გულახდილი საუბრები

როდის შეიძლება, დაანგრიოს წყვილის ურთიერთობა „მესამემ“ და არსებობს თუ არა მექანიზმი ამის თავიდან ასაცილებლად

№41

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 20.10

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზას: „თუ წყვილის ურთიერთობა მყარია, ხოლო მათი თანაცხოვრება ბედნიერი, ვერანაირი „მესამე“ ამ იდილიას ვერ დაანგრევს. არის, თუ არა ეს სიმართლე და რეალურად რა ხდება, ერთი შეხედვით, ბედნიერი ოჯახის დანგრევის მიზეზი? დავიწყოთ იმით, რომ იდეალური ურთიერთობა არ არსებობს. ხარვეზი ყოველთვის ყველაფერშია. რადგან ადამიანები ურთიერთობაში ხშირად უშვებენ შეცდომებს. ზოგჯერ საკმაოდ საბედისწეროს მათი ურთიერთობისთვის. თუ ამ დროს ჰორიზონტზე გამოჩნდება „მესამე“, ყველაფრის განადგურების რისკი ორმაგდება. ძალიან ძლიერი უნდა იყოს სიყვარული და ერთმანეთთან ყოფნის სურვილი, რომ წყვილი ამ გამოწვევას გაუმკლავდეს.

გიორგი (37 წლის): ბევრს გაუკვირდა ჩემი და ჩემი ცოლის დაშორება. ყველა კარგად ხედავდა, როგორ გვიყვარდა ერთმანეთი... მაგრამ იმ „მესამემ“ ყველაფერი გააკეთა ჩვენს დასაცილებლად. მე კი ამის საშუალება მივეცი, რასაც ვერაფრით ვპატიობ საკუთარ თავს. პირველივე კურსზე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემს მეგობარსაც მოსწონდა, მაგრამ განზე გადგა. მითხრა, რადგან თავად შენ აგირჩია, მე რა უფლება მაქვს, სიყვარულში ხელი შეგიშალოთო. სულელი ვიყავი, მეგობრობის მწამდა და დავიჯერე. როგორი მიამიტი ვიყავი. ვითომ შეეცადა, დაევიწყებინა. ამას ხშირად მიმეორებდა. მაგრამ როგორც მერე აღმოჩნდა, რაც დრო გადიოდა, გრძნობას ვერ ერეოდა. გაუჭირდა საკუთარ თავთან ჭიდილი. აღარ უხაროდა საერთო შეხვედრებზე სიარული.

– თქვენ ახლა მისი საქციელის გამართლებას ცდილობთ?

– არანაირად. უბრალოდ, მინდა, ობიექტური ვიყო და სიტუაციას ყველა მხრიდან შეგახედოთ. ფაქტია, ჩვენი ბედნიერება ბოღმავდა, განმარტოებას ეძებდა. საკმარისი იყო, ერთად ვენახეთ, რომ ბოღმა და ბრაზი უფრო ერეოდა. ბოლოს, კი ჩვენი დაშორება გადაწყვიტა და ამას სიყვარულისთვის ბრძოლა დაარქვა. აბა, როდემდე უნდა ეყურებინა ჩვენი ბედნიერებისთვის.

– ეს ყველაფერი თქვენ როგორ გაიგეთ?

– თავად მითხრა. უკვე მერე, როცა ჩემი ბედნიერება გაანადგურა: მეც ადამიანი ვარ. როდემდე უნდა მეთამაშა დიდსულოვანი ადამიანის როლი. ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, რომ საყვარელი ქალი ჩემი გამხდარიყოო. მაგრამ სიყვარულისთვის ბრძოლაში ყველაფერი გამართლებული არ არის. მან ისეთი გზა აირჩია, რასაც ღირსეული ადამიანები ფიქრადაც არ გაივლებენ. როგორღაც იშოვა კლუბური ნარკოტიკი, მერე ჩვენი მეგობრების თავყრილობაზე ჩემი არყოფნით ისარგებლა, ჩემს ცოლს სასმელში ჩაუყარა და როდესაც მას ძილი მოერია, მან და მისმა დეიდაშვილმა საძინებელ ოთახში გაიყვანეს. მე გვიან მოვედი. მაშინვე ჩემი ცოლი მოვიკითხე. იმ უსინდისო გოგომ, საძინებლისკენ მიმითითა – ცოტა მეტი მოუვიდა და მგონი, წამოწვაო. ყველაფერი დაგეგმილი ჰქონდათ. მუხლები მომეკვეთა კარი რომ შევაღე, საწოლზე ხელიხელგადახვეულებს ეძინათ. მეგონა, გული გამისკდებოდა. წამიერად გავიფიქრე, რომ ორივესთვის ხელი დამევლო და საწოლიდან გადმომეყარა, მაგრამ მივხვდი, თავს ვერ შევიკავებდი და რომელიმეს მოვკლავდი. ამიტომ ვძლიე თავს და გარეთ გიჟივით გამოვვარდი. ახლაც არ ვიცი, რა ძალისხმევის ფასად დამიჯდა ეს. გზად იმას ვნანობდი, სიკვდილამდე რომ არ ვცემე ის ნაძირალა. მეორე დღეს ჩემს ცოლს წერილი დავახვედრე: ორ დღეს გაძლევ, შენი ნივთები აიღე და სადაც გინდა, წადი-მეთქი. მისი ნახვა არ შემეძლო. არც არაფრის ახსნა.

– თქვენი მეუღლე ცდილობდა დაკავშირებას?

– როგორ არ ეცადა, დამკავშირებოდა, მაგრამ მე მისი ხმის გაგონებაც არ მინდოდა. სამაგიეროდ, ის ნაძირალა დაჩოქილი ემუდარებოდა, თურმე: ხომ ხედავ, ქმარმა როგორ მიგატოვა, არც მოგისმინა, არადა, ისეთი რა მოხდა? დავთვერით და ერთად გვეძინა, სხვა ხომ არაფერი. მიყვარხარ, ერთად ბედნიერები ვიქნებითო... საბოლოოდ, გამოუვიდა კიდეც და ბევრი ფიქრის შემდეგ ჩემი ყოფილი ცოლი ჩემს ყოფილ მეგობარს გაჰყვა ცოლად. შემომითვალა, ყველაფერი შენი ბრალია. მართლა ისე რომ გყვარებოდი, როგორც თავს მაჩვენებდი, ასე იოლად არ დამივიწყებდი და სიტუაციის გარკვევას შეეცდებოდიო.

– ახლაც ერთად არიან?

– არა. ჩემს ცოლს ორი წლის შემდეგ სიმართლე უთხრეს, მოუყვნენ, რაც იმ წვეულებაზე მოხდა. ხომ იცით, რამდენი „კეთილის მსურველი“ გვყავს ადამიანებს. ამ ამბავს საშინელი სკანდალი მოჰყვა. უკვე შვილიც ჰყავდათ, მაგრამ მაინც დაშორდნენ და როგორც ვიცი, შვილსაც კი არ ანახვებს. სწორედ ამის მერე გავიგე, რა მოხდა სინამდვილეში. ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. მივხვდი, რომ ვიჩქარე, უნდა მომესმინა ჩემი ცოლისთვის. მზად ვარ, ყველაფერი თავიდან დავიწყო. წელიწადზე მეტია, მის გულის მოგებას ვცდილობ, ვინ არ მივუგზავნე, მაგრამ ამაოდ. ჩემი ნახვა არ უნდა. ასე დავანგრიე ჩემი ბედნიერება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი