გულახდილი საუბრები

როგორ ურთიერთობაში გარდაიქმნება სიყვარული ჩვევად

№20

ავტორი: დალი მიქელაძე 47 წუთის წინ

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ურთიერთობის დასრულება ყოველთვის ხმამაღალი სიტყვებით, დრამატული განშორებით ან კარის მიჯახუნებით არ იწყება. ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩუმად, შეუმჩნევლად ხდება – იქ, სადაც სიყვარული ნელ-ნელა ჩვევად გარდაიქმნება.

ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ხანგრძლივ ურთიერთობებში ადამიანებს ხშირად უჭირთ ზუსტად განსაზღვრონ, რას გრძნობენ სინამდვილეში. არის ეს ჯერ კიდევ სიყვარული თუ მხოლოდ საერთო წარსული, კომფორტი და ემოციური ინერციაა.

სწორედ ამ რთულ საზღვარზე გადის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული კითხვა: როდის მთავრდება ურთიერთობა რეალურად?

მარიკა (47 წლის): მე ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებით მივხვდი, რომ მთავარი განსხვავება ინტერესშია. ანუ, როცა სიყვარულია ადამიანს ისევ აინტერესებს მეორე – აინტერესებს მისი აზრები, მისი განცდები, მისი შინაგანი სამყარო...

ჩვევაში კი პარტნიორი შენი ყოფის ნაწილად იქცევა – როგორც ყოველდღიური რიტუალი. უკეთ რომ აგიხსნათ, ის უკვე აღარ არის აღმოჩენა, აღარ არის ემოციური მოძრაობა, უბრალოდ, მხოლოდ ყოფნაა.

– ანუ ხანგრძლივი ურთიერთობა ცოლ-ქმარს შორის აუცილებლად ჩვევაში გადადის?

– არა. მე ეს არ მიგულისხმია. უფრო სწორად, ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია. ხანგრძლივობა ავტომატურად არ კლავს სიყვარულს და ამის უამრავი მაგალითი არსებობს. სიყვარული მაშინ სუსტდება, როცა ადამიანები წყვეტენ ერთმანეთის გაცნობას. როცა ფიქრობენ, რომ უკვე ყველაფერი იციან ერთმანეთზე. ადამიანი ხომ მუდმივად იცვლება. თუ ურთიერთობაში ეს ცვლილებები აღარ გაინტერესებს, იქ დომინირებას ჩვევა იწყებს.

– როგორ გგონიათ, რა არის პირველი ნიშანი, რომ ურთიერთობა ემოციურად დასრულებისკენ მიდის?

– ზოგს ჰგონია, რომ ეს კამათია. კამათი „ცოცხალი“ პროცესის ნაწილია. ურთიერთობის დასრულების ნიშანი გულგრილობაა. მომენტი, როცა პარტნიორის ქცევა შენში რეაქციას აღარ იწვევს, როცა არც მისი არყოფნა გაკლდება და არც მისი გვერდით ყოფნა გავსებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელსაც სამწუხაროდ, ყოველდღიურობაში ძალიან გვიან ვამჩნევთ.

– არადა, ბევრ წყვილს ჰგონია, რომ თუ ერთად მშვიდად არიან და არ ჩხუბობენ, ყველაფერი კარგადაა.

– ეს ყოველთვის ასე არ არის. სიმშვიდე და ემოციური სიცარიელე ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ. ჯანსაღ ურთიერთობაში სიმშვიდეს ახლავს სიახლოვე, უსაფრთხოება, ინტერესი. თუ სიმშვიდის უკან მხოლოდ ემოციური დისტანცია დგას, ეს უკვე სხვა მდგომარეობაა.

– მაგრამ ასეთ ურთიერთობაში ადამიანები ზოგჯერ ბოლომდე რჩებიან, რატომ?

– იმიტომ, რომ ჩვევა ძალიან ძლიერი ძალაა. ადამიანი ეჩვევა არა მხოლოდ პარტნიორს, არამედ საერთო ცხოვრებას, რუტინას, წესრიგს, ნაცნობ ყოველდღიურობას. მერე კი ხშირად ჩნდება შიში: „თუ ეს დასრულდება, მერე რა მოხდება?“ - ხშირად ადამიანები ურთიერთობას სიყვარულის გამო კი არა, ცვლილების შიშის გამო ინარჩუნებენ.

– როგორ უნდა გავარჩიოთ დროებითი კრიზისი რეალური დასასრულისგან?

– დროებითი კრიზისის დროს მაინც არსებობს სურვილი, რომ რამე გამოსწორდეს. არსებობს მცდელობა, ინიციატივა, საუბრის სურვილი. როცა ურთიერთობა რეალურად მთავრდება, ეს სურვილი ქრება. ადამიანს აღარ უნდა არაფრის გამოსწორება. ის, უბრალოდ, ინერციით აგრძელებს ურთიერთობაში ყოფნას.

– შეიძლება, სიყვარული დასრულდეს, მაგრამ პატივისცემა დარჩეს?

– რა თქმა უნდა. ხშირად სწორედ ეს არის ყველაზე რთული შემთხვევა. როცა ცუდი არაფერი ხდება… ანუ, როცა საერთოდ აღარაფერი ხდება – არ არის არც ღალატი, არ არის აგრესია, საერთოდ არაფერი აღარ არის, უბრალოდ სიყვარული აღარ არის. ასეთ დროს ადამიანები ხშირად ვერ ბედავენ დასასრულის აღიარებას, რადგან ფიქრობენ: „თუ ცუდად არ ვართ, რატომ უნდა დავასრულოთ? ჩვენ ხომ არ ვჩხუბობთ.“ მაგრამ, წყვილს შორის ურთიერთობის არსებობისთვის მხოლოდ კონფლიქტის არარსებობა საკმარისი არ არის.

– რა კითხვა უნდა დაუსვას ქალმა საკუთარ თავს?

– ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ რთულად საპასუხო კითხვა: თუ დღეს პირველად შევხვდებოდი ამ ადამიანს, ისევ ავირჩევდი? ეს კითხვა ძალიან ბევრ რამეს ხდის ნათელს.

– და თუ პასუხი უარყოფითია, მერე რა ხდება?

– ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან გულწრფელობა. თუმცა, ურთიერთობის დასრულება ყოველთვის დაშორებას არ ნიშნავს. ზოგჯერ ეს არის სიგნალი, რომ საჭიროა დიალოგი, ცვლილება, ახალი ეტაპი. მაგრამ თუ ორივე მხარეს აღარ აქვს სურვილი, მხოლოდ ფორმალურად ურთიერთობის შენარჩუნება გამოსავალი არ არის.

– რატომ არის ასე რთული იმის აღიარება, რომ სიყვარული დასრულდა?

– იმიტომ, რომ ამ აღიარებასთან ერთად ადამიანი კარგავს არა მხოლოდ ურთიერთობას, ის კარგავს ისტორიას, გეგმებს, მომავალს... ეს ყოველთვის მტკივნეული და თითქოს გადაულახავი პროცესია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი