გულახდილი საუბრები

როგორ უნდა გადანაწილდეს ოჯახში როლები რეალურად და ვინ უნდა იყოს ლიდერი

№23

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 19.06

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

თანამედროვე ურთიერთობებში ძალაუფლების გადანაწილებაზე საუბარი უკვე აღარ არის მხოლოდ ფემინისტური დისკუსიის ნაწილი. ფსიქოლოგები, სოციოლოგები და ოჯახური ურთიერთობების სპეციალისტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმ უხილავ მექანიზმებზე, რომლებიც ოჯახში რეალურ გავლენებს განსაზღვრავს.

შესაძლოა, გადაწყვეტილებებს ფორმალურად კაცი იღებდეს, მაგრამ პრაქტიკაში ოჯახური სტაბილურობის მთავარი არქიტექტორი ხშირად სწორედ ქალი ხდება – ის აკონტროლებს ემოციურ კლიმატს, ინარჩუნებს კავშირებს, მართავს კრიზისებს, აგვარებს კონფლიქტებს და ცდილობს, ოჯახი ყოველდღიური დაშლისგან დაიცვას.

ბევრი ქალი ამას ხმამაღლა არც აღიარებს. ზოგს საერთოდ არ უნდა „ლიდერის“ როლი, მაგრამ რეალობა ხშირად სხვაგვარია – როდესაც ქალი ემოციურად „ითიშება“, ოჯახიც იწყებს ნგრევას.

არის თუ არა ეს ბუნებრივი გადანაწილება? რატომ ხდება ქალი ხშირად ურთიერთობის მთავარი სტაბილიზატორი და რატომ ფიქრობს ბევრი ქალი, რომ თუ თვითონ არ აკონტროლებს ყველაფერს, ოჯახი უბრალოდ დაიშლება.

– ხშირად ქალები ამბობენ: „თუ მე არ მივხედე, ეს ოჯახი, უბრალოდ, ვერ იარსებებს“. თქვენთვის ეს ფრაზა ნაცნობია?

ნანუკა (49 წლის): სამწუხაროდ, ძალიან ნაცნობია... და ყველაზე ცუდი იცით რა არის? თავიდან მე ამას სიყვარულს ვეძახდი. ალბათ, ჩემნაირი ქალი ბევრია. უბრალოდ, რეალობის გაცნობიერება უჭირთ. ჯერ გგონია, რომ უბრალოდ, ზრუნავ. ქალი ხარ და ცდილობ, ყველაფერი დალაგებული იყოს, არ იყოს კონფლიქტი, ბავშვებმა სტრესი არ იგრძნონ, ქმარი არ გადაიღალოს, სახლში სიმშვიდე სუფევდეს...

მერე, კი ერთ დღეს ხვდები, რომ შენ მარტო აღარ ზრუნავ – შენ უკვე მთელ სისტემას მართავ.

– ანუ ქალი ოჯახში მენეჯერი ხდება?

– ზუსტად. ოღონდ უხილავი მენეჯერი. რომლის შრომასაც ვერავინ ხედავს და არც აფასებს. ქალს უკვე ყველაფერი ახსოვს და სთხოვენ, რომ ახსოვდეს:

•კომუნალურები როდისაა გადასახდელი;

•სახლში რა მთავრდება;

•სკოლის ამბები;

•ბავშვების წრეები;

•დედამთილს რა აწყენინა;

•ქმარს რა ანერვიულებს;

•ოჯახში ვის ვისთან აქვს კონფლიქტი.

ყველაზე ირონიული იცით, რა არის? ბევრი კაცი ამას საერთოდ ვერ ამჩნევს. ეჩვევიან და ამაში დამნაშავე შენ ხარ.

– ბევრი ფიქრობს, რომ ქალი აუცილებლად წამყვანი უნდა იყოს?

– სიტყვა „წამყვანი“ ბევრს არასწორად ესმის. ეს არ ნიშნავს დიქტატორს, არ ნიშნავს კაცის დაჩრდილვას, მისი ფუნქციისა და როლის დაკნინებას. მაგრამ, რეალურად ქალი ხშირად ოჯახის ემოციური ცენტრია. და ეს ბუნებრივად ხდება. მერე კი, როცა ქალი ემოციურად ნადგურდება – ოჯახიც იწყებს რღვევას. ეს მარტო ჩემს ოჯახში კი არა, ძალიან ბევრ ოჯახში მინახავს.

– თანაც, არსებობს მოსაზრება, რომ „ძალიან ძლიერი ქალი“ კაცს აშინებს.

– დიახ, აშინებს. მაგრამ თან, კაცს უნდა ქალი, რომელიც პასუხისმგებლობას მთლიანად თვითონ აიღებს. ზოგ კაცს ძალიან მოსწონს ფრაზა: „შენ გარეშე ვერაფერს ვაკეთებ.“ ეს მის ეგოს კვებავს. მაგრამ რეალურად, როცა ქალი მართლა სუსტია და მართლა ვერ უმკლავდება ცხოვრებას, იმავე კაცს ეს აღიზიანებს.

კაცებს ხშირად უნდათ: ძლიერი ქალი… ოღონდ ისეთი, რომელიც საკუთარ ძალას ბოლომდე არ გამოიყენებს. არც გამოაჩენს.

– ანუ, მაინც ქალი უნდა აკონტროლებდეს ოჯახს?

– არა, კონტროლი სხვა რამეა. მაგრამ მიმაჩნია, რომ ქალი ხშირად უფრო შორს ხედავს. კაცი შეიძლება, დღევანდელ პრობლემაზე რეაგირებდეს. ქალი კი უკვე ფიქრობს: „ეს ყველაფერი ხუთ წელში სად მიგვიყვანს?“ ქალი ხშირად ემოციურად უფრო ფხიზელია.

– როდის მიხვდით, რომ თქვენს ოჯახში რეალურად თქვენ იყავით მთავარი ძალა?

– როცა ერთი კვირით, უბრალოდ, „გავთიშე თავი“: არავის შევახსენე არაფერი, არაფერი დავგეგმე, არაფერი დავალაგე ემოციურად... და იცით, რა მოხდა? სახლში ქაოსი დაიწყო. ყველას პრობლემა ჰქონდა. ქმარი გაღიზიანებული იყო, ბავშვები – დაძაბულები. მაშინ პირველად მივხვდი, რომ მე მარტო ცოლი არ ვიყავი. მე ვიყავი „სისტემა“, რომელიც ამ ყველაფერს ალაგებდა.

– და ეს არ არის დამღლელი?

– ძალიან დამღლელია. ქალების დიდი ნაწილი სწორედ ამ ემოციური გადაღლისგან ნადგურდება, იმიტომ, რომ ოჯახში ისინი ხშირად ფსიქოლოგებიც არიან, მედიატორებიც, ორგანიზატორებიც, დედებიც, ცოლებიც, მომმარაგებლებიც და თან, საკუთარ თავსაც უნდა მიხედონ. საზოგადოება ამას „ქალურ ბუნებას“ ეძახის, მაგრამ სინამდვილეში, ეს უზარმაზარი შრომაა.

– როგორ ფიქრობთ, კაცებმა ეს იციან?

– ბევრი ვერ აცნობიერებს. რადგან ქალის შრომა ხშირად უხილავია. თუ ქალი კარგად აკეთებს ყველაფერს, თითქოს ეს ბუნებრივია. თუ ერთ დღეს ვეღარ აკეთებს, მაშინ იწყება პრეტენზიები.

– როგორ გგონიათ, რატომ რჩებიან ქალები ამ მდგომარეობაში?

– იმიტომ, რომ ქალებს ბავშვობიდან გვასწავლიან: „ოჯახი უნდა შეინარჩუნო“. მერე ქალი იმდენად ეჩვევა ყველას გადარჩენას, რომ საკუთარი თავის გადარჩენა ავიწყდება.

– და მაინც, როგორი უნდა იყოს ქალი ოჯახში?

– ჭკვიანი. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. არც ზედმეტად მსხვერპლი და არც მუდმივად მებრძოლი. ქალს უნდა ესმოდეს, რომ ოჯახს მარტო სიყვარულით ვერ შეინარჩუნებ. მას სჭირდება ემოციური ინტელექტი, საზღვრები, სტაბილურობა და ზოგჯერ ძალიან რთული გადაწყვეტილებებიც.

— და კაცის როლი?

– კაციც აუცილებლად უნდა იყოს პასუხისმგებლიანი. როცა ქალი მარტო უძღვება ოჯახს, ეს უკვე პარტნიორობა აღარ არის. დღეს, უბრალოდ, რეალობაა, რომ ბევრი ოჯახი ქალის ემოციურ ძალაზე დგას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი