ვინც მიყვარდა, ოჯახმა არ მომაყვანინა და დღემდე უცოლოდ დავდივარ
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 07.05
წარმოშობით რეგიონიდან ვარ. სტუდენტობის პერიოდში დედაქალაქში ცხოვრება მომიწია და გავიცანი ჩემზე ასაკით საკმაოდ დიდი ქალი. არ მეგონა, თუ ასე შემიყვარდებოდა. უბრალოდ, დიდ ინტერესს იჩენდა ჩემ მიმართ, მის ბინაში ვცხოვრობდი, მივლიდა, ყველგან ერთად დავდიოდით და ისე შემიყვარდა, მის გარდა სხვა ქალისკენ არც გამიხედავს.
კარგ ადგილას მუშაობდა, შემოსავალიც კარგი ჰქონდა, თავსაც უვლიდა და ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. არ დამავიწყდება, დამირეკეს ბაბუა გარდაიცვალაო, შუაღამე იყო, დავიბენი, არ ვიცოდი, რით წავსულიყავი, არ მინდოდა დილამდე მოცდა, ვიცოდი, ვერ დავიძინებდი, ვინერვიულებდი და მითხრა: ჩემი მანქანა წაიყვანე, ხომ გაქვს მართვის მოწმობაო. ვიუარე და თვითონ წამიყვანა. არც გაჩერდა, რადგან დილით სამსახურში უნდა ყოფილიყო, გამთენიისას უკან დაბრუნდა. ჩემებს არ ჰქონდათ იმდენი შემოსავალი, გამოეგზავნათ და რაც მინდოდა, მეყიდა. ის კი, ხან რას ყიდულობდა ჩემთვის, ხან რას. მეც ჩემებურად ვცდილობდი – ჩემებს ვატყუებდი, ბინა მაქვს ნაქირავები-მეთქი და ფულს რომ მიგზავნიდნენ, იმით პროდუქტებს ვყიდულობდი, რომ ჩემი საყვარელი ადამიანის კისერზე არ ვყოფილიყავი. ურთიერთობაშიც საკმაოდ კომფორტული და მზრუნველი ადამიანი იყო. ვიცოდი, არ დაიმალებოდა ეს ამბავი, ჩემების ყურამდეც მივიდა, ვიღაც ქალთან ერთად ვნახეთო და მაშინ თავის მართლება მომიწია – უბრალოდ, ნაცნობია-მეთქი. მაგრამ ორი წელი ვიყავით ერთად და გადავწყვიტე, ჩვენი ურთიერთობა გამეოფიციალურებინა. იცოდა, რომ ჩემებისთვის ვაპირებდი თქმას, ისიც ვუთხარი, ვიცი, ცოტას იუარებენ, მაგრამ რომ ჩამოვალ, ხელი მოვაწეროთ ან, თუ გინდა, ჯვარი დავიწეროთ, არ მაინტერესებს მათი აზრი, შენ ხარ ჩემთვის მთავარი-მეთქი. მასაც ვუყვარდი და მაფასებდა. თუმცა, არ მთანხმდებოდა ოფიციალურობაზე, სულ ამბობდა: პატარა ხარ, მერე ინანებ, სჯობს, როგორც ვართ, ასე ვიყოთ, ქაღალდზე ხელის მოწერა რამეს შეცვლის ურთიერთობაშიო? მე კი ვუმტკიცებდი, რომ შეცვლიდა და მალულად სიარული და ცხოვრება აღარ მოგვიწევდა. ერთი სიტყვით, ამის გამხელა ოჯახში და წიოკის ატეხვა ერთი იყო. გადაირივნენ, თბილისში ზედამხედველად ბიძაჩემი მომიჩინეს. მან მომთხოვა, საცხოვრებლად მის სახლში გადავსულიყავი, სადაც თვითონ, ბიცოლაჩემი და ბავშვები ძლივს ეტეოდნენ. საბოლოოდ კი, ისე ჩაერივნენ ჩემები, რომ სამუდამოდ დავკარგე. არ ვიცი, რა უთხრეს, რა ელაპარაკეს, რომ მშვიდად მითხრა: ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით, ეცი შენს ოჯახს პატივი, თუ რამე დაგჭირდება, ყოველთვის დაგეხმარებიო. ერთი სიტყვით არ ქნა, არ დამიჯერა და მეწყინა, რომ არ დამიჯერა, რომ მაიძულა, მის აზრზე ვყოფილიყავი და ჩემი ოჯახის წევრებისთვის მეგდო ყური და გავიბუტე. რამდენიმე კვირა გავძელი და ისევ მივაკითხე. ისევ დავიწყეთ ურთიერთობა და ახლა ბიძაჩემი ჩაერია, ჩემებს დაურეკა და იძულებული გამხადეს, რაღაც პერიოდი სწავლისთვის თავი დამენებებინა და სახლში დავბრუნებულიყავი. იქ შერჩეული ჰყავდათ გოგო, რომელზეც დაოჯახებას მიპირებდნენ. ამაზეც ჩხუბი მოგვივიდა. მატერიალურად მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული და საბოლოო ჯამში, იმდენი ქნეს, დავოჯახდი იმ გოგოზე. არც ფიზიკურად მომწონდა და ვერც ხასიათებით ვუგებდი. თან, ისევ ის მენატრებოდა და მისი სურვილი მკლავდა. შიგადაშიგ ვეხმიანებოდი, სოციალურ ქსელში ვწერდი, ის კი ცივად მპასუხობდა და მეუბნებოდა: ცოლიან მამაკაცთან საუბრის სურვილი არ მაქვს, ბედნიერებას გისურვებო. ერთი სიტყვით, ორი წელი ვიყავი დაოჯახებული, შვილიც არ გაგვიჩნდა და დავშორდით. თბილისში დაბრუნება და ისევ მასთან ცხოვრების აწყობა მინდოდა, მაგრამ დავაგვიანე. აღარ მიმიღო. ვიცი, სხვა კაცი არ ჰყავს, უბრალოდ, ალბათ, ის განშორება არ მაპატია ან ჩემს ოჯახს სცა პატივი. არ ვიცი, დღემდე მას მივტირი, თუმცა, დიდი ხანია, აღარ შევხმიანებივარ. არ მინდა, თავი მოვაბეზრო. არადა, გადის დრო და ისევ მარტო ვარ, სხვა ქალისკენ გახედვის სურვილიც არ მაქვს. ცხოვრების ინტერესი დავკარგე. ვერც ვერავის ვხვდები. ყველა ქალს მას ვადარებ და მისნაირი თბილი, ერთგული და საყვარელი ადამიანი, მართლა არ შემხვედრია.
გიორგი, 34 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





