როგორ ძალადობენ ქალებზე ოჯახში მეუღლე და მისი ოჯახის წევრები
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 25.04

ოჯახში ქალთა გენდერული ნიშნით ჩაგვრა გლობალური პრობლემაა, რაც სერიოზულ ზეგავლენას ახდენს ქალების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე. ეს საკითხი საქართველოშიც აქტუალურია და განსაკუთრებულ ყურადღებასა და ქმედებებს საჭიროებს.
გენდერული ნიშნით ჩაგვრა გულისხმობს ძალადობას, რომელიც გამომდინარეობს სქესის საფუძველზე და მიზნად ისახავს ქალების დამცირებას, კონტროლსა და დაქვემდებარებას. ეს შეიძლება, გამოვლინდეს ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან ეკონომიკური ძალადობის ფორმებში.
ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ძირითადი მიზეზებია:
გენდერული სტერეოტიპები: საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები, რომლებიც ქალებს ანიჭებს დაქვემდებარებულ როლს ოჯახში.
ეკონომიკური დამოკიდებულება: ქალების ფინანსური დამოკიდებულება პარტნიორზე, რაც ართულებს ძალადობისგან თავის დაღწევას.
სოციალური ნორმები: საზოგადოებაში გავრცელებული ტოლერანტობა ძალადობის მიმართ და მსხვერპლის დადანაშაულება.
ოჯახში ქალთა გენდერული ნიშნით ჩაგვრა სერიოზული გამოწვევაა, რომელიც საჭიროებს როგორც სახელმწიფო, ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და თითოეული მოქალაქის აქტიურ ჩართულობას. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ქალები დაცულნი და თანასწორნი იქნებიან.
მაკა (43 წლის): ძალიან დიდი ხანი ვცდილობდი, დამესტაბილურებინა ქმართან დაძაბული ურთიერთობა და ოჯახი შემენარჩუნებინა, მაგრამ სამწუხაროდ, მივხვდი, რომ ეს შეუძლებელია. ჩემი ოჯახის გადარჩენის იმედი უკვე დავკარგე. მე, ბავშვი, მეუღლე და დედამთილი ერთად ვცხოვრობდით. ჩემს ქმარს არასოდეს უმუშავია, დედამისისა და ჩემს კმაყოფაზე ცხოვრობდა. კარგა ხანია, სასმელს მიეძალა, თან, შეუძლია, სრულიად უმიზეზოდ ამიშარდეს, მაგინოს, მიყვიროს. როდესაც პირველად მცემა, დავემუქრე, პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი. შეშინდა და ერთი წელი ხელი არ დაუკარებია.
– ქორწინებიდან რამდენ ხანში მოხდა ეს, თუ თავიდანვე ძალადობდა?
– გათხოვებიდან ძალიან მალე წამოვიდა მისგან აგრესია. თავიდან ამისგან დედამთილი მიცავდა: როდესაც მისი შვილი შინ გალეშილი ბრუნდებოდა, მე ოთახში ვიკეტებოდი. დედამისი მისაღებ ოთახში გაუშლიდა ხოლმე ლოგინს, დილით კი ჩემს ქმარს აღარაფერი ახსოვდა. ბოლო ხანებში ისევ დამიწყო ცემა. ორი დღის წინ დანას წამოავლო ხელი და მიღრიალა, უნდა აგკუწოო. კვლავ დედამთილი ჩადგა შუაში... მერე კი მივხვდი, რომ მისგან მხარდაჭერის იმედი არ უნდა მქონოდა, მან უფრო თავისი შვილი გადაარჩინა მკვლელობის გამო ციხეში მოხვედრას. დილით კი თვითონ ჩამალაგებინა ბარგი – აქედან უნდა წახვიდეო. ხომ იცით, წასასვლელი არ მაქვს, თქვენი შვილიშვილი მაინც არ გეცოდებათ-მეთქი? შენ მე ვერ მაფასებ და შინ როგორ გაგაჩეროო, – მიპასუხა და კარი გამიღო.
– დედამთილიც უკმაყოფილო იყო თქვენით?
– თავიდან მასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, დედამისს ჩემმა ქმარმა ჩააგონა, რომ მძულდა. არადა, მისი საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა?! მე ბევრჯერ მიფიქრია, სახლიდან წასვლა, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. დედაჩემი ინვალიდია. ჩემი და მას უვლის, მათაც ვუგზავნიდი ხელფასის ნაწილს. მოკლედ, წასასვლელს ვერ ვხედავდი, არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა, მაგრამ ახლა, როდესაც ქმარი დანით გამომეკიდა, იქ ვეღარ დავრჩებოდი. დილით ტაქსის გასაჩერებლად გავედი და როდესაც შემოვბრუნდი, ეზოში ჩემი შვილი დამხვდა. თურმე, სახლიდან გავედი თუ არა ჩემმა ქმარმა ჩანთები გარეთ გამოაწყო და ბავშვიც გამოისტუმრა. მეორე თვეა, არავის მოვუკითხივვართ. მე თუ არა, ბავშვი ხომ მაინც უნდა ენაღვლებოდეთ? არადა, ადრე რომ ვთქვი, ოჯახიდან წავალ-მეთქი, დედამთილი დამემუქრა, დედობას ჩამოვართმევინებ და ბავშვს წაგართმევო...
– არ უთქვამს, რის საფუძველზე აპირებდა თქვენთვის დედობის ჩამორთმევას?
– მაშინ არ ვმუშაობდი, თან, სახლიც ხომ არ მაქვს და მაშინებდა: შენ რა გაგაჩნია ბავშვის შესანახად, სასამართლო ჩვენ მოგვცემს მეურვეობას და მხოლოდ ნახვის უფლება გექნება, ეგეც, იმ შემთხვევაში, თუ ჭკვიანად იქნებიო. მერე დავფიქრდი, ვის აქვს უფლება, დედობა ჩამომართვას იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველი ვარ? აქამდე ბევრ რამეზე ვნერვიულობდი, მეშინოდა, მოძალადე კაცის, მაგრამ მომავალ ცხოვრებაზეც ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი ბავშვის მარტო გაზრდას, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული. არცერთი ქალი არ იმსახურებს მოძალადის გვერდით ცხოვრებას. საკუთარი და თავისი შვილის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას. ახლა სხვაგვარად ვაზროვნებ, უკვე ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე და როგორ ვიცხოვრო. საკმაოდ ძლიერი ვარ, რომ ძალადობას დავუპირისპირდე. და არა მარტო მე, ყველა ქალი ძლიერია და ეს ყველას შეუძლია. ყველაფერი მოგვარდება – არც ქუჩაში დავრჩებით და არც მშიერი მოკვდებით. მთავარია, მოძალადეს მოვშორდეთ და საკუთარი თავის ვირწმუნოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან