გულახდილი საუბრები

რატომ არ ესმის კაცს, რისთვის სჭირდება ქალს მისგან აღიარება

№19

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 22.05

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

თანამედროვე ურთიერთობებში კონფლიქტები ხშირად დაკავშირებულია ემოციური აღიარების მოთხოვნილებასთან. ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ინტიმურ კავშირში მყოფი ადამიანები განსხვავებულად აღიქვამენ მხარდაჭერას, სიყვარულსა და დაფასებას. ქალები მკვეთრად და ხშირად გამოხატავენ საჭიროებას ვერბალური და ემოციური აღიარების მიმართ, მაშინ როდესაც მამაკაცები ამ მოთხოვნას ხშირად ზედმეტად ან გაუგებრად აღიქვამენ.

აღნიშნული განსხვავება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური თავისებურებების შედეგი, ის განპირობებულია როგორც სოციალურ-კულტურული ფაქტორებით, ასევე ემოციური კომუნიკაციის განსხვავებული მოდელებით.

ამ ინტერვიუში ვეცდებით გავარკვიოთ, რატომ არის ქალისთვის მნიშვნელოვანი მამაკაცის მხრიდან აღიარება და რატომ ვერ ხედავს ამას მამაკაცი იმავე მნიშვნელობით.

მაიკო (43 წლის): ამაზე საუბარი ახლა დაიწყო, თუმცა პრობლემა სულ არსებობდა. რეალურად რაშია საქმე? როცა ქალი ამბობს, რომ სჭირდება აღიარება, ამაში არ იგულისხმება, რომ შენ გჭირდება მხოლოდ კომპლიმენტები. ეს არის გაცილებით ღრმა საჭიროება, რომ დაგინახონ, შეგაფასონ და ემოციურად მიგიღონ. უფრო გასაგები რომ იყოს, ეს შეიძლება გამოიხატოს მარტივ ფრაზებში, მაგალითად:

„მომწონს, რასაც აკეთებ“, „ვხედავ და ვაფასებ შენს შრომას“, „შენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ“... ერთი შეხედვით, არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ ქალისთვის ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის ემოციურ უსაფრთხოებას.

– მაშინ რატომ ხდება, რომ მამაკაცები ამას მნიშვნელოვან საჭიროებად ვერ აღიქვამენ?

– იმიტომ, რომ ბევრი მამაკაცი სიყვარულს სხვანაირად გამოხატავს. მათთვის მოქმედება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიტყვა. მაგალითად, მამაკაცი შეიძლება, ფიქრობდეს: „მე ხომ აქ ვარ, მის გვერდით“, „მე ხომ ვზრუნავ“, „მე ხომ ვაკეთებ ყველაფერს“... მისთვის ეს უკვე არის სიყვარულისა და აღიარების ფორმა. მაგრამ პრობლემა იქ ჩნდება, რომ ეს „ენა“ ქალისთვის ყოველთვის გასაგები არ არის. სხვათა შორის, ძალიან ბევრი ქალისთვის არ არის.

– ანუ შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა კომუნიკაციაშია?

– დიახ, დიდწილად ასეა. ეს არის ორი განსხვავებული ემოციური „ენის“ შეჯახება. ქალი ელოდება სიტყვიერ გამოხატვას, ხოლო მამაკაცი მიიჩნევს, რომ ქმედება საკმარისია. მეც არ მესმოდა ეს ყველაფერი, სანამ სერიოზულ კონფლიქტამდე არ მივედით. მერე დავიწყე ფიქრი და მიზეზების მოძიება. რადგან, როდესაც ეს ორი ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩნდება განცდა, რომ „არ ვუყვარვარ ისე, როგორც უნდა ვუყვარდე“.

– რატომ არის ქალისთვის ეს სიტყვიერი აღიარება ასეთი მნიშვნელოვანი?

– იმიტომ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება თვითშეფასებასა და ემოციურ კავშირს. ქალი ურთიერთობაში ხშირად უფრო მეტად არის ჩართული ემოციურად. მისთვის მნიშვნელოვანია უკუკავშირი – რომ ის, რასაც აკეთებს, ფასდება. თუმცა, ეს არ არის სისუსტე. ეს არის ადამიანის ბუნებრივი საჭიროება – დაინახონ და აღიარონ.

– რატომ შეიძლება აღიქმებოდეს მამაკაცისთვის ეს მოთხოვნა, როგორც წნეხი?

– იმიტომ, რომ მამაკაცი ამას შეიძლება, აღიქვამდეს როგორც მუდმივ მოთხოვნას: „არ არის საკმარისი ის, რასაც ვაკეთებ“. ზოგი მამაკაცი ვერ ხედავს, რომ ეს არ არის კრიტიკა – ეს არის მოთხოვნა მათ შორის კავშირის გაღრმავებაზე.

– რა ხდება, როცა ქალი დიდხანს ვერ იღებს ამ აღიარებას?

– თავდაპირველად – ის ცდილობს, ახსნას. შემდეგ ითხოვს. თუ არაფერი იცვლება, იწყება ემოციური დისტანცია. მანამდე არის წუწუნი, საყვედურები, კამათი... და ყველაზე სახიფათო ეტაპი არის, როცა ქალი საერთოდ წყვეტს მოთხოვნას. ეს ხშირად ნიშნავს, რომ შინაგანი დაშორება უკვე დაწყებულია.

– შესაძლებელია ამ განსხვავების გადალახვა?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ამ განსხვავებას ორივე მხარე გააცნობიერებს. მაგრამ ამას სწავლა სჭირდება. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, გაიგოს, რომ რამდენიმე სიტყვა შეიძლება, ქალისთვის ისეთივე ღირებული იყოს, როგორც მისი ქმედებები. ქალისთვის კი – რომ მამაკაცი უკვე ხშირად გამოხატავს სიყვარულს, უბრალოდ, სხვა ფორმით.

– რა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც წყვილმა უნდა გადადგას?

– უნდა ისწავლონ ერთმანეთის „ენის“ გაგება. არა საკუთარი ლოგიკით, არამედ პარტნიორის აღქმით. ძალიან მნიშვნელოვანია საუბრები, თანაც გასაგებად, საყვედურების გარეშე. იმიტომ, რომ ურთიერთობა არ არის მხოლოდ გრძნობა, ეს არის კომუნიკაციის უნარიც. რომელიც ზოგჯერ გადამწყვეტია ოჯახური ბედნიერებისთვის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი