უცხოეთში ქართველი მამაკაცის შეყვარება და მასზე დაოჯახება, ნამდვილი სასწაული იყო ჩემთვის
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 30.04
სანამ სამუშაოდ და ფულის მოსაგროვებლად უცხოეთში წავიდოდი, იმ ადამიანთა სიაში ვეწერე, ვისაც ბედი არ სწყალობს, გამუდმებით უიღბლობას უჩივის და არც პირად ურთიერთობებში უმართლებს. შრომა ნამდვილად არ მეზარება და არც მონდომება მაკლია, მაგრამ საქართველოში ვერაფერი ავაწყვე. ორჯერ გავთხოვდი და ოჯახი ორჯერვე დამენგრა.
საბედნიეროდ, ორივე ქმრისგან შვილები დამრჩა, ულამაზესი ორი ქალიშვილი, მათთვის ვცოცხლობდი და ჩემს თავზე აღარ ვფიქრობდი. რომ წამოიზარდნენ, ხშირად მსაყვედურობდნენ: გვარს რომ გვეკითხებიან და დები სხვადასხვა გვარისები ვართ, გვრცხვენია და იქნებ შენს გვარზე გადაგვიყვანოო. მე კი ვპასუხობდი, სრულწლოვნები რომ გახდებოდნენ, თავად გადაეწყვიტათ ეს საკითხი, მე ამაში ვერ ჩავერეოდი. თუმცა, გულში სულ ვფიქრობდი: ღირსები არიან ჩემი ყოფილი ბედოვლათი ქმრები სამაგიერო გადავუხადო და ბავშვები ჩემს გვარზე დავიწერო-მეთქი. თუმცა, ასე არ მოვიქეცი. მოკლედ, გავიდა დრო და მარტოხელა დედას ძალიან გამიჭირდა ორი შვილის შენახვა. მამებმაც შეწყვიტეს მათი დახმარება, იშვიათად თუ ჩაურიცხავდნენ თანხას და იმასაც მინიმალურს. სკოლის დამთავრების დრო მოდიოდა, მომზადებაც ხომ უნდოდათ უმაღლესის გამოცდებისთვის, პატარას ისედაც უჭირდა სწავლა და ყოველ წელს რეპეტიტორების დახმარება სჭირდებოდა. ერთი სიტყვით, უცხოეთში წასვლა და მუშაობა გადავწყვიტე. მამიდაშვილს კი, რომელიც გურიაში ცხოვრობდა, თბილისში ჩამოსვლა და გოგონებათან დარჩენა ვთხოვე, არაფერში რომ არ მიმართლებდა, ისე ადვილად გავაკეთე საბუთები, ისე ადვილად ჩავედი უცხოეთში, დავიწყე მუშაობა და ავეწყვე, თავად მიკვირდა. სიცილით ვამბობდი: აწი ჩემს ბედს აღარ დავემდურები-მეთქი. ფულსაც ვაგზავნიდი და ბავშვებსაც ყველაფერს ვუსრულებდი. იქ გავიცანი ქართველი მამაკაცი, რომელსაც ცოლი არ ჰყოლია, წლებია, სამშობლოდან გადახვეწილი იყო და პირადი ცხოვრებისთვის კი არა, თავის მოსაფხანად არ ეცალა. საქართველოში მოხუცი მშობლები დაუტოვებია, თავად მუშაობდა, რომ მათი მომვლელისთვის ფული გაეგზავნა. სადღეღამისო მომვლელს, თან ორ პიროვნებას რომ უვლის, რამდენი უნდა, თავად იცით. მშობლები რომ გარდაცვლილან, ვერც მაშინ მოუხერხებია მათი უკანასკნელ გზაზე გაცილება, რადგან საბუთები არ ჰქონია წესრიგში. მამა რომ გარდაცვლილა, უფიქრია, ახლა რომ წავიდე, მერე დედას როგორ მივხედოო. დედა რომ გარდაცვლილა, უფიქრია, ახლა, როცა ისინი აღარ მყავს, იქ რაღა მინდაო და ასე გადიოდა დღეები. ერთი ძმა ჰყავს და ისიც დედაქალაქში ცხოვრობს, თავად კახეთიდანაა და მშობლების საფლავებიც იქ აქვს. ერთი სიტყვით, გავიცანით ერთმანეთი, დავახლოვდით და ჩვენ შორის ისეთი მიზიდულობა გაჩნდა, თითქმის ყოველ საღამოს ვხვდებოდით ერთმანეთს. მასთან საუბარი შვებას მგვრიდა, თავი მარტო აღარ მეგონა და ისიც ზუსტად ასე იყო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დაქორწინება გადავწყვიტეთ და უკვე ორი წელია ცოლ-ქმარი ვართ. იმდენად კარგი ადამიანია, ახლა ვიგრძენი, რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცი გვერდით. ფულს ვაგროვებთ, რომ თბილისში ბინა ვიყიდოთ და ცალკე ვიცხოვროთ. ჩემს ბინას კი გოგონებს დავუტოვებ. აგარაკსაც მოვაწყობთ კახეთში. უცხოეთში რომ მივდიოდი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემს თავს ასეთი სასწაული მოხდებოდა: იქ ვიპოვიდი ჩემი ქვეყნიდან ჩემსავით გადახვეწილ ადამიანს, შეგვიყვარდებოდა ერთმანეთი და შევუღლდებოდით. სხვათა შორის, ჩემს გოგონებზე მეშინოდა, ვაიდა, არ მიიღონ ეს ადამიანი-მეთქი, მაგრამ სოციალური ქსელით ხშირად ვსაუბრობთ და ძალიან მოსწონთ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი ჩემ გვერდითაა, სახლიდან შორს წასულები, უფრო მეტად ვებღაუჭებით ერთმანეთს და გაუსაძლისი ნოსტალგია ერთად გადაგვაქვს.
თიკო, 45 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





