში ვიყო იქ, სადაც სითბო და პატივისცემაა. დანარჩენი თანდათან მოდის.
– რას ურჩევთ იმ ქალებს, ვინც არჩევანის წინაშეა? ფული თუ სიყვარული?
– თუ ეს არჩევანი მხოლოდ ორ რადიკალურ პოლუსს შორის არის – ან სიყვარული უქონლობის ფონზე, ან ფული სიყვარულის გარეშე, მაშინ პასუხის გაცემა გამიჭირდება. ყოველთვის შეიძლება, ოქროს შუალედის პოვნა. ჩემი რჩევაა – ნუ უგულვებელყოფთ გრძნობებს. ფინანსური სტაბილურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ გადააქცევთ მას ერთადერთ კრიტერიუმად. თუ ემოციური ნაწილი არ არსებობს, ყველაზე ძვირფასი ბეჭედიც კი საბოლოოდ დაკარგავს ღირებულებას.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ფინანსები და სიყვარული ურთიერთობაში ერთდროულად გვჭირდება. ფული ქმნის სტაბილურობას, მაგრამ სწორედ სიყვარული აძლევს ცხოვრებას ფერსა და სიხარულს. ყველაზე დიდ ინვესტიციად მაინც ურთიერთობები რჩება. ანუ, საბოლოოდ მაინც სიყვარულს ეკუთვნის ბოლო სიტყვა. მე ჩემს ურთიერთობას ვერ დავასრულებ და სიყვარულს ვეღარ დავუწყებ ძებნას. ასე მგონია, რომ უკვე გვიანია. გოგონებს კი ვურჩევ. ჯობს, გქონდეთ ნაკლები ფული და მეტი სიყვარული!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან