გულახდილი საუბრები

როდის ინგრევა რეალურად ოჯახი და ვინ არის წყვილის სიყვარულის მტერი

№10

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 15.03

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

ცხოვრება ზოგჯერ ძალიან რთულია მხოლოდ იმიტომ, რომ მას ჩვენ თავად ვართულებთ. ტოქსიკური და დამთრგუნველი ურთიერთობა არათუ უპერსპექტივოა, არამედ ანგრევს ადამიანის ფსიქიკას, აქვეითებს თვითშეფასებას და შესაძლოა, მთელი ცხოვრება ისე გავიდეს, ღირებული ვერაფერი შექმნას ვერ შეიყვაროს საკუთარი თავი და ვერასოდეს განიცადოს ბედნიერება.

თათა: ახალა ცოტა ხნით ვარ თბილისში. მალე ისევ უცხო ქვეყანაში წავალ. იქ, სადაც უკვე შვიდი წელია, ვცხოვრობ. სანამ შვილებსაც წავიყვანდი, ვნერვიულობდი და მართლა დღე და ღამე ვტიროდი. განვიცდიდი მათგან შორს ყოფნას. ახლა მშვიდად და ბედნიერად ვარ – ორ წელზე მეტია, შვილები გვერდით მყავს. სხვა აღარც არაფერი მჭირდება. ჩემი მომავალი ქმარი პირველ კურსზე გავიცანი. მიმზიდველი ბიჭი იყო, გადასარევად მღეროდა და უკრავდა. მეგობრები ეხუმრებოდნენ, ინჟინრობა რა შენი საქმეა, რად გინდოდა, სიმღერისთვის ხარ დაბადებულიო. ერთოთახიანი ბინა ჰქონდა – ბიძამისმა აჩუქა. მიხაროდა, თავიდანვე მარტონი, დამოუკიდებლად ვიცხოვრებთ-მეთქი. მაგრამ ჩვენი შეუღლებიდან სამ თვეში დედამისი ჩამობრძანდა რაიონიდან და გამოგვიცხადა, - სახლ-კარს დედამთილი და ქალიშვილები მიხედავენ, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, არ მეღირსა თბილისში ცხოვრება, ახლა დროა, დავისვენოო. კარში ფეხი შემოდგა თუ არა, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აინტერესებდა, ღამე როგორ ეძინა მის შვილს, ხომ არ შფოთავდა, ან ოხრავდა...

– გამოდის, რეალურად მეუღლესთან ურთიერთობა მისმა ჩამოსვლამ აგირიათ?

– რეალურად, მაგით დაიწყო. თავიდან ხმის ამოუღებლად ვიტანდი მის გამოხდომებს, მერე გამიჭირდა „ყრუსა“ და „ბრმის“ თამაში. სულ დაძაბული და ნერვებდაწყვეტილი ვიყავი. ვეღარც შვილები მშველოდნენ, ვერც მშობლები, რომლებიც დღენიადაგ მაწყნარებდნენ და მარწმუნებდნენ: არ აჰყვე, დაიღლება და გაგეცლებათო...

– თქვენთან ჰქონდა კონფლიქტი?

– კონფლიქტი კი არა, ვერც აღვწერ, როგორ მამწარებდა. ამატირებდა და მერე, თავად მშვენიერ გუნებაზე იყო, ღიღინებდა. რა ჭკუაზე დავდგებოდი. ჩემს ქმარს ხელში ჩაიგდებდა და ისეთ რაღაცებს ეუბნებოდა, შოკში ვიყავი. რაღაცებს იგონებდა, ამბობდა, ჩემი სახლიდან გაგდება უნდა, ლამის ტვინში სისხლი ჩამექცესო. ჩემი ქმარი უკვე სულ ყვიროდა. მერე ხელითავ შემეხო და იმ დღეს გაწყდა ყველა სიმი, რაც კი მასთან მაკავშირებდა. მაგრამ მაინც ვერ შევძელი სახლიდან წამოსვლა.

– რატომ?

– მეშინოდა, მერიდებოდა, ჩემი ჭკუით, შანსს ვაძლევდი. მინდოდა, ჩემს შვილებს მამა ჰყოლოდათ. ეს უფრო სირაქლემას პოზაში ყოფნა იყო. ჩემმა დედამთილმა ჩემს ქორწინებას, როგორც იტყვიან ხოლმე, კუბოში ბოლო ლურსმანი ჩააჭედა. მოიგონა, რომ ქმარს ვღალატობდი. იცით, როგორი ტყუილი იყო, წარმოუდგენელი, მაგრამ თავისი შვილი დააჯერა. მისი თანდასწრებით მიკიოდა: არ გრცხვენია, ორი შვილის დედას, სხვა კაცს რომ უწევხარო? ბოლოს ჩემმა ქმარმა და დედამისმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს განქორწინებასა და ჩემთვის დედობის უფლების ჩამორთმევაზე. მოსამართლემ ცოლ-ქმარი გაგვყარა, მაგრამ შვილები მე მომაკუთვნეს... მერე მეგობარი დამეხმარა და რამდენიმე თვეში კანადაში წავედი. ძალიან მიჭირდა ჩემი შვილების გარეშე, მაგრამ იმდენი მოვახერხე, რომ იქ ლეგალურად დარჩენა შევძელი. მერე კი შვილებიც წავიყვანე... მინდა, მათ საუკეთესო განათლება მივცე. მერე კი აუცილებლად დავბრუნდები.

– ყოფილ ქმართან ან დედამისთან რამე კავშირი თუ გაქვთ?

– აქ ჩამოსულს, ჩემი ყოფილი ქმრის ნათესავმა ქალმა ისეთი ამბავი დამახვედრა, რომ თმა ყალყზე დამიდგა. როგორც იქნა, გავიგე, რატომაც ვერ მიტანდა ჩემი დედამთილი. მას ნათესავისთვის უთქვამს: ცოლი რომ მოიყვანა, ეჭვიანობამ შემიპყრო, ვერ ავიტანე, რომ ცოლს თბილად ეპყრობოდა, მაღიზიანებდა მათი ერთად ყოფნა. ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, ჩემი შვილი რომ დამებრუნებიაო. ამის მერე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ კარგი ვქენი, მათი ოჯახიდან რომ წამოვედი. გიჟია. აბა, ნორმალური ამას გააკეთებს და მერე იტყვის კიდეც? ისიც ვიცი, ის საცოდავი ჩემი ყოფილი ქმარი ცოლს თუ ისევ მოიყვანს , ეგოისტური გრძნობა დედამისს ისევ მოეძალება, არავისთან გაახარებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი