გულახდილი საუბრები

რატომ რჩება ქალი იქ, სადაც ბედნიერი აღარ არის

№21

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 05.06

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ოჯახური ურთიერთობების კრიზისი თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული თემაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალი საკუთარ თავს მუდმივ ემოციურ დაძაბულობაში, გაუფასურებასა და შინაგან გამოფიტვაში ხედავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილებას მაინც ვერ იღებს.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ტოქსიკურ ან ემოციურად დამღლელ ურთიერთობაში დარჩენა ყოველთვის სისუსტეს არ ნიშნავს. ხშირ შემთხვევაში, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვილი შიშების, სოციალური ზეწოლის, ემოციური დამოკიდებულებისა და დაკარგვის შფოთვის შედეგი.

მაინც, რატომ რჩება ქალი იქ, სადაც უკვე აღარ არის ბედნიერი?

რატომ ხდება ზოგჯერ ტკივილი უფრო ნაცნობი და უსაფრთხო, ვიდრე ცვლილება? და რას კარგავს ადამიანი, როცა საკუთარ თავს მუდმივად უკან სწევს?

– როდის მიხვდით, რომ თქვენს ოჯახში ბედნიერი აღარ იყავით?

თინა (43 წლის): ალბათ, იმაზე ბევრად ადრე, ვიდრე საკუთარ თავთან ამის აღიარებას შევძლებდი. თავიდან ყველაფერს დროებით კრიზისს ვარქმევდი. ვფიქრობდი, რომ ყველა ოჯახში ხდება გაუცხოება, დაღლა, ჩხუბი… მაგრამ მერე მივხვდი, რომ სახლში დაბრუნება აღარ მიხაროდა. ყველაზე მძიმე სწორედ ამისი გაცნობიერება იყო. წარმოიდგინეთ, ცხოვრობდე ადამიანთან და მის გვერდით სიმშვიდის ნაცვლად დაძაბულობას გრძნობდე.

– რა იყო ყველაზე მტკივნეული?

– სიმარტოვის განცდა. უცნაურია, მაგრამ ყველაზე მარტო თავს სწორედ მაშინ ვგრძნობდი, როცა ქმართან ერთად ვიყავი. შეიძლება, მთელი დღე ერთად ვყოფილიყავით და მაინც ვგრძნობდი, რომ მისთვის საერთოდ არ ვარსებობდი. მერე ნელ-ნელა საკუთარ თავსაც ვეღარ ვცნობდი. პიროვნულ კრიზისამდე მივედი.

– თუ ასე მძიმედ იყო ყველაფერი, რატომ არ წახვედით?

– იმიტომ, რომ წასვლა გარედან ბევრად მარტივი ჩანს, ვიდრე შიგნიდან. როცა წლებია, ოჯახში ცხოვრობ, როცა ქმარი, შენი ყველაზე ახლობელი ადამიანი ხდება, ყველაფერი ერთმანეთში იხლართება: ბავშვები, ფინანსები, ჩვევა, საერთო წარსული… და მერე, ერთ დღეს, ხვდები, რომ წასვლით მხოლოდ კაცს კი არა – მთლიან ცხოვრებას ტოვებ. ეს ძალიან მაშინებდა.

– ყველაზე მეტად რის გეშინოდათ?

– ალბათ, მარტო დარჩენის. საზოგადოების... მათი მხრიდან იგნორირებისა და ბულინგის. ჩვენთან ქალს დღემდე ისე უყურებენ, თითქოს ოჯახის შენარჩუნება მისი მთავარი პასუხისმგებლობა იყოს. მეშინოდა, რომ ხალხი მეტყოდა: „ქმარი მაინც გყავდა“, „ყველა ოჯახში ასე ხდება“, „ქალი ხარ და ცოტა უნდა მოითმინო“...

და ყველაზე ცუდი, იცით, რა არის? როცა ამ სიტყვების დაჯერებას თავად იწყებ.

– იყო მომენტი, როცა საკუთარ თავს ადანაშაულებდით?

– მუდმივად. სულ მეგონა, რომ პრობლემა ჩემში იყო, რომ ზედმეტად ემოციური ვიყავი, ზედმეტს ვითხოვდი… ზედმეტად მგრძნობიარე ვიყავი. ქალი ძალიან დიდხანს იტანს, სანამ საბოლოოდ იტყვის: „მორჩა, მეტი აღარ შემიძლია...

– რა ხდება ქალის შიგნით, როცა ყოველდღიურად იტანს იმას, რაც ტკივილს აყენებს?

– ნელ-ნელა ქრება პიროვნულად და ეს უცებ არ ხდება. უბრალოდ, ერთ დღეს ხვდები, რომ აღარ იცინი ისე, როგორც ადრე. აღარ გაქვს ენერგია, აღარ გახარებს არაფერი. და ყველაზე საშინელი ის არის, რომ ამ მდგომარეობას ეჩვევი.

– ისევ გიყვარდათ თქვენი ქმარი?

– ალბათ, ისე არა, როგორც ადრე. უფრო სწორად, მგონია, რომ ჩემი სიყვარული დიდი ხნის წინ გადაიქცა პასუხისმგებლობად, მოვალეობად, შიშადაც კი. მე კი მაინც სიყვარულს ვეძახდი. მერე მივხვდი, რომ ხშირად ადამიანები ერთად სიყვარულის გამო აღარ ცხოვრობენ, ისინი ერთად ცხოვრობენ იმიტომ, რომ დაშლა აშინებთ.

– რა გახდა გარდამტეხი მომენტი?

– ერთ საღამოს სარკეში საკუთარ თავს შევხედე და მივხვდი, რომ შინაგანად ვკვდებოდი. როგორ გითხრათ... თითქოს, ჩემში სიცოცხლე გაქრა. იმ მომენტში პირველად შემეშინდა არა ოჯახის დანგრევის, არამედ საკუთარი თავის დაკარგვის.

– დღეს რას ეტყოდით ქალს, რომელიც იმავე მდგომარეობაშია?

– იმას, რომ საკუთარი ტკივილის გაუფასურება არ შეიძლება. თუ ყოველდღიურად ცუდად ხარ, ეს „ნორმალური ოჯახური ცხოვრება“ არ არის.

და კიდევ: ძალიან მნიშვნელოვანია გაიგო, რომ ქალს არ ევალება საკუთარი სიცოცხლის, საკუთარი ღირსების ფასად ოჯახის შენარჩუნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი