გულახდილი საუბრები

როგორ ხდება თავადაც მოძალადე ძალადობის მსხვერპლი ქალი და არის თუ არა ეს გამოსავალი

№42

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 27.10

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ქალთა მიმართ ძალადობა გლობალური უბედურებაა და, სამწუხაროდ, დღემდე რჩება ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ დარღვევად. მსოფლიოში ყოველი მესამე ქალი მთელი ცხოვრება იტანჯება სახლში ან სამსახურში მის მიმართ სასტიკი მოპყრობის გამო.

გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციისთვის დახარჯული უზარმაზარი რესურსისა და დროის მიუხედავად, დისკრიმინაციული ხასიათის მქონე სოციალური ნორმებისა და ტრადიციების გამო ქალები და გოგონები კვლავაც განიცდიან ძალადობას სხვადასხვა ფორმით: ოჯახური ძალადობიდან – სექსუალურ შევიწროებამდე, ადამიანებით ვაჭრობიდან ადრეულ ქორწინებამდე და ქალების მკვლელობამდე. ამასთანავე, ძალადობის მსხვერპლნი ხშირად აწყდებიან სოციალურ სტიგმატიზაციას, როდესაც მათვე აკისრებენ პასუხისმგებლობას და ადანაშაულებენ იმ ძალადობაში, რომელიც მათ მიმართ განხორციელდა.

გამოკითხული მამაკაცების 42 პროცენტს მიაჩნია, რომ ცოლი ვალდებულია, დაემორჩილოს ქმარს მაშინაც კი, თუ მას არ ეთანხმება. უფრო მეტიც, შვიდიდან სულ მცირე ერთ ქალს გამოცდილი აქვს ოჯახში ძალადობა და ხუთიდან ერთი ამბობს, რომ ცხოვრებაში სექსუალური შევიწროება განუცდია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბავშვთა ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპის ქვეყნებს შორის.

რესპონდენტმა თავიდანვე გამოთქვა სურვილი მიემართა იმ ქალებისთვის, ვინც ჯერჯერობით მოძალადე ქმრებს უძლებენ. მან, ასევე, დაადასტურა ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ, როდესაც ცოლი ქმრის მსხვერპლი ხდება, ამაში ხშირად სწორედ ქალები არიან დამნაშავენი.

მარიკა, 43 წლის: ბოლო დროს ცოლების მკვლელობის მომრავლებამ ამომაღებინა ხმა. სამწუხაროდ, ცოლები მოძალადე ქმრებს ვერ ან არ შორდებიან და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქმე საბედისწერო დასასრულამდე არ მივიდეს. რამდენიმე მაგალითს გეტყვით და თვითონ განსაჯეთ.

მე და ჩემი ქმარი სიყვარულით დავქორწინდით. როდესაც ცხოვრება გაჭირდა და უსამსახუროდ დარჩა, აღარ იცოდა, როგორ ერჩინა ოჯახი და გალოთდა. თავისი სისუსტე აწუხებდა და მთვრალი ცდილობდა, ბოღმა ვინმეზე დაენთხია. ასეთი განტევების ვაცი აღმოვჩნდი მე. ზუსტად ერთი თვე ვითმინე. ერთ დღესაც ხელი რომ მომიქნია, მეც მოვუქნიე. ძირს რომ გაიშხლართა, ვიხელთე დრო, საწოლზე გამოვაბი და სანამ არ გამოფხიზლდა იქ დავტოვე. მერე კი ვუთხარი, იმ კაცის გვერდით ვერ ვიცხოვრებ, რომელმაც საცემრად გამიმეტა-მეთქი.

– საკმაოდ თამამი ყოფილხართ. წამოხვედით სახლიდან?

– არა. სად უნდა წავსულიყავი სამი შვილით. პოლიცია გამოვიძახე. ხელწერილი დააწერინეს, რომ სანამ სასამართლო გაგვყრიდა, შეეძლო, ჩვენ გვერდით ეცხოვრა, მაგრამ თუ დათვრებოდა, პოლიციას გამოვიძახებდი. მაშინ იმედი მქონდა, ეს ხელწერილი გამოაფხიზლებდა, მაგრამ ამაოდ... არ უშველა ამან. კიდევ დათვრა და კვლავ ცემა დამიპირა. ისევ პოლიცია ჩავრიე. შემდეგ გაყრის პროცესი დაჩქარდა. ჩემს ქმარს სოფელში ჰქონდა მამისეული სახლი. მოვითხოვე, რომ ის სახლი ჩვენთვის გადმოეცა. მოგვცა. ჩემი გადაწყვეტილება სწორი აღმოჩნდა. მიწები გვაქვს, ბავშვები შრომას მივაჩვიე, მეურნეობა გავმართე. ჩემს ნაქმარევს კი სოფელში ჩამოსვლა აუკრძალეს.

– ამ ამბით რისი თქმა გინდათ? რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს?

– რა თქმა უნდა. ქალები მოძალადე ქმრებთან რჩებიან იმიტომ, რომ ფიქრობენ, არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრება და არც კანონისგან ითხოვენ დახმარებას. მეტიც. სოფელში ძალიან ხშირია ოჯახური ძალადობა. რასაც მე აქ ვუყურებ, საცოდაობა ტრიალებს. ერთხელ მეზობელმა საკუთარი ცოლი ისე სცემა, რომ ხერხემალი დაუზიანა. მან კი ექიმს უთხრა, ხიდან ჩამოვვარდიო. ექიმი მიხვდა, რომ იტყუებოდა, მაგრამ ქალმა მაინც არ უჩივლა ქმარს. კაცმა კი ცოტა ხნის მერე გარეთ გააგდო დაინვალიდებული დედაკაცი და სხვა ქალი შეირთო. უამრავი მსგავსი ფაქტი ვიცი. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდება.

სხვათა შორის, ეს ყველაფერი ისევ ქალების ბრალია. ალბათ, თქვენც გსმენიათ ასეთი სისულელე: კაცია და გაბრაზდება, კაცია და დალევს, კაცია და ქალისკენ გაიხედავს, კაცია და გიყვირებს, კაცია და ასე შემდეგ. ეს საშინელი სტერეოტიპული აზროვნება სპობს არა მხოლოდ ქალის ცხოვრებას, შვილებსაც უმრუდებს მომავალს. ასეთ გარემოში გაზრდილი ვაჟები ფიქრობენ, რომ ისინიც ისევე უნდა მოექცნენ ცოლებს, როგორც მათი მამები. გოგონებს კი მიაჩნიათ, რომ მათაც ისევე უნდა მოითმინონ, როგორც მათი დედები ითმენენ. მე არ მოვითმინე. დიახ, როცა დაიმსახურა ხელიც შევუბრუნე. მე ამით მოძალადე არ გავმხდარვარ. ის მიიღო, რაც დაიმსახურა. ძალას ყოველთვის ძალა უნდა დაუპირისპირო. სხვანაირად ყოველთვის დაგჩაგრავენ.

გამოფხიზლდით, ქალებო! თქვენ უნდა იბრძოლოთ თქვენი ცხოვრებისთვის, თორემ როდესაც კაცი მხეცდება, მის მოქნეულ ხელს ვეღარაფერი აჩერებს, შვილის ტკივილით და ცრემლით სავსე თვალებიც კი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი