გულახდილი საუბრები

რას ნიშნავს იყო „მხოლოდ სხვისთვის“ და რას კარგავს ქალი ოჯახისთვის მორგებულ როლებში

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 08.05

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

თანამედროვე საზოგადოებაში ქალი არ არის სახლში ჩაკეტილი და ოჯახის დიასახლისი, მისი როლი მრავალფეროვანია. თუმცა ხშირად, ისევ ძველი სტერეოტიპების ტყვეობაში რჩება, რომლის თანახმადაც, „კარგი ქალი“ ნიშნავს კარგ დედას, მზრუნველ მეუღლეს, იდეალურ დიასახლისს. მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც ქალი ამ როლებში მთლიანად იკარგება და საკუთარი იდენტობა აღარ ახსოვს.

საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, მხოლოდ ოჯახურ დინამიკას არ ეხება – ეს არის ფსიქოლოგიური, ემოციური და ხშირად დრამატული პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ქალის თვითშეფასებაზე, ისე პარტნიორულ ურთიერთობაზე.

გვესაუბრება ქალი, რომელმაც წლები გაატარა ოჯახის სრული თვითდაკარგვის რეჟიმში და მოგვიანებით გააცნობიერა, რას ნიშნავს იყო და იცხოვრო „მხოლოდ სხვისთვის“.

მაიკო (49 წლის): ის, რაზეც უნდა ვისაუბრო, არ ხდება ერთ დღეში. რა თქმა უნდა, თავიდან ყველაფერი სიყვარულით იწყება. გიყვარდება ადამიანი და გინდა, მისთვის საუკეთესო იყო, მეტი გააკეთო, იზრუნო. მერე ეს ნელ-ნელა ჩვევად იქცევა, შემდეგ – უკვე ვალდებულებად... და ბოლოს, ერთ დღეს აღმოაჩენ, რომ შენ აღარ არსებობ. მხოლოდ ფუნქცია-ვალდებულებებში დარჩენილხარ.

ერთ დღეს მეც მივხვდი, რომ აღარ ვიცოდი, რა მიყვარდა. აღარ ვიცოდი, რა მინდოდა. ჩემი ცხოვრება მთლიანად სხვების საჭიროებებს ემსახურებოდა.

– როგორ ფიქრობთ, რას თმობს ქალი, როდესაც საკუთარ თავს სრულად ოჯახს უძღვნის?

– რეალურად – ყველაფერს, პირველ რიგში – საკუთარ სურვილებს. შემდეგ – თავისუფლებას. მერე მოდის თვითშეფასება. ბოლოს კი – იდენტობაც. უკეთ რომ გითხრათ, შენ აღარ ხარ ქალი, პიროვნება, ინდივიდი. შენ ხარ „დედა“, „ცოლი“, „ის, ვინც ყველაფერს აკეთებს სხვისთვის“. მაგრამ შენ აღარ ხარ „შენ“.

– ეს გავლენას ახდენს ოჯახურ ურთიერთობაზე?

– ძალიან ნეგატიურს. ხშირად ქალები ამას ვერ ამჩნევენ. ჩვენ გვგონია, რომ რაც უფრო მეტს ვაკეთებთ, მით უფრო გვაფასებენ. სინამდვილეში პირიქით ხდება. როცა შენ მუდმივად ხელმისაწვდომი ხარ, როგორც „მაშველი რგოლი“, როცა საკუთარ თავს არ აფასებ, როცა შენი ცხოვრება მთლიანად სხვის გარშემო ტრიალებს, შენ კარგავ იმ ენერგიას, რომელიც სიყვარულს ინარჩუნებს.

– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ქალი მამაკაცს ბეზრდება?

– ეს რთული კითხვაა და ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ – კი, ხშირად ასე ხდება. არა იმიტომ, რომ ქალი ცუდია. არამედ იმიტომ, რომ ის ქრება, როგორც პიროვნება. კაცს უყვარდება ქალი – ცოცხალი, საინტერესო, ინდივიდუალური. მერე კი ხედავს ადამიანს, რომელიც მხოლოდ მოვალეობებით ცხოვრობს – დამლაგებლის, მრეცხავის, მზარეულის... ეს უკვე აღარ არის პარტნიორობა, ეს გადადის დამოკიდებულებაში.

– რას გრძნობდით იმ პერიოდში?

– დაღლილობას. მაგრამ ეს არაა ფიზიკური დაღლა. ემოციური გადაღლაა და მე ვიტყოდი, გადაწვაც. იყო მომენტები, როცა ვფიქრობდი: „რატომ არავინ ხედავს, რამდენს ვაკეთებ? მე ხომ მათთვის ვცხოვრობ?“… მწყინდა. რამდენჯერ მიტირია კიდეც. მაგრამ მერე მივხვდი – პირველ რიგში, მე თვითონ ვეღარ ვამჩნევდი ჩემს თავს.

– რა იყო გარდამტეხი მომენტი?

– ერთ დღეს სარკეში ჩავიხედე და მივხვდი, რომ ვერ ვცნობდი იმ ქალს, რომელიც სარკიდან მიმზერდა. მის თვალებში არ იყო არც სიხარული, არც სიცოცხლე... მაშინ პირველად დავუსვი საკუთარ თავს კითხვა: „მე სად ვარ ამ ყველაფერში?“

– და რა შეიცვალა?

– მივხვდი, რომ უნდა შევცვლილიყავი. დავიწყე პატარა ნაბიჯებით: დრო გამოვყავი საკუთარი თავისთვის; ვიპოვე ინტერესები; გავიხსენე, რა მიყვარდა; განვაახლე მეგობრებთან შეხვედრები... თავიდან ეს ჩემს ოჯახის წევრებს არ მოეწონათ. მათთვის ეს ყველაფერი „ეგოიზმად“ შეფასდა, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო დაბრუნება საკუთარ თავთან. ახლა, როცა დაბრკოლებები გადაილახა, ოჯახშიც ჰარმონია მაქვს და საკუთარ თავთანაც. თუმცა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა.

– რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც დღეს ასეთივე მდგომარეობაში არიან?

– არ დაიკარგოთ. სიყვარული არ ნიშნავს საკუთარი თავის გაქრობას. თუ თქვენ არ არსებობთ, ურთიერთობაც ნელ-ნელა ცარიელდება. ქალი, რომელიც საკუთარ თავს კარგავს, ბოლოს ყველაფერს კარგავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი