ქმარმა თავის ოჯახში დამტოვა და თავად საყვარლის ბინაში გადავიდა საცხოვრებლად
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 04.06
გარიგებით გავთხოვდი, თუმცა, ისე შემიყვარდა ჩემი მეორე ნახევარი, ასე მეგონა, მის გარეშე სუნთქვას ვერ შევძლებდი. სანამ ცოლად მომიყვანდა, თავადაც იმავეს მეუბნებოდა, თუმცა, რაც მის ოჯახში ფეხი შევდგი, იმის მერე, სიტყვა „მიყვარხარ“ მისგან არ მსმენია. მე კი ისე მიყვარდა, მზად ვიყავი, მისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე წავსულიყავი. მიყვარხარო არ მეუბნებოდა, თუმცა სულ მიმეორებდა: მინდა, ბევრი შვილი გვყავდეს, მიყვარს მრავალშვილიანი ოჯახებიო. თავადაც მრავალშვილიან ოჯახში იყო გაზრდილი და მეგონა, ისეთივე მამა და ქმარი იქნებოდა, როგორიც მამამისია.
ჩემი ქმრის ოჯახიც და სანათესაოც საკმაოდ კარგი ხალხია. ყველას ძალიან ვუყვარვარ და დიდ პატივს მცემენ. რასაც ჩემს ქმარზე ვერ ვიტყვი. ერთი სიტყვით, ოთხი შვილი გავაჩინე, არ გვილხინდა, მაგრამ მინდოდა, მეუღლისთვის მესიამოვნებინა. თანაც ანგელოზივით ბავშვები არიან და კიდევ რომ მოეცა ღმერთს, აუცილებლად გავაჩენდი. ჩემმა ქმარმა კი მამობის სიხარულიც ვერ შეირგო, ხასიათი შეეცვალა, სახლში იშვიათად იყო, იმიზეზებდა, სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ და კიდევ ბავშვების ხმაური თავს მატკიებს, დასვენება მინდა და მირჩევნია, ჩემს საძმაკაცოში გავატარო დროო. მიკვირდა, თავად უნდოდა ბევრი შვილის მამობა და ასე რამ შეცვალა-მეთქი. თუმცა, აღმოჩნდა, მიზეზი ბავშვები კი არა, სხვა ქალი ყოფილა. ვერ ვიტყვი, ოჯახს რამეს აკლებდა-მეთქი, ყველაფრით ცდილობდა, უზრუნველყოფილი ვყოფილიყავით და მართლაც თავდაუზოგავად შრომობდა, მაგრამ როდის ასწრებდა და ახერხებდა, ამის პარალელურად, სხვა ქალთან ყოფნას, აზრზე ვერ მოვდივარ. ეს ამბავი, შემთხვევით გავიგე. დამირეკა და მითხრა: ჩემს ძმაკაცს დაბადების დღე აქვს და იქ უნდა წავიდე, დამაგვიანდებაო. მეც დავუჯერე, ეჭვიც არ შემპარვია. გვიან, ბავშვები რომ დავაძინე, ვიფიქრე, სადღეღამისო მაღაზიაში ჩავალ, ხვალისთვის პროდუქტს ვიყიდი, რომ საუზმე, სადილი და ვახშამი მოვამზადო და მერე, ბავშვების ხელში რომ ვეღარ მოვახერხო, სჯობს, ახლა წავიდე-მეთქი. მძინარე ბავშვები დედამთილს დავუტოვე და მაღაზიაში ჩავედი. გავიხედე, მისი ის ძმაკაცი, ვის დაბადების დღეზეც, წესით, უნდა ყოფილიყო ვაჟბატონი, იქ დამხვდა, რაღაცებს ყიდულობდა. გაოგნებული სახით რომ მივუახლოვდი, მომესალმა და მკითხა, რა გჭირს, ხომ კარგად ხართ, სახეზე ფერი არ გადევსო. მილოცვა მინდოდა და კიდევ კარგი, თავი შევიკავე, მივხვდი, არ ჰქონდა დაბადების დღე, მაღაზიაში ისიც ჩემსავით პროდუქტის საყიდლად იყო შემოსული, თანაც სახლის ფორმაში. ვუთხარი: არაფერი მჭირს, უბრალოდ, ბავშვებმა გადამღალეს და თან, ჩემი ქმარიც იგვიანებს და ხომ არ იცი სად არის, მითხრა ძმაკაცებთან მივდივარო. რასაკვირველია არ იცოდა, სად იყო და მითხრა: რომელიმე ძმაკაცთან იქნება. არ ინერვიულო, სად წავა, მოვა სახლშიო. მოკლედ, დავემშვიდობე. ვიყიდე, რაც მინდოდა და სახლში დავბრუნდი. არასოდეს ვურეკავდი, რადგან გაფრთხილებული ვყავდი, როცა ძმაკაცთან ვარ, ნუ მირეკავო. რა მომასვენებდა, დავურეკე და ყურმილი რომ აიღო, ქალის ხმა ისმოდა, ვიღაცას ისიც ტელეფონით ესაუბრებოდა. ვკითხე, სად ხარ-მეთქი და კინაღამ ტელეფონის ყურმილში გამოძვრა: ხომ გითხარი, სადაც ვარ, რას მირეკავ, მეტი საქმე არ გაქვს, მიხედე ბავშვებსო და ყურმილი დამიკიდა. მივხვდი, ქალთან იყო და მატყუებდა. სახლში დაბრუნების შემდეგ კამათი მოგვივიდა. ვუთხარი, მისი ის ძმაკაცი რომ ვნახე, ვისთანაც ვითომ ბრძანდებოდა. იმ დღიდან სიტუაცია დაგვეძაბა და ურთიერთობა ჩიხში შევიდა. იქამდე მივედით, ჩაალაგა ტანსაცმელი და სახლიდან წავიდა. მე კი არა, მისი ოჯახის წევრები და სანათესაოც დღემდე შოკშია. დამტოვა ოთხი შვილით მის სახლში და თვითონ საყვარელთან გადავიდა. ფულს გვიგზავნის, ბავშვებს კი სკოლასა და ბაღში იშვიათად აკითხავს, თანაც რამდენიმე წუთით. მის მშობლებს, დედმამიშვილებსა და მე საერთოდ არ გვკითხულობს. ნამდვილად არ შევეხვეწები დაბრუნებას – არ მჭირდება კაცი, რომელიც თავის ოჯახს ასე მოექცევა, მაგრამ ნამდვილად მიკვირს მისი საქციელი. როგორ სძინავს ღამით, როცა იცის, ბავშვები ელოდებიან და კითხულობენ, როდის მოვაო. ვინმეს რომ ეთქვა, ოთხი შვილით მიგატოვებს ქმარიო, სასაცილოდ არ მეყოფოდა. ახლა კი ვხვდები, რომ ბავშვები არ არის კედელი, მამაკაცი შეაჩეროს და ოჯახი არ დაინგრეს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, დავრჩი მარტოხელა დედა ქმრის ოჯახში, სადაც ნამდვილად პატივს მცემენ, მაგრამ საყვარელი ადამიანი, ქმარი არ მიდგას გვერდში.
ნინო, 36 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





