გულახდილი საუბრები

როგორ იქცევა ცოლი, რომელსაც ერთხელ უკვე უღალატეს

№35

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 10.09, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

შეიძლება თუ არა, ძველმა სიყვარულმა ისევ იფეთქოს, „გაცოცხლდეს“ და ისე შეგვახსენოს თავი, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. ანუ, შეიძლება, მრავალი წლის მერე ძველმა გრძნობებმა ისევ დაახვიოს თავბრუ ცოლიან მამაკაცს? მაშინ სიტუაცია ფეთქებადსაშიში გახდება და ცხოვრებაც ისეთი მშვიდი ვეღარ იქნება. რას გრძნობს ის ადამიანი, რომელსაც ერთხელ უკვე უღალატეს ან როგორ აგრძელებს ცხოვრებას ის, ვინც საყვარელ ადამიანს ერთხელ უკვე უღალატა? ფსიქოლოგების აზრით, საკმაოდ რთულია ნამსხვრევებისგან შეაკოწიწო ის, რაც დაიმსხვრა. მით უფრო, ისეთ ნამსხვრევებად, რომლებიც ყოველი შეხებისას აუტანელ ტკივილს იწვევენ.

მარიკა (37 წლის): მტკივნეულია ჩემი ამბავი. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარ. ასეთი ისტორიები ბევრ ქალს გადახდენია, მაგრამ ჩემი კიდევ უფრო განსხვავებულია. სულ მეგონა, რომ მეუღლეს ვუყვარდი. ბედნიერებიც ვიყავით. არასოდეს მიეჭვიანია მასზე.

– საბაბი არ მოუცია თუ ბუნებით არ ხართ ეჭვიანი.

– არ მოუცია საბაბი. ცხრაწლიანი თანაცხოვრების განმავლობაში ჩვენი კავშირი მყარიც იყო და ჰარმონიულიც. ჩემი მეუღლე სერიოზული ადამიანია, არასოდეს აცანცარებულა და არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედებდა. ერთად ვიყავით ყოველთვის და ყველგან. მაგრამ ისეთი რაღაც მოხდა... შარშან ჩემი ქმრის დაბადების დღე აღვნიშნეთ. უცებ გადაწყვიტა, რაღაცნაირად მოუნდა და მეც უარი არ მითქვამს. დაპატიჟა ნაცნობ-მეგობრები, კოლეგები. რესტორანში მოვიდა ბევრი ჩემთვის უცნობი ადამიანი. ცოტა ხანში შევამჩნიე, როგორ ესაუბრებოდა ქმარი ძალიან გამომწვევად ჩაცმულ შავგვრემან ქალს დარბაზის კუთხეში. ხომ არასოდეს მიეჭვიანია მასზე. ეს რომ დავინახე, უსიამოვნოდ „გამკენწლა“. როგორც უკვე გითხარით, ცხრა წელია, დაქორწინებული ვართ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქმარს არასოდეს უღალატია ჩემთვის.

– ძალიან უნაკლოდ და უღრუბლოდ გამოგყავთ. თქვენ მისი პირველი სიყვარული იყავით?

– არა. ქმარს ჩემთან თავის წარსულზე ლაპარაკი უყვარდა. სკოლაში თანაკლასელი ჰყვარებია. სერიოზული გრძნობა იყოო. თუმცა ურთიერთობა არ შედგა და მას მერე დიდხანს არ უნახავს. მე ეს ამბავი ვიცოდი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არასდროს მიმიქცევია. ეს ხომ ბევრი წლის წინ იყო. თუმცა, რესტორანში დაბადების დღეზე შეხვდნენ ერთმანეთს და ჩემდა სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩემს ქმარს არ დაუვიწყებია ძველი სიყვარული. თურმე, მუდამ მასზე ფიქრობდა… მოკლედ, ღამე ერთად გაატარეს სასტუმროში. იმ მომენტამდე ჩვენი ურთიერთობა ზღაპარს ჰგავდა. ქმარი ღალატში გამომიტყდა, იფიცებდა, რომ ძალიან ნანობდა და აღარასდროს გაიმეორებდა. მეც დავუჯერე, რადგან ამ შემთხვევამდე ბედნიერები ვიყავით და არასოდეს ვატყუებდით ერთმანეთს. შეიძლება გაგიკვირდეთ, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ცხოვრება ღალატის მერე არ იყო ცუდი.

– რას გულისხმობთ. რამე შეიცვალა?

– დიახ. რა თქმა უნდა. ქმარი მუდამ ცდილობდა, თავისი დანაშაულის გამოსყიდვას. კიდევ უფრო უკეთესი გახდა. მოჰქოდა ყვავილები, საუზმე საწოლში, არაფერზე მაწუხებდა, სულ ჩემს სიამოვნებაზე ფიქრობდა. ამ იდილიაში ადვილად დავივიწყე მისი ღალატი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ...

– ის უყვარდა და თქვენ გვერდით მყოფიც სულ მასზე ფიქრობდა.

– რა თქმა უნდა, მაგრამ მე ეს ამბავი დავაიგნორე და შეცდომაც დავუშვი. ბოლო პერიოდში ხშირად მიდიოდა მივლინებებში. მე საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, სანამ ერთ დღეს თვალები არ ამეხილა. ნელ-ნელა ისევ აღვიდგინე ის საბედისწერო დღე. სანამ სტუმრებით ვიყავი დაკავებული და სუფრას ვადევნებდი თვალს, ჩემი ქმარი სადღაც გაქრა. შემდეგ დარბაზის მოშორებულ კუთხეში ტკბილად მოსაუბრე წყვილი დავინახე. ლამის ფეხები მომეკეცა. ეს ის იყო. ეს იყო ქალი, რომელმაც ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ დაანგრია ჩვენი ურთიერთობა, სანამ მე რამეზე ვიეჭვებდი. საღამოს ქმარს კითხვები დავაყარე, მას არ უარუყვია ჩემი ეჭვები. მე მართალი აღმოვჩნდი. მთელი ეს მივლინებები იმ ქალის გამო იყო. თან ახლა უკვე, პატიების თხოვნის ნაცვლად, ქმარმა აქეთ წამომიყენა უაზრო პრეტენზიები – რომ არ ვარ საინტერესო მოსაუბრე, ბებერივით ვიცვამ და არც საწოლში ვვარგივარ. აღმოჩნდა, რომ ისევ მატყუებდა და მდაბიო ქალად მთვლიდა. ამბობენ, რომ ღალატის შემდეგ ორი გზაა: აპატიო და იყო ბედნიერი ან მაშინვე დაშორდე. ახლა უკვე ვიცი, რომ დიდი სისულელეა, ენდო ქმარს და აპატიო. გულწრფელად მიყვარდა მეუღლე. მაგრამ დავრწმუნდი, რომ ის, ვინც ერთხელ გაბედა ღალატი, კიდევ გაიმეორებს. გახსოვდეთ ეს, მოტყუებულო ცოლებო! მით უმეტეს, რომ ღალატის პატიება არ არის მარტივი საქმე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი