როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება ქალმა, რომელსაც ორი წარუმატებელი ქორწინება ჰქონდა
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 21.03

ნებისმიერ ადამიანს აქვს პირადი ცხოვრებისა და ბედნიერების უფლება. თითქოს ამაზე ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ზოგიერთები მაინც ვერ უძლებენ ცდუნებას, ჩაერიონ სხვის ცხოვრებაში და განსაჯონ ისინი. ადვილი არ არის, შეეწინააღმდეგო საზოგადოებრივ აზრს, თან იცხოვრო ისე, როგორც შენ გინდა. სტერეოტიპების ჩარჩოებიდან გასვლა მხოლოდ პიროვნულად ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ.
მაკა (44 წლის): ოჯახი ორჯერ დამენგრა. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ორივე ქორწინებაში შვილი არ მიჩნდებოდა. ექიმებთანაც დავდიოდით, ვმკურნალობდი კიდეც, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. ორივე ნაქმრევი სხვა ცოლებთან დაწვრილშვილდა. ამან ძალიან დამთრგუნა.
– ფსიქოლოგიურად ნამდვილად რთული იქნებოდა.
– დიახ. ძალიან მძიმე იყო. დავასკვენი, რომ უშვილო ვიყავი და ბედნიერების უფლება არ მქონდა. ისე უნდა მეცხოვრა, ჩემი არსებობით არავინ შემეწუხებინა. სხვათა შორის, ექიმები მეუბნებოდნენ, დედა აუცილებლად გახდებიო. მაგრამ მე იმედი ბოლომდე მქონდა გადაწურული. ერთ დღეს კი საკუთარ თავს ვუთხარი: მერე რა, თუ შვილს ვერ გავაჩენ, ლამაზ და ჭკვიან ქალს პირადი ბედნიერების უფლება რატომ არ უნდა მქონდეს-მეთქი. ეს კი ვთქვი, მაგრამ დიდხანს მაინც მიჭირდა ვინმესთან ურთიერთობის დაწყება. მერე შემიჩნდა ერთი, ჩემზე ასაკით უმცროსი და აღარ მომეშვა. ბოლოს ხელი ჩავიქნიე. ცოლად ხომ არ მივყვები, ცოტას გავხალისდები-მეთქი. თან, ისეთი მონდომებული იყო, ჩემთან შეხვედრებისთვის ერთ-ერთ ელიტურ, ახალაშენებულ სახლში შეიძინა ბინა. გეტყვით, რომ ცოლიც ჰყავდა და შვილებიც. ჩემი უშვილობა სულაც არ აწუხებდა. მეც არ ვთხოვდი, ცოლს გაეყარე და შემირთე-მეთქი, არც პატარა გოგონებივით კლუბები და ბარ-რესტორნები მიზიდავდა. დროდადრო უცხოეთში ვმოგზაურობდით. ჩემს დაბადების დღეზე კი ის ბინა, სადაც ვხვდებოდით, საერთოდ, მაჩუქა.
– გამოდის, თქვენზე ზრუნავდა.
– დიახ, ჩემ მიმართ გრძნობა ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, თუ არჩევანის წინაშე დადგებოდა, ცოლს არჩევდა. 39 წლის ვიყავი, რომ დავორსულდი. ჯერ მეგონა, მოვიწამლე – გული მერეოდა, ღონეგამოცლილი ვეგდე. ორი კვირა მინერალური წყლისა და დიეტური საკვების გარდა, პირი არაფრისთვის დამიკარებია, მაგრამ უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. ერთმა მეგობარმა მირჩია: იქნებ ფეხმძიმობის ტესტი გაიკეთო ან პირდაპირ გინეკოლოგთან წახვიდეო. მისი რჩევა სასაცილოდ არ მეყო. არ მომეშვა – ტესტი მოიტანა და... გონება კინაღამ დავკარგე მოულოდნელობისა თუ ბედნიერებისგან. ვერ გეტყვით, რა ერქვა იმ გრძნობას. ჩემი მეგობარი ჩემსავით სიხარულით ხტოდა, სიხარულის ცრემლებს ვღვრიდით. ჩემი მეგობარი მამაკაცი იმ დროს უცხოეთში იყო, სადაც სწორედ იმის გამო ვერ წავყევი, რომ შეუძლოდ ვიყავი.
– შეატყობინეთ ეს ამბავი?
– არა, მოვახერხე, მოვითმინე და რომ ჩამოვიდა, ბედნიერმა მივახარე, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი. მეგონა, სიხარულისგან ჩემსავით თავბრუ დაეხვეოდა. ყველაფერი პირიქით მოხდა. ჯერ ფერი დაკარგა, მერე ძლივს ამოილუღლუღა: ექიმთან იყავი, თუ ტესტს ენდეო. ექიმთან ვიყავი-მეთქი. სულ გაიცრიცა, დამუნჯდა. თავი ჩაქინდრა და ამოილუღლუღა, რას აპირებო. გავოცდი: რას უნდა ვაპირებდე, შვილზე ვოცნებობდი და გავაჩენ კიდეც-მეთქი. მე არ მჭირდება ეს შვილი, უკვე მყავს შვილებიო. მე კიდევ შენ არ მჭირდები და ბავშვსაც არ ეცოდინება, რომ მამამისი ხარ, აქედან მიბრძანდი-მეთქი. საიდან მაგდებ, ეს ჩემი სახლია და შენ მიბრძანდიო. ჯერ გავოგნდი, იმ წამში მივხვდი, რომ მისი დანახვაც კი აღარ მინდოდა. მერე უცებ მოვეგე გონს და გაბრაზებულმა ვუთხარი: ეს სახლი ამ ბავშვის არის, ახლა რომ მუცლით ვატარებ და ბინაც ჩემს სახელზეა-მეთქი. რას იზამდა, ხომ არ მიჩივლებდა. მის ცოლს რომ ეს ამბავი გაეგო, ხომ დაენგრეოდა ოჯახი? ჩაყლაპა ბოღმა და გაიძურწა.
– გააგდეთ?
– დიახ და არც ვნანობ. დიდად არ უნერვიულია. იმ დღის მერე მისი ლანდი არ მინახავს. არც მასზე ფიქრით მომიკლავს თავი. დღემდე ყველას ვეუბნები, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გავაჩინე ბავშვი. არადა, ჩემი პატარა ბუნებრივად ჩაისახა. ბოლო წუთამდე ისიც კი არ ვიცოდი, ვის ვაჩენდი, რომელი სქესისას – ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ექიმი გავაფრთხილე, რომ ყურადღება მიექცია მხოლოდ ნაყოფის ჯანმრთელობისთვის, მეტი არაფერი მითხრათ დაბადებამდე-მეთქი. როცა ჩემი შვილი გაჩნდა, ბედნიერებისგან ყველა ტკივილი დამავიწყდა. საოცრად ბედნიერი ქალი ვარ. ცოტა ხნის წინ ვერც კი ვიოცნებებდი, რომ დედა გავხდებოდი, ახლა კი ჩემი პირადი ანგელოზი მყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილის მამის დანახვა არ მინდა, მაინც მისი მადლობელი ვარ. მართალია, თავად ვერ ხვდება, მაგრამ ყველაზე ბედნიერ ქალად მაქცია. ეს უგუნური კაცი გონზე არ არის, რა არის ქალისთვის მთავარი ბედნიერება. ახლა უკვე მაქვს ცხოვრების მიზანი და მეტი არაფერი მჭირდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან