გულახდილი საუბრები

როგორია სიყვარული, რომელიც ნელ-ნელა „გშლის“ და განგრევს

№16

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 01.05

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

არსებობს სიყვარული, რომელიც გავსებს; არსებობს სიყვარული, რომელიც გაძლიერებს; ასევე, არსებობს ისეთი სიყვარულიც, რომელიც ნელ-ნელა შლის, ანადგურებს შენს საზღვრებს, შენს იდენტობას, შენს სიმშვიდეს. ასეთია ფანატიზმამდე მისული სიყვარული, რომელიც თავიდანვე მტკივნეულად არ იწყება. ის იწყება იდეალიზაციით… ანუ, მაშინ, როცა შენ ერთ ადამიანს ანიჭებ იმ მნიშვნელობას, რომელიც რეალურად არ ეკუთვნის. მერე, როცა ეს გრძნობა კონტროლს სცდება, ის უკვე აღარ არის სიყვარული, ეს უკვე დამოკიდებულებაა.

რამდენად მოკლე და მტკივნეულია გზა სიყვარულიდან ფანატიზმამდე და შემდეგ უკვე საკუთარ თავთან დაბრუნებამდე...

ლიკა (39 წლის): ჩემი პრობლემა ისაა, რომ მე კი არ მიყვარდა ის, მასზე ვიყავი დამოკიდებული. ამას რომ მივმხვდარიყავი, დიდი დრო დამჭირდა. თავიდან ყველაფერი იდეალურად ჩანდა. მეგონა, რომ ის იყო ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება მინდოდა. სწორედ ის და სხვა არავინ. მის გარშემო ავაწყვე ჩემი ყოველდღიურობა, ჩემი გეგმები, ჩემი ემოციები. არავინ და აღარაფერი მაინტერესებდა.

– ყველა შეყვარებული ასეა?

– არა. ეს ნორმალური არ არის. ნელ-ნელა მივხვდი, რომ საკუთარი ცხოვრება არ მქონდა. მე მისით დავიწყე ცხოვრება.

– ეს პროცესი შეუმჩნევლად დაიწყო?

– დიახ. თავიდან ამას ვერ ვაცნობიერებდი. ეიფორიაში რომ ხარ და რეალობას ვერ აღიქვამ, ისე ვიყავი. პირველად, როცა რაღაც დათმობაზე წავედი, ეს სიყვარულად მივიჩნიე. მეორედ უკვე კომპრომისად. მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ და უკვე აღარ ვიცოდი, სად ვიყავი მე.

– ეს სიყვარული იყო თუ კონტროლი?

– კონტროლი. ახლა უკვე ვაღიარებ ამას. მინდოდა, ყველაფერი მცოდნოდა მის შესახებ – სად იყო. ვისთან იყო. რას აკეთებდა... და ამას სიყვარულს ვარქმევდი, მაგრამ სინამდვილეში, ეს იყო შიში. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, რომ მისი დაკარგვის მეშინოდა. იმდენად, რომ დავიწყე მისი კონტროლი სიტყვებით, კითხვებით, ქცევებით... გავხდი ეჭვიანი, დაძაბული… ადამიანი, რომელიც ადრე არ ვიყავი. ისეთი შემაწუხებელი ვიყავი, რომ ამ პროცესში თავად ისიც შეიცვალა.

– როგორ გგონიათ, როდის ხდება სიყვარული ტოქსიკური?

– გარდამტეხი მომენტი მაშინ დგება, როცა ამ სიყვარულში საკუთარ თავს კარგავ. როცა შენი განწყობა მთლიანად დამოკიდებულია მის განწყობაზე; როცა შენი თვითშეფასება მის ყურადღებაზეა მიბმული; როცა მისი დაკარგვის შიში შენს ცხოვრებაზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება... ამ ეტაპზე სიყვარული უკვე აღარ არის თავისუფალი. უკვე სიყვარულიც აღარაა, დამოკიდებულებაა. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მხოლოდ მე არ ვიტანჯებოდი, მასაც ვაზიანებდი, მასაც ვახრჩობდი ამ ტოქსიკური სიყვარულით. ჩემი მუდმივი კითხვები, მოთხოვნები, შიშები – ეს ყველაფერი მასზე ზეწოლად იქცა. ერთ დღეს კი ორივე მივხვდით, რომ აღარ ვიყავით ბედნიერები. ჩვენ, უბრალოდ, ურთიერთობაში ჩავრჩით, რომელიც ორივეს გვანგრევდა. ყველაზე რთული იყო იმის აღიარება, რომ ეს სიყვარული არ იყო ჯანსაღი.

– პირველმა რომელმა გააცნობიერეთ, რომ ურთიერთობა რადიკალურად უნდა შეცვლილიყო.

– მე, მაგრამ დრო დამჭირდა, რომ ჩემი თავი ისევ მეპოვა. მესწავლა, რომ სიყვარული არ ნიშნავს საკუთარი პიროვნების წაშლას, რომ ურთიერთობა არ უნდა იყოს ტკივილის წყარო. დღეს ამას უკვე სხვანაირად ვუყურებ და ვამბობ, რომ სიყვარული არ უნდა გახდეს შენი ერთადერთი საყრდენი. ცხოვრებაში ბევრი რამ არის საინტერესო და ბევრ რამეში შეიძლება, იპოვო ბედნიერება. სიყვარული უნდა იყოს შენი ცხოვრების ლამაზი ჩანართი და არა მისი ცენტრი. მტკივნეული გზა გავიარე, მაგრამ საჭირო იყო და ახლა ბედნიერი ვარ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი