გულახდილი საუბრები

ნახევარ საუკუნეს გადაცილებული მივხვდი, რა ყოფილა ნამდვილი ქალური ბედნიერება

№22

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 11.06

ქალის ამბავი
დაკოპირებულია

ყოველთვის მჯეროდა, რომ სიყვარულში გამიმართლებდა. მიუხედავად საპირისპირო სქესთან მწარე გამოცდილებისა, მაინც, გულის სიღრმეში მწამდა, რომ გამოჩნდებოდა ადამიანი, ვის გვერდითაც ბედნიერი ვიქნებოდი. თუმცა, წლები გადიოდა და ასეთი არავინ ჩანდა.

ორჯერ მქონდა სერიოზული ურთიერთობა მამაკაცთან. უბრალოდ, ხელი არ მქონდა მოწერილი და არც ჯვარი დაგვიწერია, თორემ ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრე, ერთთან ხუთი წელი, მეორესთან კი – რვა წელიწადი, რამდენიმეწლიანი შუალედით. ვიფიქრე, პირველი გამოცდილებიდან ვისწავლე სიფრთხილე და დაკვირვება, მაგრამ მეორედაც შევცდი, ვწელავდი დროს, არ მინდოდა დაშორება, მაგრამ იმდენად ტოქსიკური ურთიერთობა გვქონდა, ბოლოს მაინც დავშორდით. მისგან შვილი დამრჩა და მადლობა ღმერთს, მამამისს არ ჰგავს, ხასიათებით მე დამემსგავსა. რასაკვირველია, მამასთან არ ვუშლი ურთიერთობას და ხშირად ხვდებიან ერთმანეთს. ერთი სიტყვით, ძალიან რთულია, როცა ბედში არ გიმართლებს. მაგრამ, კიდევ ვამბობ, იმედი არასდროს დამიკარგავს, სულ ვფიქრობდი, რომ გამოჩნდებოდა ჩემს ცხოვრებაშიც ადამიანი, ვისთანაც ნამდვილ ქალურ ბედნიერებას ვიგრძნობდი. სწორედ ორმოცდაათი წლის ასაკში გამოჩნდა ასეთი და უკვე სამი წელია, ჩემი ცხოვრება ნამდვილ ზღაპარს დაემსგავსა. ის დაქორწინებული იყო. ახლა ცოლს დაშორებულია და შვილებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. ჩემთვისაც სასიამოვნოა, როცა ჩემი შვილი და მისი შვილები ასე მეგობრობენ, ერთმანეთის მესაიდუმლეები არიან და სიამოვნებთ ერთად გატარებული ყოველი წამი. ხელიც მოვაწერეთ და ახლა კანონიერი ქმრის გვერდით ვცხოვრობ. არავინ თქვას, ნამდვილი მამაკაცები აღარ არსებობენ, ყველა ერთმანეთს ჰგავსო. ეს ნამდვილად განსხვავებული ადამიანია, ნამდვილი მამაკაცური ხასიათით, ოჯახში აღზრდილი, მშრომელი, დამთმობი, მეოჯახე და მზრუნველი. ასეთი მამაკაცები ნამდვილად იშვიათია და უფლის მადლიერი ვარ, რომ მე შემახვედრა თანამეცხედრედ. ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით. დასავლეთში მივემგზავრებოდი მეგობრის დედის დასაფალვებაზე. შუა გზაში მანქანა გამიფუჭდა. რამდენიმე მანქანამ ისე ჩაიარა, არც კი შეიმჩნია ჩემი გასაჭირი. ბოლოს ეს ადამიანი გამოჩნდა, მანქანა გააჩერა, მოვიდა, ჩემი მანქანაც შეამოწმა... მოკლედ, თან გადამყვა – გამოიძახა ევაკუატორი, მანქანა უახლოეს ვულკანიზაციამდე გადაიყვანა და სანამ ბოლომდე არ დარწმუნდა, რომ კარგად შეაკეთეს, არ დავუტოვებივარ. გვიანი საღამო იყო, როცა დავემშვიდობეთ და ნომრებიც გავცვალეთ. თვითონ მითხრა: ნომერი დამიტოვეთ, რომ დაგირეკოთ და გავიგო როგორ ჩახვალთ. ვინერვიულებ, გაურკვევლობაში რომ ვიყოო. მეც არ მითქვამს უარი, ძალიან მომეწონა. თან, ხასიათს რომ თავი დავანებოთ, საკმაოდ მიმზიდველი, მამაკაცური გარეგნობა აქვს, უყვარს მოწესრიგებულად ყოფნა და სულ ფორმაშია. წლოვანებით, ჩემზე ხუთი წლით უფროსია, მაგრამ საკმაოდ კარგად გამოიყურება. ხშირად დავყავარ სპექტაკლებზე, საშოპინგოდ. ცდილობს, სახლის საქმეებშიც შემეშველოს და სულ იმ განცდაშია, რომ რაიმეთი მასიამოვნოს. მეც ვცდილობ, გავახარო და სიურპრიზებს ვუწყობ. ჩემს შვილზეც ისევე ზრუნავს, როგორც თავის შვილებზე. ამ ასაკში კი მეტი რა უნდა ვინატრო – გვერდით მყავს სასწაული მამაკაცი, შვილი, რომლისთვისაც ღირს ჩემი სიცოცხლე, ირგვლივ – ხალხი რომელიც პატივს მცემს და სახლში სიმშვიდე და იდილიაა.

ხათუნა, 52 წლის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი