გულახდილი საუბრები

ქმარს მეგობრების თანდასწრებით ხმის აწევა არ ვაპატიე და ოჯახი დავანგრიე

№23

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 18.06

გათხოვება, გულახდილი
საუბარი - tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

მე და ჩემი მეუღლე სიყვარულით დავქორწინდით. გააზრებული გვქონდა ის ნაბიჯი, რასაც ვდგამდით, ამიტომ, თანაცხოვრება არ გაგვჭირვებია. შეყვარებულობის პერიოდი ექვსი თვე გაგრძელდა, შემდეგ გვქონდა ნიშნობა, მერე – ქორწილი. ძალიან მინდოდა, ოჯახი ტრადიციის დაცვით შემექმნა და მერე შვილებისთვის მომეყოლა იმ ბედნიერი წუთების შესახებ. მოკლედ, ახალდაქორწინებულებს ქმრის მშობლებმა ახალაშენებულ კორპუსში გვაჩუქეს ბინა და ასე დავიწყეთ ოჯახური ცხოვრება.

საქმე გადანაწილებული გვქონდა. თუ სამსახურის გამო რამეს ვერ ვასწრებდი, მაგალითად, ჭურჭლის დარეცხვას ან სახლის დალაგებას, ჩემი მეუღლე მახვედრებდა გარეცხილს და დალაგებულს. ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავდი, პირიქით, მიხაროდა, რომ შეწყობილად ვცხოვრობდით, ყოველგვარი კლიშეებისა და „ეს კაცის საქმე არ არის“ გარეშე. ბავშვიც რომ გვეყოლა, კი გვეხმარებოდნენ მშობლები, მაგრამ მაინც დამოუკიდებლად ვზრდიდით. ერთ დღეს, ფეხბურთის ჩემპიონატი იყო და თამაშის საყურებლად ჩემი ქმრის მეგობრები ჩვენთან შეიკრიბნენ. ვიფიქრე, ბიჭებს გავახარებ-მეთქი და სიურპრიზად ლუდის, თევზისა და ჩიპსის მაგიდა მოვუმზადე. თეფშებზე რომ ვაწყობდი სუფრაზე გასატანად, ჩემი ქმარიც მეხმარებოდა. ერთი ძმაკაცი გადაეკიდა: მოდი, ბიჭო, დაჯექი, რას აკეთებს შენი ცოლი, დაალაგებს და მოგვიტანს, შენ უყურე, არ გამოგრჩეს მომენტებიო. რა თქმა უნდა, გავატარე მისი ეს ნათქვამი. ცოტა ხანში, ჩემმა ქმარმა იატაკზე დაყრილი ნამცეცების დაგვა რომ დაიწყო, ისევ მისმა ძმაკაცმა დაუძახა: კარგი რა, ბიჭო, რა კაცის საქმეა ცოცხი და აქანდაზი, დაჯექი, დამთავრდება და შენი ცოლი მიხედავსო. ესეც გავატარე. თან, ნერვები მეშლებოდა ჩემი ქმარი რომ პასუხს არ სცემდა. ბავშვს ეძინა და რომ გაიღვიძა ვაჭამე, საფენი გამოვუცვალე და მამამისს მივუყვანე, რომ ბავშვის საწოლის თეთრეული გამომეცვალა. ახალგაღვიძებული ბავშვი ჭიჭყინებდა და მამამისი ოთახში დაატარებდა. ისევ მისმა ძმაკაცმა გამოიდო თავი: აუ, რა გჭირს, ბიჭო, რა ქალოიასავით იქცევი? მიეცი დედამისს ბავშვი, მოდი ჩვენთან დაჯექი და უყურე წესიერად თამაშს. მართლა ქალივით ტრიალებ ოჯახში, რა დაგემართაო. აი, ეს კი ვეღარ მოვითმინე და გამოვენთე: ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის? რას ჰქვია ქალოიასავით? მამამ შვილი რომ აიყვანოს ხელში, რა პრობლემაა? ან ძირს დაყრილი რომ მოხვეტოს, რომ ისევ თქვენ არ ისხდეთ ნაგავში, ეს ქალოიობაა? ან რომ დაეხმაროს ცოლს ქმარი, რა გასაკვირია? დავიჯერო შენს ცოლს ისე ექცევი, რომ ყველაფერი მის ზურგზე გადადის და შენ ფეხი ფეხზე გადადებული ზიხარ-მეთქი? უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა, ბიჭები გაისუსნენ, უყურებდნენ ჩემს ქმარს და ელოდებოდნენ, როდის მეტყოდა გაჩუმდიო. ამანაც, არასოდეს რომ არ უთქვამს ჩემთვის საყვედური და ხმა არ აუწევია, ყვირილი დამიწყო: ხო, მართალია! ბიჭებთან ერთად მინდა ვუყურო ფეხბურთს და ხან რა დამავალე და ხან რა, ცოტა ხანი რომ მოითმინო და ბავშვს მიხედო, რა გახდაო! გავოცდი, ასე მეგონა, მომესმა ეს სიტყვები. გამოვგლიჯე ბავშვი ხელიდან, შევიყვანე საძინებელში და სანამ სახლში მისი ძმაკაცები იყვნენ, არ გამოვსულვარ. მერე კი ჩხუბი მოგვივივიდა, არ ვაპატიე ძმაკაცების თვალწინ ჩემი ასე დამცირება. თანაც, დამნაშავე რომ არ ვიყავი და ძმაკაცის ენას აჰყვა. რასაკვირველია, ბოდიშიც მომიხადა და ინანა კიდეც, მაგრამ მე ჩემს პრინციპს არ გადავედი და ოჯახი დავანგრიე. უკვე საკმაო ხანი გავიდა და დღემდე მეხვეწება შერიგებას, მაგრამ უარს ვეუბნები. თუ ოჯახი და წყნარი ცხოვრება უნდოდა, არ უნდა აჰყოლოდა ძმაკაცის ენას და არ უნდა ეკაცა მათ თვალწინ. ვერასოდეს ვიტანდი ცოლის დამამცირებელ კაცებს და ჩემს ქმარს ამას ვერ ვაპატიებ. თვალებიდან არ ამომდის ის სცენა და რომ მახსენდება როგორი შეურაცხყოფილი ვიყავი, ახლაც ცუდად ვხდები. არავის ვადანაშაულებ, მისი ძმაკაცი კი არა, ჩემი ქმარია დამნაშავე, რომ თავის ადგილას ვერ მოსვა ადამიანი, ვინც უხეშად და არაადეკვატურად ჩაერია ჩვენს ცხოვრებაში.

ნიაკო, 25 წლის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი