რას გრძნობს ქალი, რომელსაც ქმარი უახლოესმა დაქალმა წაართვა
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 12.06
ქალებს შორის მეგობრობა ხშირად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ემოციურ კავშირად მიიჩნევა. ეს არის სივრცე, სადაც ადამიანები საკუთარ ტკივილს, საიდუმლოებებს, შიშებსა და ყველაზე ინტიმურ განცდებს ანდობენ ერთმანეთს.
თუმცა ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ღალატის ყველაზე მძიმე ფორმა ყოველთვის სიყვარულში არ ხდება. ზოგჯერ ყველაზე მტკივნეული დარტყმა სწორედ იმ ადამიანისგან მოდის, ვისაც უპირობოდ ენდობოდი. რატომ ხდება, რომ ზოგიერთი ქალი სხვის ოჯახში სწორედ „მეგობრის“ სტატუსით შედის და შემდეგ მხოლოდ საკუთარი ზრახვების განმხორციელებლად გვევლინება.
რატომ ვერ ამჩნევს ადამიანი დროულად მანიპულაციას, ფსევდოემპათიასა და ემოციურ შეჭრას? რატომ არის მეგობრის ღალატი ხშირად უფრო მტკივნეული, ვიდრე პარტნიორის და რას გრძნობს ქალი, რომელმაც ერთდროულად დაკარგა ქმარიც და საუკეთესო მეგობარიც?
– როდის გაიცანით ის ქალი, რომელიც შემდეგ თქვენი ოჯახის ნაწილი გახდა?
მანჩო (45 წლის): დაახლოებით, ათი თორმეტი წლის წინ. უნდა აღვნიშნო, რომ იმ პერიოდში ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული ეტაპი იყო. სწორედ ამ დროს გამოჩნდა, თითქოს, დასახმარებლად. მაშინ მართლა ვფიქრობდი, რომ მხსნელად მომევლინა. ძალიან ყურადღებიანი იყო. მზრუნველი. ყურადღებით მისმენდა. თან, ყოველთვის ჩემს მხარეს იდგა. ამიტომაც, ოჯახში ყველა ჩხუბის შემდეგ პირველი მას ვურეკავდი. ვთხოვდი, გამოსავლის პოვნაში დამხმარებოდა. დღეს რომ ვფიქრობ, ალბათ, ზედმეტად ბევრი იცოდა ჩემს ოჯახზე.
– ანუ, ქმართან პრობლემები ამ ქალის გამოჩენამდეც გქონდათ? ან ოდესმე გიგრძნიათ, რომ თქვენს ქმართან ზედმეტად ახლოს იყო?
– პრობლემები მეტ-ნაკლებად იყო. რაც შეეხება ამ ქალის მიმართ ნდობას – თავიდან არანაირი ეჭვი არ მქონია მისი მხრიდან ერთგულებაზე. პირიქით… იმდენად ვენდობოდი, რომ ცუდზე საერთოდ არ მიფიქრია. ახლა ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს საკუთარ თავში. ასეთი ბრმა და გულუბრყვილო როგორ ვიყავი.
როცა ქალი შენს სახლში თავისუფლად დადის, შენს შვილებს ეფერება, შენს პრობლემებზე „ნერვიულობს“ – ლოგიკურად ბოლო, რასაც უნდა ელოდე, ღალატია.
– როგორი იყო მისი თქვენს მიმართ ყოველდღიური დამოკიდებულება?
– ფაქტობრივად, იდეალური. ყოველთვის მეუბნებოდა: „შენნაირი ქალი ძალიან ცოტაა, ამას მერე შენი ქმარიც დაინახავს“, „შენი ქმარი, უბრალოდ, დაიღალა“, „ყველა კაცს აქვს რთული პერიოდი, მალე ყველაფერი კარგად გექნებათ“... დღეს ვხვდები, რომ ამ დროს ნელ-ნელა ჩემს რეალობას მინგრევდა. ის არასოდეს ამბობდა პირდაპირ ცუდს, მაგრამ ყოველთვის ისე საუბრობდა, რომ საკუთარ თავში ეჭვი შემეტანა. კარგად შემუშავებული გეგმით მოქმედებდა.
– როდის მიხვდით, რომ რაღაც ნამდვილად ხდებოდა?
– მოდი, სიმართლე ვთქვათ, რომ ქალები ამას ყოველთვის გრძნობენ. უბრალოდ, არ აღიარებენ, საკუთარ თავსაც არ უმხელენ. მეც დიდხანს ვიყავი სირაქლემას პოზაში. ერთ დღეს კი ოთახში შევედი და უცნაური სიჩუმე დამხვდა. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მაგრამ უკვე ყველაფერი იგრძნობოდა. ატმოსფერო დამძიმდა და ჩამუქდა. აი ამის შემდეგ უკვე დავიწყე დეტალების შემჩნევა.
– რა იყო ეს დეტალები?
– ეს იყო შეტყობინებები, რომელიც ჩემს ქმარს აცბუნებდა; მზერა – პერიოდულად რომ გამოვიჭერდი, ხოლმე; უცნაური დამთხვევები; ზედმეტი ჩართულობა ჩემს ოჯახში... ერთ დღეს კი სიმართლე, უბრალოდ, ვეღარ დამალეს.
– როგორ გაიგეთ?
– ჩემი ქმარი თვითონ გამომიტყდა. ალბათ, იმიტომ, რომ უკვე ყველამ იცოდა ჩემ გარდა. მახსოვს, პირველი რაც ვიგრძენი, ტკივილი კი არა, შოკი იყო.
შეიძლება ქმრის ღალატს როგორღაც ელოდე, მაგრამ როცა ამას შენი უახლოესი მეგობარი აკეთებს, მთლიანად ნდობის შეგრძნება გენგრევა.
– უფრო ვისზე გაბრაზდით?
– რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარზე. და არაფერია ამაში გასაკვირი. ქმარმა მიღალატა, როგორც კაცმა. მან კი მიღალატა, როგორც ადამიანმა, რომელსაც ყველა ჩემი ცრემლი ჰქონდა ნანახი. ემოციური კავშირი მქონდა მასთან. ეს სხვა დონის ღალატია.
– გქონდათ მომენტი, როცა საკუთარ თავს ადანაშაულებდით?
– სხვათა შორის, ძალიან დიდხანს. მეგონა, რომ ზედმეტად გულუბრყვილო ვიყავი. ვფიქრობდი: „როგორ ვერ მივხვდი?“ „რატომ მოვუშვი ასე ახლოს?“„რატომ ვუყვებოდი ყველაფერს?“ ღალატის შემდეგ ქალი ხშირად საკუთარ ინტუიციასაც კარგავს.
– დღეს რა არის ყველაზე რთული?
– ნდობის დაბრუნება. ახლა, როცა ვინმე ჩემ მიმართ ზედმეტად კეთილია, ავტომატურად ვეჭვდები. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთი ისტორიები ადამიანს სიყვარულს კი არა, ადამიანებისადმი რწმენას აკარგვინებს.
– გქონიათ სურვილი, მისთვის რამე ძალიან ცუდი გეთქვათ?
– თავიდან – ძალიან, ახლა – აღარ. მივხვდი, რომ ზოგი ადამიანი პასუხებს საერთოდ არ იმსახურებს.
– ქალებს რას ეტყოდით?
– არასოდეს აურიოთ თანაგრძნობა გულწრფელობაში. ყველა, ვინც თქვენს ტკივილს ისმენს, თქვენ მხარეს არ დგას. ზოგი ადამიანი ახლოს მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ თქვენი სისუსტეები უკეთ დაინახოს და ამით ისარგებლოს. და კიდევ – როცა ინტუიცია რაღაცას გეუბნებათ, საკუთარ თავს ნუ გააჩუმებთ. ქალები ხშირად სიმართლეს ყველაზე ადრე გრძნობენ. უბრალოდ, ბოლომდე არ უნდათ ხოლმე დაჯერება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





