ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ საყვარელი ადამიანის მხრიდან ღალატის მსხვერპლი გავხდებოდი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 28.05
არ მიყვარს პირადი თემების საჯაროდ გამოტანა, თუმცა ახლა ცხოვრებაში ისეთი მძიმე მომენტი მიდგას, გული რომ არ გამისკდეს, მირჩევნია, ხმამაღლა ვისაუბრო პრობლემაზე, რომელსაც გონებაშიც კი ვერ დავუშვებდი. თან, იმ ასაკში ვარ, ქალს შეცდომა რომ არ ეპატიება იმ ადამიანის არჩევაში, რომლის გვერდითაც დარჩენილი ცხოვრების გატარება სურს.
სიყვარულში ადრეც არაერთხელ ვიგემე იმედგაცრუება, თუმცა, ყოველთვის მეგონა, ერთ დღეს გამოჩნდებოდა ადამიანი, ვის გვერდითაც მშვიდად და სიყვარულში გავატარებდი წლებს. მეგონა, ვიპოვე ასეთი, მაგრამ მხოლოდ ორი წელი ვიცხოვრე მის გვერდით მშვიდად და ერთ დღეს ცა თავზე დამემხო. მის ოჯახში ყველა უდიდეს პატივს მცემდა და მათი გვერდით დგომა რომ არა, ალბათ, იმ სირთულეს ვერ გადავიტანდი, თუ ამას გადატანა ჰქვია. ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა სწორედ მაშინ მიღალატა, როცა არ მოველოდი. ისე კარგად ვგრძნობდი მასთან თავს, რომ ხელის მოწერა არც მიფიქრია, რადგან ვფიქრობდი, ფურცელზე სიყვარულის დაკანონება არაფერს შეცვლიდა. ორსულად არ ვრჩებოდი და ექიმებთან მკურნალობა, საკმაოდ ძვირი დამიჯდა. საბედნიეროდ, ორი წლის თავზე დავრჩი ორსულად. ვმალავდი ამ ამბავს, ვფიქრობდი, თვალი არ მეცეს-მეთქი და მხოლოდ მე და ჩემმა ქმარმა ვიცოდით. დედამთილ-მამამთილი რაღაცას ხვდებოდნენ, მაგრამ არ მეუბნებოდნენ. მოკლედ, დავგეგმეთ ჩემი ოჯახი დაგვეპატიჟა და ნათესაურ ვახშამზე მათთან ერთად გამოგვეცხადებინა ეს სასიხარულო ამბავი. იმ დღეს ჩემი ქმრის დაბადების დღეს იყო და სახლში დიდი სუფრა მოვამზადეთ. დათქმულ დროს ყველა მოვიდა, მხოლოდ ჩემი ქმარი არ ჩანდა. ტელეფონზე ვურეკავდი და გათიშული ჰქონდა. ნერვიულობისგან კინაღამ გადავირიე. ვიფიქრე: ხომ იცის, რის თქმასაც ვაპირებდით, საქმე ბავშვს ეხება და ასეთ დროს იგვიანებს, ესე იგი, სერიოზული პრობლემა აქვს-მეთქი. არ მინდოდა, შემემჩნია ნერვიულობა, მაგრამ სახეზე მეწერა. ვიფიქრე, სოციალურ ქსელში მივწერ, იქნებ იქ მაინც წაიკითხოს-მეთქი და „ფეისბუქი“ რომ გავხსენი, იქ მორჩა ყველაფერი: ერთ გოგონასთან იყო მოთაგული ფოტოზე – ქალაქგარეთ, ჩახუტებული იყვნენ გადაღებული და წარწერაც იდო: „დღეს ჩემი სიყვარულის დაბადების დღეა, მიყვარს და მეამაყება მისი არსებობა“. კინაღამ გული გამიჩერდა. ყველაფერს წარმოვიდგენდი და ამას თუ გამიკეთებდა – არა. იმ საღამოს გვიან მობრძანდა, სტუმრების უმეტესობა რომ წასული იყო. სერიოზული კამათი მოგვივიდა. არ უარუყვია, რომ გოგონასთან ერთად იყო, თუმცა, ამტკიცებდა ჩემი მეგობარია და რა მოხდაო. ისე ვინერვიულე, ჩემი შვილი ამ ამბავს შეეწირა – უბედურებას უბედურება დაემატა. ჩემი დედამთილ-მამამთილი გვერდით მედგნენ, მთხოვდნენ: აპატიე, ვიცით, რაც გააკეთა, არ აღიარებს, მაგრამ ჩვენ შვილივით მიგიღეთ და გავცემთ საკადრის პასუხს, ოღონდ ოჯახი არ დაანგრიოო. ნამდვილად ვერ ვაპატიებდი ღალატს. ვერ ვიცხოვრებდი იმ ამბის შემდეგ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანი, რომელიც მთელი გულით მიყვარდა და მის გამო ცხოვრებას დავთმობდი, მიღალატებდა. მის მშობლებს დღემდე პატივს ვცემ და თითქმის ისე მიყვარს, როგორც საკუთარი, მაგრამ ის ვაჟბატონი მეზიზღება და მძულს. ზუსტად იმავეს განცდას ვუსურვებ, რაც მე გადავიტანე ორივეს – მასაც და მის რჩეულსაც.
ნანუკა, 37 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




