გულახდილი საუბრები

როგორ უნდა მოეკიდოს ქალი საკუთარ შეცდომებს, რომ სიყვარულში გაუმართლოს

№39

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 04.10

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ სიყვარულში უიღბლობის მიზეზი ადამიანშივეა საძებარი. თუ ვინმეს ცხოვრებაში უმართლებს, ეს მხოლოდ მისი დამსახურებაა. არ უნდა გვეგონოს, რომ მათ იღბალი, აი, ასე მარტივად დაეცათ თავზე. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა გზა გაიარეს მათ იმისთვის, რომ ისეთი ცხოვრება ჰქონოდათ, როგორიც ახლა აქვთ. ფსიქოლოგები გვირჩევენ: ვიფიქროთ მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ შეცდომებსა და სურვილებზე. ბედნიერი რომ ვიყოთ, ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რა გაგვხდის ბედნიერს და მხოლოდ ამის მერე ვიაროთ მიზნისკენ.

ვნახოთ, როგორ იქცევიან ქალები, რომლებზეც ხშირად ამბობენ, როგორ გაუმართლა სიყვარულშიო.

თინიკო (43 წლის): ჩვენი, ქალების შეცდომები ისეთ სიღრმეებში მიდის, ერთი შეხედვით, წარმოდგენაც რომ არ გვაქვს. მაგალითად, სიყვარულში ხელმოცარული ქალების უმრავლესობა წინა რომანებიდან მიღებულ გაკვეთილებს იყენებს, რითაც კიდევ ახალ შეცდომებს უდებს სათავეს.

გეტყვით, რას ვგულისხმობ: ხშირად ხელმოცარვის შემდეგ გვეჩვენება, რომ ახალი ურთიერთობაც მარცხით დასრულდება და ნეგატიური გამოცდილების გამეორების გვეშინია. ამ ყველაფერმა ჩემს კისერზე გადაიარა და უკვე კარგი გამოცდილება მივიღე. დღეს ჩემზე ამბობენ, რომ ძალიან იღბლიანი ვარ. რომ მე მარტივად გამომდის მამაკაცების მოხიბვლა და პირადი ცხოვრების აწყობა. ყოველთვის ასე არ ყოფილა და ყველა დასკვნა, რაც ამ ხნის განმავლობაში გავაკეთე, ძალიან ფასეული მგონია.

– მძიმე პერიოდებიც გქონდათ?

– რა თქმა უნდა. უიღბლობის „პალასაზე“ მეც ვიდექი. თუმცა, ეს ყველაფერი მითია. მთავარი არის, დატოვო წარსული წარსულში და შეცდომებს ისე მოეკიდო, როგორც ღირებულ გამოცდილებას. თითოეული მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში რაღაცას გვასწავლის და ძალიან მნიშვნელოვანია, მადლიერებით მივიღოთ ეს გაკვეთილები. გავაანალიზოთ, რა გვასწავლა წარსულმა, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ამ გამოცდილებას მომავალში. უნდა გჯეროდეს, რომ ახალი ურთიერთობები უფრო სრულყოფილი და წარმატებული იქნება. უპირველესად, ბავშვობის სტერეოტიპები უნდა დაინგრეს. ჩვენი თაობა ამით ძალიან ბევრს კარგავს.

– რას გულისხმობთ?

– გეტყვით. ქალი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერში მშობლების მაგალითს მიჰყვება. მაგალითად, თუ დედა უბედური იყო სიყვარულში, სავარაუდოდ, ქალიშვილს თავს მოახვევდა საკუთარ შეხედულებებს მამაკაცებზე და ქალიშვილსაც პრობლემები ექნება პირად ცხოვრებაში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია და ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა იაზროვნოს. თუ შეატყვეთ, რომ თქვენი ცხოვრება თქვენი მშობლებისას ჰგავს, რომ იმეორებთ ხელმოცარვას, შეჩერდით და დაფიქრდით, რატომ ხდება ასე. აუცილებლად შეცვალეთ დამოკიდებულება მამაკაცებისადმი, თავი დააღწიეთ თავსმოხვეულ სტერეოტიპებს და საკუთარი ურთიერთობები დაამყარეთ. სანამ ასე არ მოვიქეცი, მეც არ მომართლებდა.

– ამბობენ, რომ ბედნიერი ქალები არ იმაღლებენ თვითშეფასებას პარტნიორის ხარჯზე.

– დიახ. ეს ნამდვილად ასეა. მე ჩემი პარტნიორი თვითდამკვიდრებისთვის არ მჭირდება. ზოგიერთი ქალის შეცდომა ისაა, რომ თვითშეფასების ამაღლებას პარტნიორის ხარჯზე ცდილობს. ამისთვის ორ გზას მიმართავენ და ორივე ცუდია: 1.პარტნიორს კვარცხლბეკზე აიყვანენ, მასზე დამოკიდებული ხდებიან და ცდილობენ, როგორმე ასიამოვნონ; 2. პარტნიორის თვითშეფასების დაქვეითების ხარჯზე საკუთარ თვითშეფასებას იმაღლებენ. არადა, არ არის საჭირო საკუთარი თვითშეფასების მიბმა პარტნიორზე, მის რეაქციაზე ქალის ნებისმიერ საქციელზე. უმჯობესია, საკუთარ თავს მიხედოთ, იაროთ ფიტნესზე ან ცეკვებზე, ხშირად შეხვდეთ მეგობრებს, დაინტერესდეთ რაიმე სასიამოვნო საქმით. თავადაც ვერ შენიშნავთ, როგორ გამოგიკეთდებათ გუნება და თავდაჯერებულობაც ათმაგად მოგემატებათ.

– ეთანხმებით მოსაზრებას რომ მამაკაცი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც ის არის?

– ერთმნიშვნელოვნად. საერთოდ ყველა ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ან საერთოდ არ უნდა გიყვარდეს. თუ საკუთარი თავი უკვე მიიღეთ ისეთი, როგორიც ხართ, დროა, პარტნიორიც მიიღოთ თავისი ნაკლოვანება-ღირსებებით. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას და სათქვენოდ მორგებას. შეეცადეთ, თვალი დახუჭოთ მის სუსტ მხარეებზე, ოღონდ, ყველაფერზე არა. მოერიდეთ სიტუაციებს, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, იყავით ტაქტიანი. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რაშიც ძლიერია. აცადეთ, იცხოვროს ისე, როგორც სული სთხოვს. დაინტერესდით იმით, რაც მას აინტერესებს, მხარში ამოუდექით და გაიზიარეთ მისი გატაცებები. აი, მაშინ გამოგივათ ჰარმონიული ურთიერთობა და ძალიან ბედნიერიც იქნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა