გულახდილი საუბრები

როდის იქცევიან მტრებად საყვარელი ადამიანის ოჯახის წევრები

№37

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 24.09, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ყველა ადამიანს აქვს პირადი ცხოვრება, რომელიც სხვებისთვის ხელშეუხებელი უნდა იყოს. მაგრამ ბევრმა კიდევ ვერ ისწავლა, რა არის მისი საქმე და რა - არა. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარ ცხოვრებას ვერაფერს უხერხებენ, სამაგიეროდ სხვებს ასწავლიან ჭკუას. რა უნდა მოუხერხო მათ, მით უფრო, თუ ოჯახის წევრები არიან? მარტივი სათქმელია, ყურადღება არ მიაქციო. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ისინი ახერხებენ ყველაფერი თავდაყირა დააყენონ..

ნატა (31 წლის): სანამ გავთხოვდებოდი, ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, ცოლ-ქმარმა მარტო უნდა იცხოვროს, თორემ თუ ოჯახში მესამეცაა, ჩათვალე, პრობლემა უკვე არსებობსო. ყველაფერი გააკეთე, რომ მაშინვე ცალკე გადახვიდეთო. მე ვეკამათებოდი, ვეუბნებოდი, რა სისულელეა, მართალია, დედამთილი ჩემი ნამდვილი დედა არ იქნება და არც მამამთილი – მამა, მაგრამ ისინი ხომ ჩემი საყვარელი ადამიანის მშობლები იქნებიან და რატომ უნდა მქონდეს ცუდი შეხედულება და განწყობა-მეთქი. არ ყოფილა ასე მარტივად ყველაფერი. ჩვენ კი გვინდა სტერეოტიპები დავანგრიოთ, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ისეთ უფსკრულს ვაწყდებით...

– დიახ, დღემდე პრობლემად რჩება წყვილისა და მათი ოჯახის წევრების ურთიერთობა.

– ყველა ცდილობს, ჭკუა გასწავლოს და ცხოვრება თავის ყაიდაზე დაგიგეგმოს. მეგონა, რომ გავთხოვდი და ქმარიც არაჩვეულებრივი შემხვდა, ეს იყო საკმარისი ბედნიერებისთვის. როგორ ვცდებოდი! დედამთილ-მამამთილთანაც საკმაოდ კარგად დავალაგე ურთიერთობა. მაგრამ თურმე, რა ტყუილად მიხაროდა, მულმა ცხოვრება გამიმწარა.

– მულს რა უნდა თქვენს ურთიერთობასთან. რატომ ერევა, რა არ მოსწონს?

– წარმოდგენა არ მაქვს. თავიდან ჩვენი დიდი გულშემატკივარი იყო. ახლა კი სულ ცდილობს, ჩვენ შორის ჩადგეს. მარტო არსად გვიშვებს, მურმანის ეკალივით შუაში გვეკვეხება. უკვე ვხედავ, როგორ შურს ჩემი და მისი ძმის ბედნიერება. 35 წლისაა, ჯერ ვერ გათხოვდა. ისეთი მოთხოვნები აქვს, თითქოს პრინცესა იყოს. პრინციპში, ეს ჩემი საქმე არაა, თავს რომ დამანებებდეს. ჰგონია, თავადაა ოჯახში უფროსი. აქამდე სულ ვფიქრობდი, ასეთი ლამაზი და ჭკვიანი გოგო როგორ დარჩა გასათხოვარი-მეთქი, მაგრამ ახლა, რაც მისი ხასიათი გავიგე, აზრი შემეცვალა – ამას ცოლად ვინ მოიყვანს?

– იქნებ თქვენს ამ განწყობას ხვდება?

– არა. ეს არაფერ შუაშია. თვითონ მომიყვა, შეყვარებულები მყავდა, მაგრამ მალევე ვშორდებოდი, ვერ მიძლებდნენ, ქალის პრეტენზიებს რომ ვერ აიტანს, ის კაცი მე კი არა, არცერთ ქალს არ გამოადგებაო. მისი სახე უნდა ნახოთ, როცა ჩემი ქმარი მეხუტება. თვალებით მჭამს. ასე შურდეს დას საკუთარი ძმის ბედნიერება და ამას ასე აშკარად გამოხატავდეს, პირველად ვნახე და გავიგე. მხოლოდ ორი წელია, გათხოვილი ვარ და უკვე საკმარისად მომშხამა. ჩემსა და დედამთილს შორისაც დგება. ცდილობს, გადამკიდოს. კიდევ კარგი, შეგნებული ქალია და არ ჰყვება. ქალაქგარეთ უიქენდზე ვერ წავსულვართ, რომ ეგეც არ წამოვიდეს. როგორ დავიჯერო, რომ ვერ ხვდება, ცოლ-ქმარს მარტო ყოფნა რომ აცალოს. თან, ისე აქვს დაყენებული საკითხი ოჯახში, ვერავინ ეკამათება. მეც ვცდილობ, არ დავძაბო სიტუაცია და როცა ვხვდები, კამათისკენ მიდის, მეორე ოთახში გავდივარ. ჩემი ქმარიც ვერაფერს ეუბნება. ზოგჯერ ისე ვბრაზდები ჩემს ბოროტ, შურიან და შეუგნებელ მულზე, მინდა, მივვარდე და დავახრჩო, მაგრამ თავს ვიკავებ.

– ასეთი აგრესიით ძალიან გაგიჭირდებათ.

– პერიოდულად წამომივლის ხოლმე აგრესია. მართლა ვცდილობ, დავალაგო მასთან ურთიერთობა, მაგრამ არაფერი გამომდის. ახლახან პატარა შემეძინა. ცოდვას ვერ ვიტყვი, ჩემს შვილს თან ჰყვება, მართლა გულით უყვარს და ცდილობს, რაც შეუძლია, გაანებივროს. ამბობს კიდეც, ეს ბავშვი ჩემი ცხოვრების აზრიაო. მაგრამ, მე და მისი ძმა რომ საშინელ წნეხში ვყავართ და ბედნიერება ჩაგვიშხამა, ამაზე არ ფიქრობს. ზუსტად ვიცი, მთელი ცხოვრება მისი ატანა მომიწევს და როდემდე მოვუთმენ და გავჩუმდები, აი, ეს კი ნამდვილად არ ვიცი.

ყველას ვეუბნები, თუ ბიჭი გიყვართ და გინდათ, ცოლად გაჰყვეთ, საყვარელი ადამიანის გვერდით მშვიდად იცხოვროთ, დაელოდეთ, სანამ მისი და არ გათხოვდება.

– ცალკე რომ გადახვიდეთ?

– ჯერჯერობით ამის ფინანსური საშუალება არ გვაქვს. თუმცა მგონია, რომ ეგ იქაც არ მოგვასვენებს. სახლიდან ხომ არ გავაგდებ ჩემი ქმრის დას. მოვა ძმისშვილის სანახავად და მოახერხებს მომშხამოს. მოკლედ, ჩემი სატარებელი ჯვარია. ნეტავი სასწაული მოხდეს და გათხოვდეს. იქნებ ამან მიშველოს. ჩემთვის ვეღარ მოიცალოს და შემეშვას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი