გულახდილი საუბრები

როდის ნადგურდება ქალში ქალი და რატომ აღარ უნდა თანამედროვე ქალს გათხოვება

№26

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 08.07, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

რატომ არ თხოვდები? რატომ არ გათხოვდი? როდის უნდა გათხოვდე? – ამ კითხვებით მიმართავენ ყველა ქალს, ვინც 20 წელს ოდნავ მაინც გადააბიჯა. ამ კითხვების სიხშირე წლებთან ერთად იმატებს. მაგალითად, 25 წელს ზემოთ უკვე იწყება: დროა გათხოვდე, შინაბერა ხომ არ უნდა დარჩე ან – შენს ასაკში უკვე ორი შვილი მყავდა. 30 წლის მერე კითხვები განსაკუთრებით მძაფრდება, და დაახლოებით, 40 წლის მერე იწყება: კარგი იქნებოდა გათხოვილიყავი, რა ცუდია, რომ არ გათხოვდი, ოჯახი აუცილებლად უნდა შეგექმნა. არავის ესმის, რომ არსებობს ერთი მთავარი და მარტივი მიზეზი – ქალს, უბრალოდ, არ უნდა გათხოვება. ანუ, თუ დღეს გათხოვილი არ ხარ, ესე იგი, არ გინდა გათხოვება. ფსიქოლოგებიც კი გვარწმუნებენ, რომ ყველაფრის თავი და თავი ისაა, რომ ქალს არ სურს გათხოვება და იმიტომ არ თხოვდება.

მარიამი (37 წლის): დღეს იშვიათად წააწყდებით ადამიანს, ვინც გათხოვების თემებზე არ საუბრობს. უამრავ ისეთ მიზეზს გაიგონებ, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულს, თითქოს ჩვენ, საწყალ ქალებს ძალიან გვინდა გათხოვება და ეს მამაკაცებს აფრთხობს. ბევრს ვმუშაობთ და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ გვრჩება; მამაკაცს დიდ მოთხოვნებს ვუყენებთ; სახლში ვზივართ და როგორ გავიცნობთ ვინმეს; საკუთარი თავი არ გვიყვარს და სხვას როგორ შევიყვარებთ. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიზეზია და „გაპაპსავებული“.

მიიხედ-მოიხედეთ, ადამიანებო, თქვენ ირგვლივ არიან ქალები, რომლებსაც უყვართ საკუთარი თავი, არც ბევრს მუშაობენ, არც სულ სახლში სხედან, თავსაც უვლიან და კარგადაც გამოიყუერბიან, მაგრამ მაინც გაუთხოვრები არიან. ვიღაცებს ვერ გაუგიათ, რატომ.

– და, მაინც, რა არის ამის მიზეზი?

– როგორი გადაცვეთილი კითხვაა. ყველას თავისი მიზეზი აქვს. მაგრამ არსებობს ერთი მთავარი მიზეზი – ქალს არ უნდა გათხოვება. თუ დღეს გათხოვილი არ ვარ, ესე იგი, არ მინდა გათხოვება. მარტივი კანონზომიერებაა – ცხოვრებაში გვაქვს ის, რაც გვჭირდება. როგორც დღეს ცხოვრობთ, თუნდაც გაუცნობიერებლისა და ქვეცნობიერის დონეზე, თქვენთვის ფასეული და მოსახერხებელია. ეს თქვენი არჩევანია. მეტსაც გეტყვით – სექსუალობა არ არის არც ასაკი და არც სილამაზე. თანაც არც ერთი და არც მეორე კავშირში არ არის გათხოვებასთან.

– შესაძლოა, ქვეცნობიერად ურთიერთობების შიში გაქვთ, განსაკუთრებით, თუ თქვენი მშობლების ურთიერთობა არ აეწყო და რთული, კონფლიქტური იყო.

– არანაირი შიში არ მიბლოკავს გათხოვების შესაძლებლობას. უბრალოდ, არ მსურს, ვინმე ახლოს მოუშვა, შემდეგ კი დავკარგო ან, შეიძლება, არ მინდა გავიზარდო და თანაც, მარტო დარჩენა უფრო კომფორტულია იმ სივრცეში, სადაც თავს თავისუფლად და ლაღად ვგრძნობ. ყველა ამ მიზეზს თავისი ფარული „სარგებელი“ აქვს, მაგალითად, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ, არ ვიზრდები, დედისა და მამის თვალში კვლავ უმანკო გოგონა ვარ, არ ვრისკავ და ნამდვილ ურთიერთობებს არ ვიწყებ. თავს ვიცავ ტკივილისგან, ღალატისგან, იმედგაცრუებისგან, არ მინდა ცხოვრების შეცვლა, დედასთანაც კარგად ვგრძნობ თავს… ვერ ვხვდები, ეს მიზეზები რატომ არის არგუმენტს მოკლებული. ადრე ძალიან ვბრაზდებოდი ისეთ ფრაზებზე, როგორიცაა: როგორ ვერ გათხოვდი, უკვე 30-ის ან 35 წლის ხარ, ყველა დიდი ხანია, გათხოვდა, რით ხარ სხვაზე ნაკლები, დღეს კი, ფაქტობრივად, არც მესმის, სრულად ვაიგნორებ.

– გამოდის, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რომ თქვენ არ გინდათ გათხოვება, რადგან დღევანდელი მდგომარეობა თქვენთვის უფრო მოგებიანი, მოსახერხებელია, ვიდრე ქორწინება. ამის გაცნობიერება გიჭირთ, მაგრამ თქვენმა „შინაგანმა“ ეს სარგებელი იცის და ამიტომაც არ ხართ გათხოვილი. მაგალითად, გაუთხოვარი ქალების საქციელში შესამჩნევია, რომ ისინი ისეთ მამაკაცებს ირჩევენ, რომლებსაც ცოლის მოყვანის სურვილი არა აქვთ.

– ანუ, მარადიულ მექალთანეებს? ქალების გულთამპყრობელებს ან ცოლიანებს? არ ხართ მართალი. თქვენ ფიქრობთ, რომ მე დავდივარ და ყოველ წუთს ვიმეორებ: „არ მინდა გათხოვება“, „არ გავთხოვდები“, „არ მინდა გათხოვება“... რა სისულელეა! არც ის მითქვამს, რომ „დღეს ნამდვილი მამაკაცები აღარ არიან, ვის გავყვე ცოლად?“, „ვაჟკაცები გადაშენდნენ“... მსგავსი არაფრის მომცემი განცხადებები არასდროს გამიკეთებია. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს თავის დაცვას. მე კი არავისგან მჭირდება თავი დავიცვა. ისედაც ძალიან ბედნიერი ვარ. ქალები გათხოვდებიან და მერე საკუთარი თავის შეცოდებას იწყებენ, ხელს ჩაიქნევენ ხოლმე და ამბობენ, რომ ყველაფერი უშედეგოა, არაფერი გამოვა და საერთოდ არაფერს აკეთებენ – არ აქცევენ თავს ყურადღებას, წონაში იმატებენ და ამით ქმრებს აფრთხობენ. ზოგიერთი ქალი უამრავ საქმეს „წამოიკიდებს“ ხოლმე, ეხმარება არა მარტო ქმარს, არამედ ნათესავებს, მშობლებს, რათა საერთოდ აღარ დარჩეს დრო ფიქრისთვის — რატომ ვარ გათხოვილი? აი, მე, მაგალითად, ჩემს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით მარტივი პასუხი მაქვს — არ მინდა და არ ვთხოვდები!

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ როდესაც საკუთარ თავთან აღიარებთ, რომ მზად არ ხართ გადაწყვეტილების მისაღებად, იღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ გაუთხოვარი ხართ და ძველებურად აგრძელებთ ცხოვრებას, მაგრამ კმაყოფილებით! იცით, რომ ეს თქვენი არჩევანია. თუმცა, როდესაც გათხოვების გადაწყვეტილებას იღებთ, უნდა იმოქმედოთ. და ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა. გავთხოვდე, იმიტომ რომ გათხოვილი ვიყო – ამაზე დიდი შეცდომა არ არსებობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა