გულახდილი საუბრები

როგორ შეიძლება, ქალს ერთდროულად ორი ქმარი ჰყავდეს და ორივეს უნდოდეს მასთან ყოფნა

№5

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 09.02

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

არავის უკვირს კაცისგან ის, რომ ცოლი და საყვარელი ერთდროულად ჰყავს. ალბათ, ბევრი გსმენიათ ისეთი ქმრების შესახებ, რომლებიც მშვიდად ცხოვრობენ ორ ქალთან ერთდროულად. ამის გამო არც სინდისის ქენჯნა აწუხებთ და არც დისკომფორტს. ზოგიერთი ცოლიც კი ეგუება ამას და საზოგადოებაც სირაქლემას პოზაშია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ქალი, რომელსაც ერთდროულად ორი ქმარი ჰყავს და რაც ყველაზე უცნაურია, არც ერთი არ აპირებს მის დათმობას.

მაკა (48 წლის): სამი შვილი და ორი ქმარი მყავს. დიახ, არ მოგესმათ, ნამდვილად ორი ქმარი მყავს და ეს ამბავი სულაც არ მახარებს. უფროსი ორი შვილი პირველი ქმრისგან შემეძინა, მესამე კი მეორე, უცხოელი ქმრის შვილია. როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? წლების წინ, ბევრი ქალის მსგავსად, პატარა შვილები ქმრისა და დედამთილის ანაბარა დავტოვე, ეს ჩემი ერთადერთი გამოსავალი იყო მძიმე სიტუაციიდან. ბავშვები შიმშილით რომ არ დამხოცოდა, უცხოეთში წავედი სამუშაოდ. მაშინ ჩემს ქმარს თითიც არ გაუნძრევია, რომ თვითონ ეშოვა სამუშაო. არც ჩემს წასვლაზე უთქვამს უარი. ძალიან მშვიდად დათანხმდა ერთი ახლობლის შემოთავაზებას, რომ 2 000 დოლარის სანაცვლოდ ავტობუსის საბარგულით დიდ ჩემოდანში ჩამძვრალს გადამიყვანდა საბერძნეთში. მაშინ ასე ბევრი მიდიოდა და ფაქტობრივად, სიცოცხლეს ვრისკავდით. არ მოვყვები, რა გადავიტანე და რამდენჯერ გავიფიქრე, რომ მორჩა, ახლა კი მოვკვდები-მეთქი. ჯერ საბერძნეთში ვიმუშავე, მერე – იტალიაში, იქიდან შვედეთში გადავედი, სადაც გავიცანი კაცი, რომელმაც ძალიან მალე გამომიცხადა - უშენოდ სიცოცხლე არ შემიძლიაო. ქვრივი იყო, მის შვილს ვუვლიდი – დედასთან ერთად მოყვა ავტოკატასტროფაში და დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეეძლო. ბიჭსაც ისე შევუყვარდი, დედას მეძახდა.

– საქართველოში რომ ქმარი და შვილები გყავდათ, მათზე ფიქრი ახალი ოჯახის შექმნაში ხელს არ გიშლიდათ?

– როცა ხვდები, რომ იმ შენს ქმარს არაფერში სჭირდები, ბევრი ფიქრიც აღარ გიწევს. შვილებს ნამდვილად არაფერს ვაკლებდი, მაგრამ წარმოიდგინეთ, წლები ისე გადის, რომ ბავშვებს ვერ ნახულობ... ინტერნეტიც ხომ გვიან გაჩნდა. პირველად ბავშვები ეკრანზე რომ დავინახე, ვერ ვიცანი. სიხარულისგან ვბღაოდი, მერე გული ტკივილმა მომიწურა – შვილები უცხოსავით მელაპარაკებოდნენ. ქმარზე კი რა ვთქვა, ნამდვილი ნაძირალა აღმოჩნდა, რისი ეჭვიც წასვლის წინ გამიჩნდა. 2 000 დოლარი რომ მომიტანა, მითხრა, პროცენტიანი ვალი ავიღეო. ის პროცენტი კი რამდენიმე წელიწადს მახდევინა. თურმე, მატყუებდა, არანაირი პროცენტი არ ჰქონდა გადასახდელი, ის ფული მის ჯიბეში ჩადიოდა. ეს რომ გავიგე, დავურეკე და ვუთხარი, გშორდები, ბავშვების მეურვეობას კი ჩემს დას ვაკისრებ. ფულსაც მას გამოვუგზავნი-მეთქი. რა სიგიჟეა, მტრები გვყავს, ვიღაც შხამს გაწვეთებს, რომ ჩვენი ტკბილი ოჯახი დაინგრესო. ოჯახი, რომელიც აღარ არსებობდა, თურმე, ტკბილიც იყო. მასთან ხელი მოწერილი არ მქონდა, ამიტომაც იოლად დავქორწინდი შვედზე. საქართველოში რომ ჩამოვედი, შვილები გაზრდილი დამხვდნენ, რომლებისთვისაც უკვე უცხო ვარ. მათთვის დედის ფუნქცია დავკარგე და მხოლოდ სპონსორი გავხდი. სახლი, სადაც ბავშვები და მათი მამა დავტოვე, ჩემი მშობლების ნაჩუქარი იყო. ახლა კი ასეთი სიტუაციაა – ჩემს ყოფილ ქმარს იქიდან ფეხის მოცვლა არ უნდა. მე შენი ქმარი ვარ და ასე მოვკვდებიო. რა ვქნა, არ ვიცი, პოლიციის საშუალებით გამოვაგდო გარეთ? არადა ბავშვებისთვის გამოგზავნილი ფულით დღემდე ხეირობს. რატომ იტყვის უარს. ასე გამოვიდა, რომ ორი ქმარი მყავს.

– შვილები რას ამბობენ?

– შვილებმა ასე მითხრეს, – შენ ხომ მაინც აქ არ იცხოვრებ და იყოს მამა აქ, რას გიშავებსო. ისინი ჩემს შვილებადაც კი აღარ აღიქვამენ თავს. ჩემი შვედი ქმარი მზადაა, რომ ორივე იშვილოს, მითხრა კიდეც – ბიჭები ჩვენთან წავიყვანოთო. ისინი უნდა დაიბრუნო, რათა მიხვდნენ, რომ ყველაფერს მათთვის აკეთებდიო. ალბათ, ასეც ვიზამ. გვერდით რომ მეყოლებიან უკეთესად გაიგებენ ყველაფერს და თავიდან შემიყვარებენ. ყოფილმა დედამთილმა შემომითვალა, ის ხომ კარგი იყო, შვილები რომ დაგიზარდეთ, ახლა აგდებ ჩემს შვილს სახლიდანო? იმას ვერ ხვდება, რომ მინდოდა, ჩემი შვილები მე თავად გამეზარდა და ასეც იქნებოდა, რომ არა მისი უვარგისი შვილის უპასუხისმგებლობა. ყველა ქალს მინდა ვუთხრა: გაითვალისწინეთ ჩემი შეცდომა. თქვენი ქმარი უმუშევარია? ოჯახში შემოსავალი არ გაქვთ? ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ იმან იზრუნოს ოჯახზე, ის წავიდეს, თუნდაც, უცხოეთში, შვილები არ დატოვოთ. ძალიან მძიმეა, მაგრამ ქმარი არ უნდა არჩინოთ თქვენ. ეს არაა სიკეთე. ეს ბოროტებაა, რომელსაც საკუთარი თავისა და შვილების წინაშე სჩადიხართ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული