გულახდილი საუბრები

როგორ მალავენ ფსიქოლოგიურად მოძალადე მამაკაცები თავის ხასიათს და რას უნდა დააკვირდეს ქალი

№42

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 25.10

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელიც არის და რთულად ამოსაცნობც. თუმცა კიდევ უფრო რთულად ამოსაცნობია ფსიქოლოგიურად მოძალადე. ამ ტიპის ადამიანები კარგად ინიღბებიან, ხშირად მზრუნველობის ფარდის მიღმა და მსხვერპლი დიდხანს ან საერთოდ ვერ ხვდება მის ჭეშმარიტ ბუნებას. ამიტომაც არის, რომ როცა მამაკაცი ქალზე ფსიქოლოგიურად ძალადობს, მსხვერპლი ქალი საკუთარ თავს ადანაშაულებს ყველაფერში, ითრგუნება და ხდება დეპრესიული. მისი პიროვნება განიცდის დეგრადაციას და საბოლოოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემები უჩნდება. ასეთი ადამიანების მდგომარეობიდან გამოყვანა და სოციუმში სრულფასოვნად ინტეგრირება საკმაოდ რთულია.

ლიკა (34 წლის): ჩემს მეგობარზე მინდა, მოგიყვეთ, რომელმაც ლამის თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, იმიტომ, რომ ქმარი მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. არ ვიცოდი, ეს რა საშინელი პრობლემა ყოფილა. ერთმანეთი მეგობრის შვილის დაბადების დღეზე გაიცნეს. მეც იქ ვიყავი და ეს კაცი ერთად გავიცანით.

– ანუ, თავიდანვე მოწმე იყავით მათი ურთიერთობის?

– დიახ და მაშინვე შევატყვე, რომ დანახვისთანავე მოეწონა ჩემი მეგობარი. გარეგნობით კარგი ბიჭი იყო და ჩემს დაქალსაც ესიამოვნა მისი ყურადღება. მასპინძლებმა ეს რომ შეამჩნიეს, აქტიურობა დაიწყეს. ჩემი დაქალის მშობლებს ყურები გამოუჭედეს: მერე რა, რომ 12 წლით უფროსია, სამაგიეროდ, ძლიერი ოჯახიშვილია, თვითონაც მყარად დგას ფეხზე. სტუდენტ ცოლს სწავლაშიც ხელს შეუწყობს, არაფერს მოაკლებსო. ჩემს მეგობარს თაყვანისმცემლები კი ჰყავდა, მაგრამ შეყვარებული – არა. რაღა ბევრი გავაგრძელო და, ამ კაცმაც და მისმა გულშემატკივრებმაც იმდენი ქნეს, რომ 20 წლის გოგო გათხოვებაზე დაითანხმეს. თავიდან მეც ძალიან მომწონდა, ვაღიარებ, რომ ვერც მე ამოვიცანი მასში მოძალადე.

– ახლო ურთიერთობა გქონდათ?

– კი. ჩვენი გულის მოგებისთვისაც საკმაოდ ირჯებოდა და იხარჯებოდა. ცოლის მეგობრებს თბილად და ხალისით გვხვდებოდა, მანქანით სასეირნოდაც დავყავდით, ჩემს დაქალს ხომ ლამის ფეხქვეშ ეგებოდა. გავიდა სამი წელი... შვილი არ უჩნდებოდათ და ამის გამო პირველი ბზარიც გაჩნდა. ქმრის მოთხოვნით, ჩემმა მეგობარმა მკურნალობა დაიწყო. ეს ძალიან თრგუნავდა. ოჯახი ცალკე ერეოდა და გოგო ლამის გააგიჟეს. ერთი პერიოდი, ქმართან გაყრაც უნდოდა, მაგრამ იმან უარი უთხრა, თან, ერთი „საიდუმლოც” გაუმჟღავნა: იმედია, მაპატიებ, სანამ შენ მკურნალობდი, ერთ ქალთან მქონდა ურთიერთობაო.

– უღალატა და ასე პირდაპირ უთხრა?

– საქმეც ეგაა. ჩემს დაქალზე ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენდა. შვილს ვერ მიჩენ და ალბათ, ვერც ვერასოდეს გააჩენ. ის ქალი ახლა ორსულადაა და მზად არის, ბავშვი ჩვენ მოგვცეს. ასე რომ, მთლად უცხოს გაზრდა არ მოგვიწევსო. იმის მაგივრად, რომ ქმრის ღალატის გამო გული დასწყვეტოდა, ჩემი დაქალი ისე იყო ჭკუიდან გადასული და ისე უნდოდა შვილი, რომ ამ ამბავმა გაახარა კიდეც.

– მეგობრები, ოჯახის წევრები რას ეუბნებოდით?

– დედამისი ტიროდა და ჩვენ გვეხვეწებოდა: იქნებ თქვენ მაინც დაგიჯეროთ რამეო. ჩვენ კი აღარ გვისმენდა. ორ თვეში ბავშვიც დაიბადა – გოგონა და თავისმა „მზრუნველმა“ ქმარმა ამ ჩემს მეგობარს სახლში მოუყვანა. ვითომ ყურადღებას არ აკლებდა ცოლ-შვილს. ბავშვის ბიოლოგიურმა დედამ თავისი საყვარლისგან ფული აიღო და წავიდა. ქმარმა კი ჩემი დაქალი დაარწმუნა, რომ ის ქალი არასოდეს შეეცილებოდა შვილში. გვეგონა ურთიერთობა ამის მერე მაინც დაულაგდებოდათ და ჩემს მეგობარს ბედნიერს ვნახავდი. გავიდა რამდენიმე წელი და მდგომარეობა უარესობისკენ შეიცვალა. გაქრა მისი ყურადღება და ზრუნვა, ხშირად შინაც არ მოდიოდა. თუ ცოლი მიზეზს ჰკითხავდა, ჩხუბს იწყებდა. ჩემს მეგობარს არ უნდოდა, ბავშვი ჩხუბსა და უსიამოვნებაში გაზრდილიყო, ამიტომაც ქმრის შემოტევებს დუმილით ხვდებოდა. ერთხელ, სამი დღე არ გამოჩნდა. მართალია, ნანა მიჩვეული იყო ამას, მაგრამ გულმა ცუდი უგრძნო – ქმრის მობილური ამ სამი დღის განმავლობაში სულ გათიშული იყო და სამსახურში დარეკა. უთხრეს, რომ სამსახურში ჩვეულებრივად დადისო. როცა დედამთილ-მამამთილს შეატყობინა, ქმარი სამი დღე შინ არ მოსულაო, უთხრეს: გუშინ მოგვინახულა და პროდუქტი დაგვიტოვაო. მეოთხე დღეს მიბრძანდა და ყველას გასაგონად განაცხადა: სხვა შემიყვარდა, მასთან უკვე შვილიც მყავს. უნდა წავიდეო. ჩემს დაქალს ისტერიკის შეტევა დაემართა. დიდხანს იყო ძალიან ცუდად. ერთი წელია, თავს მოერია და შვილთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას. ის არამზადა შვილსაც კი არ ნახულობს. აი, რა უნდოდა, ჩემს მეგობარს? მის გამოჩენამდე სახლიც ჰქონდა, კარიც, სწავლობდა და მასზე, როგორც ნიჭიერ სტუდენტზე, დიდ იმედს ამყარებდნენ, მაგრამ ყველაფერი გააკეთა, რომ ცოლად შეერთო. რა ჰქვია ისეთ კაცს – ნაგავი! ასეთ კაცებს ერიდეთ, ქალებო!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა