გულახდილი საუბრები

როგორ ახერხებს ზოგიერთი ცოლ-ქმარი ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას განქორწინების შემდეგაც

№8

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 03.03, 2023 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ახალგაზრდა ქალმა წლების წინ ოჯახი სიყვარულით შექმნა, მაგრამ დღეს დარწმუნებულია, რომ მისი ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა. ამას დიდი ხნის წინ მიხვდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, დღემდე ქმართან ოფიციალურად გაშორებული არ არის. უფრო მეტიც, ისინი წლებია, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ქალის თქმით, მათ ცოლქმრული ურთიერთობა არ აქვთ, არც კი ელაპარაკებიან ერთმანეთს. რატომ რჩება ზოგიერთი ქალი ყოფილ ქმართან ერთ ჭერქვეშ? რა აიძულებს მათ, მოიქცნენ ასე, მაშინაც კი, როცა საცხოვრებლის პრობლემა არ აქვთ. ზოგჯერ ქალი ამბობს, რომ ამას შვილების გამო აკეთებს.

ირინა (37 წლის): ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ოდესმე ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდი, მაგრამ არავინ იცის, ბედი ვის რას უმზადებს. უკვე წლებია, ასე ვცხოვრობ და მივეჩვიე კიდეც. დღეს ამ დავიდარაბაში ყველაფერს შევეგუე – დამცირებას, შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინებას. ვცდილობ, ჩემს ტკივილზე სხვასთან არ ვისაუბრო, ბევრმა არც იცის, ჩემს გულში რა ტრიალებს.

– ოჯახის უახლოეს წევრებსაც უმალავთ ამას?

– რა თქმა უნდა. მათი მხრიდან არც შეცოდება მჭირდება და არც დაუსრულებელი რჩევა-დარიგება. ჩვენმა მშობლებმა არც კი იციან ჩვენი ოჯახის ამბები, შორიდან კი, ალბათ, ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერად ვცხოვრობთ. თუმცა, ასე ნამდვილად არ არის. ეს ძალიან დიდი დაძაბულობისა და ნერვიულობის ფასად მიჯდება. უკვე დიდი ხანია, ჩემი და ჩემი მეუღლის გზები გაიყარა. ამის მიუხედავად, ერთ ჭერქვეშ ვართ. წლებია, მასთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს. ჩემს მდგომარეობას შევეგუე.

– ოჯახი სიყვარულით არ შეგიქმნიათ?

– მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემი ქმარი რომ გავიცანი. ის ჩემზე 5 წლით უფროსი იყო და მუშაობდა. მოვეწონე და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შემხვედროდა. დღეს, როცა დავფიქრდები, ჩემს თავს სულ იმას ვსაყვედურობ, როგორ შეიძლებოდა, ასეთი ადამიანი შემყვარებოდა. მაგრამ თავიდან არ ავლენდა თავის ქცევებს. ერთი წელი შეყვარებულები ვიყავით. ბევრჯერ მეგობრებთან ერთადაც ვყოფილვართ და ჩემი ერთი დაქალი სულ მეუბნებოდა, ეს ბიჭი საშენო არ არის და გთხოვ, მასთან ურთიერთობა არ გააგრძელოო. მაგრამ ეტყობა, მაგ დროს მეც მქონდა სიმპათია მის მიმართ და ამიტომ არ ვაქცევდი ყურადღებას მეგობრის ნათქვამს. მერე აღმოჩნდა, რომ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი შემიყვარდა. დღესაც არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, ან ის როგორ ნიღბავდა თავს ისე, რომ მისი ეს უარყოფითი მხარეები ვერ შევამჩნიე. ვფიქრობ, ალბათ, ეს ყველაფერი გამოუცდელობის გამო დამემართა. ჩავთვალე, რომ ის სიგიჟემდე მიყვარდა და შეიქმნა კიდეც ჩვენი ოჯახი. დღეს იმ სიყვარულიდან მართლა აღარაფერი დარჩა.

– რატომ?

– ქალი მამაკაცში ყოველთვის საყრდენს ეძებს. ჩემს მეუღლეში კი ადამიანი მამაკაცურ თვისებებს ვერ იპოვის. მამაჩემმა ბინა გვიყიდა ანუ თანხის ძირითადი ნაწილი მან მოგვცა, ძალიან ცოტა დავამატეთ, ისიც სესხით. ჩემს სახლში ტექნიკაც და სხვა ნივთებიც მამაჩემის ნაყიდია. დედამთილიც საშინელი მყავს. ამ ქალმა მართლა ყველაფერი გააკეთა ჩვენი ოჯახის დასანგრევად.

– ქმართან ურთიერთობა დედამთილის გამო გაგიფუჭდათ?

– ეგეც იყო მიზეზი. ყველაფერზე ვჩხუბობდით. რაც დრო გადიოდა, ვხედავდი, ქმართან ურთიერთობა მიფუჭდებოდა, უმიზეზოდაც შეგვეძლო გვეჩხუბა. სახლიდან წამოვედი და ჩემს მშობლებთან თვეზე მეტხანს ვიყავი, მაშინ ჩემი უფროსი შვილი 5 წლის იყო, უმცროსი – 2-ის. შემდეგ ისევ შევრიგდით. ამის მერე, თითქმის ერთი წელი არ გვიჩხუბია, მეგონა, დალაგდა სიტუაცია, მაგრამ მერე ისევ დაიწყო კონფლიქტები. ერთ დღეს შოკისმომგვრელი ამბავი გავიგე. შემთხვევით ჩემი ქმრის ნათესავმა გოგომ მითხრა, რომ ჩემს ქმარს თანამშრომელთან ჰქონდა რომანი და ის გოგო მისგან შვილს აჩენდა. ასეთი ღალატი და სიბინძურე ვერ ვაპატიე. მერე გავიგე, რომ იმ გოგოს 6 თვის ნაყოფი მოაცილებინეს. თურმე, კარგა ხანს ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ ერთად. ის გოგო შემდეგ საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ. ქმრის დანახვა აღარ მინდოდა,

– ამის შემდეგ ქმარს ისევ შეურიგდით?

– დიდხანს ვცდილობდი, ეს საშინელი ამბავი ჩემს მშობლებს არ გაეგოთ და მხოლოდ ჩემმა ორმა დაქალმა იცოდა. მათ გადამატანინეს ის მძიმე წუთები. გვერდით მედგნენ. ძალიან შეურაცხყოფილი და განადგურებული ვიყავი. მართალია, ეს ბინა მამაჩემმა მიყიდა, მაგრამ ჩემი ქმრის სახელზე იყო გაფორმებული. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ შეიძლებოდა, ასეთი პრობლემა შექმნილიყო. მას რომ ჰკითხო, გეტყვის, რომ ყველაფერი თვითონ იყიდა. მემუქრებოდა, თუ სახლში არ შემიშვებ, ბინას გავყიდი და ქუჩაში დარჩებიო. ბინის გადაფორმების პრობლემაც შემექმნა. ადვოკატთანაც ვიყავი და მითხრეს, რომ იურიდიულად ბინა მის სახელზეა და მისი თანხმობის გარეშე, ჩემს სახელზე ვეღარ გავაფორმებდი. ამას ისიც დაემატა, რომ უფროსმა შვილმა მითხრა: დედა, ის მამაჩემია. არ მინდა, მაწანწალასავით ქუჩაში ცხოვრობდეს და ძალიან გთხოვ, სახლში შემოუშვიო. უვარგისი მამა ჰყავს, მაგრამ მაინც უყვარს.

– ასე ცხოვრება არ გიჭირთ?

– ადვილი ნამდვილად არ არის. გამიჭირდა, მაგრამ ეს მსხვერპლი ჩემი შვილის გამო გავიღე. ქმარს პირობა წავუყენე – იმ პირობით შემოვუშვებდი სახლში, თუ ბინას ჩემს სახელზე გააფორმებდა. ეს მოვახერხე და ამჯერად ქუჩაში გაგდების საშიშროება არ მაქვს, სხვა შემთხვევაში სამართლებრივად პროცესსაც ვეღარ მოვიგებდი.

ახლა მისადმი არანაირი გრძნობა არ გამაჩნია. არც ახალი ოჯახის შექმნას ვაპირებ. ჩემი საზრუნავი დღეს ჩემი შვილებია და ის, რომ მათ შევუქმნა ნორმალური მომავალი, მივცე განათლება და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. მამას შვილებთან ნორმალური ურთიერთობა აქვს და ასე ცხოვრებით ჩემი უფროსი შვილი კმაყოფილია. პატარა კი ამ საკითხზე ჩემთან არასოდეს საუბრობს. ბავშვების მეგობრებმა იციან, რომ ჩვენ შეხმატკბილებული ოჯახი გვაქვს. უკვე, კარგა ხანია, ჩხუბითაც არ ვჩხუბობთ, რადგან საერთო არაფერი გვაქვს. ერთმანეთს არც კი ველაპარაკებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი