გულახდილი საუბრები

როგორია ღალატის ორი მხარე და რას ფიქრობენ ცოლები ქალებზე, რომლებიც მათ ქმრებთან წვანან

№30

ავტორი: დალი მიქელაძე 22:00 06.08, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

„არცერთ ქალს არ აქვს სხვის მამაკაცზე უფლება, განსაკუთრებით ცოლიანზე, მხოლოდ იმის გამო, რომ ის მოსწონს. ცხოვრება ქალებს გვაიძულებს, დავფიქრდეთ ერთმანეთის მხარდაჭერის აუცილებლობაზე“, – ასე მიაჩნია ძალიან ბევრ ქალბატონს. განსაკუთრებით იმათ, ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდიათ ღალატის სიმწარე. თუმცა, ვერცერთი ადამიანი ვერ იქნება მეორე ადამიანის საკუთრება. არჩევანის უფლება გვაქვს ყველას. ჩვენ თავად ვწყვეტთ, ვისთან ვიცხოვროთ. მაგრამ ისიც რეალობაა, რომ შენი არჩევანი სხვისი ცხოვრების დანგრევის და გულისტკივილის მიზეზი არ უნდა გახდეს.

მარიკა (35 წლის): სანამ გადავალ საკუთარი ამბის მოყოლაზე და ჩემი პოზიციის განმარტებაზე, მინდა, ვაღიარო: მეც ვიწექი ცოლიან მამაკაცებთან. პირველად ეს გაუაზრებლად მოხდა. უფრო სწორად, არ ვიცოდი, ცოლი რომ ჰყავდა. ჩვენ ერთმანეთი ბარში გავიცანით და მერე ჩემთან წავედით. რამდენიმე საათის შემდეგ გამომიცხადა, რომ ვერ დარჩებოდა და სახლში, ცოლთან უნდა წასულიყო. ვერ აგიწერთ, როგორი შოკირებული ვიყავი იმ მომენტში, რადგან მთელი ცხოვრება ვქადაგებდი, რომ ცოლიანი მამაკაცი თავისუფალი ურთიერთობისთვის არ არის, რომ ის სხვა ქალის საკუთრებაა და არ უნდა გადაეკვეთო. სხვებს მორალს ვუკითხავდი და ამიტომ ძალიან ვინერვიულე.

– საერთოდ არ ურთიერთობდით ცოლიან მამაკაცებთან?

– არა. მათთან ფლირტიც კი ავუკრძალე საკუთარ თავს და უცებ ფაქტის წინაშე დავდექი. იმ კონკრეტულ მამაკაცს გაეცინა. საკმაოდ მშვიდად ამიხსნა, რომ ცოლთან ურთიერთობაში დროდადრო პარალელური კავშირები დასაშვები იყო. თუმცა, ჩემთვის არ იყო დასაშვები! რამდენიც უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ბევრი ადამიანი ამართლებს და მიუხედავად იმისა, რომ დაქორწინებულია, უარსაც არ ამბობს თავისუფალ ურთიერთობებზე, მე თავს საშინლად ვგრძნობდი. როგორ მოხდა, რომ სხვა ქალს ასე მოვექეცი და ამის გამო საკუთარ თავს ვადანაშაულებდი.

– ეს სინდისის ქენჯნა დიდხანს გაგრძელდა?

– საკმაოდ. მერე ისე მოხდა, რომ ცეცხლზე ნავთი დამესხა, როდესაც ქუჩაში ცოლთან და შვილთან ერთად ხელჩაკიდებული ის მამაკაცი ვნახე, რომელთანაც ასევე, სასიყვარულო ინტრიგა მქონდა. შინაგანად ყველაფერი ამომიტრიალდა. სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ მაძლევდა. რა თქმა უნდა, ვხვდებოდი, რომ არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვისთანაც ამ მამაკაცებმა საკუთარ ცოლებს უღალატეს, მე ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი ბრალი არ იყო, მაგრამ ამით ჩემი მდგომარეობა არ შემსუბუქებულა.

– ცოლები ყოველთვის ადანაშაულებენ „მესამეს“ – ქალს, რომელიც მათი ქმრის ცხოვრებაში შეიჭრა და ბედნიერი ცხოვრება დაუნგრია.

– უნდა ვაღიარო, რომ ასეა. დიახ, იმის მტკიცება, რომ „სხვა“ ქალი არ ანგრევს ოჯახს, სირაქლემის პოზაში ყოფნის მცდელობაა. რამდენიმე წლის შემდეგ მე აღმოვჩნდი ღალატის სხვა მხარეს. მე ვიყავი ცოლი, ვისაც ქმარმა 28 წლით უმცროს გოგოსთან უღალატა.

ეს გოგო არა მარტო იწვა ჩემს ქმართან, არამედ შეუყვარდა ის. მას დიდი ხნის წინ შეყვარებია ჩემი ქმარი და მასთან ახლო ურთიერთობის დასამყარებლად მხოლოდ შესაძლებლობას ელოდა. გაინტერესებთ, რით იმართლა იმ ქალმა თავი? მარტივად განაცხადა, რომ მას ჩემი ქმარი უყვარდა და ეს აძლევდა მისი სიყვარულისთვის ბრძოლის უფლებას.

ამ გოგოს დაავიწყდა, რომ სამყარო სხვანაირად არის მოწყობილი. ჩვენ არ შეგვიძლია, რაც გვსურს ყველაფერი გავაკეთოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ასე გვინდა! ფემინიზმი უსაფუძვლოდ არ ჩამოყალიბებულა. ჩვენ ჯერ კიდევ იმ დროში ვცხოვრობთ, როცა მამაკაცისა და ქალის უფლებები გათანაბრებული არ არის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ქალებმა ერთმანეთს დავუჭიროთ მხარი, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთი ჩავქოლოთ და წავართვათ ყველაზე ძვირფასი. ნუთუ ეს ასე რთულია – არ დაწვე იმ მამაკაცთან, რომელიც სხვას ეკუთვნის?

– ანუ, თქვენი ქმარი არაფერ შუაშია?

– როგორ არ არის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცის ბრალეულობას ვამსუბუქებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საყვარლებისთვის, რომლებიც გაცნობიერებულად წვანან ცოლიან მამაკაცებთან, არსებობს ცალკე ადგილი ჯოჯოხეთში. ასეთი ქალები არიან ეგოისტები, რომლებიც მხოლოდ ტკივილს აყენებენ სხვებს მაშინ, როცა ყოველთვის აქვთ სხვა არჩევანი. კარმაც აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი