როდის დგება მამაკაცი დილემის წინაშე და როგორ აკეთებს არჩევანს ცოლსა და საყვარელს შორის
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 13.10

სიყვარული მარადიული არ არის. ზოგჯერ კი ორი ადამიანი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას ემოციურ ფონზე იღებს და ჭეშმარიტ გრძნობას ადგილი არ აქვს. რა ხდება ამ დროს? თუ ქალი ან მამაკაცი შეხვდება სხვას და აღმოაჩენს, რომ სწორედ ეს ყოფილა მისი ნამდვილი მეორე ნახევარი, იწყება ურთიერთობის რღვევა კანონიერ მეუღლესთან. ეს მტკივნეულია, რადგან ოჯახური ძაფები საკმაოდ მყარია. მით უმეტეს, თუ მათ უკვე შვილებიც ჰყავთ და ერთად არაერთი წელია, ცხოვრობენ.
გიორგი (42 წლის): ჩემი ცხოვრება აირია და ამას უკვე აღარაფერი ეშველება. მივდიოდი ოჯახიდან. გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა. სიყრმის მეგობარმა გამომაფხიზლა: გონს მოდი, სიყვარულით შექმნილ ოჯახს ნუ დაანგრევ, არ იმსახურებს შენი ცოლი მოტყუებასო.
– ოჯახი სიყვარულით შექმენით?
– დიახ. მაშინ ასე მეგონა, რომ მასზე ძლიერ არავინ მიყვარდა და არც შემიყვარდებოდა. მაგრამ მერე „ის“ გავიცანი... მოკლედ, ექვსი წელი მიყვარდა ქალი, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. მეც ოჯახი მქონდა და მასაც, მაგრამ სიყვარული არავის არაფერს ეკითხება. ვერ ვძლებდი მის გარეშე და ცოლთან გაშორებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ ბოლოს მაინც მეგობარს დავუჯერე, თავს მოვერიე და საყვარელ ქალს დავშორდი.
– მეუღლესთანაც ხომ გქონდათ გრძნობა...
– ამ გრძნობამ დამტოვა მასთან. მეოთხე კურსზე ვიყავი, პირველი შვილი რომ შეგვეძინა, მერე – მეორეც. ათი წელი ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ შევხვდი „იმას“ და გავშეშდი. ერთ წვეულებაზე ვნახე. მთელი საღამო თვალს ვერ ვაშორებდი. გამიღიმა და გულზე თითქოს თბილმა ტალღამ გადამიარა. იმ დღის მერე უმისოდ ვერ ვძლებდი.
– ერთი ნახვით შეყვარება?
– დიახ. ასე გამოვიდა. მისგან შორს ყოფნა არ შემეძლო. ხან სად დავდიოდით სასეირნოდ და ხან სად. სიგიჟემდე მიყვარდა, მაგრამ იმაზე აღარ ვფიქრობდი, ამას რა მოჰყვებოდა. მისთვის ხშირად ისეთი სიურპრიზი მომიწყვია, რომ მეზობლები დიდხანს ჭორაობდნენ „ინკოგნიტო“ თაყვანისმცემელზე. მისი სახლის კართან ღამითაც მიმიტანია ყვავილები. მის ქმარს კი მადლიერი პაციენტის მორთმეული ეგონა. არაერთხელ უთქვამს, შენ რომ მიმატოვო, არ ვიცი, რა დამემართებაო. ასეა თუ ისე, ცხოვრების დინებას მივყვებოდი მანამ, სანამ ჩემმა ცოლმა რაღაც არ იეჭვა.
– ასე მშვიდად გყავდათ საყვარელი და სახლშიც ცოლთან არაფერს იმჩნევდით?
– მიჭირდა. ცოლისაც მრცხვენოდა. ერთხელ შინ ნასვამი დავბრუნდი. გვიანი იყო და მალევე ჩამეძინა. მეორე დილით ცოლმა მობილური წინ დამიდო და მკითხა: ვინაა ეს ქალი, ასე რომ ნერვიულობს შენზეო. თურმე, იმას მესიჯები მოუწერია: გამაგებინე, როგორ მიხვედი შინ, რატომ ჯდები საჭესთან მთვრალიო და ასე შემდეგ. ჩემი ცოლი იმდენად გაბრაზებული არ იყო, რამდენადაც გაოცებული – ჩემსავით ვინ გიფრთხილდებაო. რაღაც მივუკიბ-მოვუკიბე. იმ დღის შემდეგ ვატყობდი, რომ სულ თვალს მადევნებდა. არ ვიცი, მან სთხოვა რამე ჩემს სიყრმის მეგობარს, თუ თავად გადაწყვიტა ჩემთან დალაპარაკება. წამიყვანა თავისთან და მთელი ღამე მელაპარაკა: სანამ მეგონა, ეს ურთიერთობა დროებითია-მეთქი, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ვატყობ, სერიოზულადაა საქმე. სიყვარულით შექმნილი ოჯახი რატომ უნდა დაანგრიო, გონს მოდი, თორემ მერე გვიანი იქნებაო...
– ანუ, თქვენი საიდუმლო ბევრისთვის გახდა ცნობილი?
– რა დაიმალება ამ ქალაქში. მეგობრის სიტყვებმა გამომაფხიზლა. გადავწყვიტე, საყვარელ ქალს დავშორებოდი. ვიცოდი, ვაჟკაცობა არ მეყოფოდა პირისპირ მეთქვა, გშორდები-მეთქი და ამიტომ მესიჯი მივწერე, მერე კი გულის ფანცქალით დაველოდე, რას მომწერდა. ორი საათის შემდეგ მისგან მხოლოდ ერთი სიტყვა მივიღე – „კარგი!“ ძალიან გამიჭირდა მის გარეშე. გამახსენდა მისი ადრინდელი ნათქვამი – რომც დავშორდეთ, თუ ჩემი დახმარება დაგჭირდა, ყოველთვის შენ გვერდით მიგულეო. მაგრამ ძალიან ღირსეული ადამიანია და ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ საბოლოოდ დამევიწყებინა. რაც მოხდა, ძალიან ვნანობ. კაცმა ოჯახზე წინ არავინ და არაფერი არ უნდა დააყენოს.
– და ეს რამ მიგახვედრათ, ოჯახის დანგრევის საშიშროებამ?
– დიახ. ჩემთვის ოჯახიც და ცოლიც ძვირფასია. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლაც მიყვარს, ცოლ-შვილს ვერ ვანაცვალე. საბოლოოდ ოჯახი ვარჩიე, თუმცა კი გამიჭირდა. ვწუხვარ, რომ გული ვატკინე ორ ძალიან ახლობელ ადამიანს – მას და ჩემი შვილების დედას, რომელიც დღემდე ცდილობს, არაფერი შეიმჩნიოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან