გულახდილი საუბრები

როდის არის კრიზისი ცოლ-ქმარს შორის და რას ნანობენ ქალები, რომლებმაც ქმარს ღალატი აპატიეს

№31

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 11.08

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

ნებისმიერი წყვილის ცხოვრებაში შეიძლება, იყოს კრიზისული პერიოდი. მთავარია, ამას თვალი გავუსწოროთ, თუმცა დიალოგის გარეშე არც ერთი პრობლემა არ მოგვარდება. მთავარია, წყვილმა შეაფასოს გარემო ფაქტორები და იმსჯელოს, რა შეიძლება, იყოს ხელის შემშლელი მიზეზები, რაც მათ ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. როცა წყვილის ურთიერთობაში კრიზისი იჩენს თავს, მაშინ შეიძლება, ღალატსაც ჰქონდეს ადგილი. ღალატის შემდგომ პერიოდში პარტნიორის ქცევა იცვლება. ახასიათებს უყურადღებობა. შესაძლებელია, გაურბოდეს პარტნიორთან სქესობრივ ურთიერთობას, დაბნეულია ან, პირიქით, მობილიზებული და რადიკალურად კარგი. ხშირად თანამეწყვილეს სურს ღალატის დავიწყება, უნდა, რომ აპატიოს, მაგრამ პატივმოყვარეობა ჯაბნის. ჰგონია, თუ დათმობაზე წავა, თავს დაიმცირებს. მაგრამ, თუ ადამიანი გრძნობს, რომ პარტნიორი მისთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, მის გარეშე თავს ცუდად იგრძნობს, შესაძლოა, პატივმოყვარეობა გვერდზე გადადოს.

ნათია (38 წლის): მე ვერავის მოვუწოდებ ღალატის შემდეგ დაანგრიოთ ოჯახი ან ერთად დარჩით-მეთქი. გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ. მთავარია, აღიაროთ, რომ გიღალატეს და სირაქლემის პოზაში ნუ იქნებით. ვიღაც ამას ჩვეულებრივად ახერხებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა, ვიღაცისთვის კი ღალატი მოუშუშებელ იარად რჩება და ურთიერთობას საერთოდ ანადგურებს. ხშირად ქალი მარტოდ დარჩენის შიშით ღალატს არ აღიარებს. შეიძლება, მატერიალური პრობლემის წინაშე დადგომას გაურბოდეს, ხშირად კი სტერეოტიპების გავლენას განიცდიან და არ უნდათ, განქორწინებული ერქვათ. თუ ყველაფრის მიუხედავად, ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ და გინდათ, თავიდან აიცილოთ კიდევ ერთი ღალატი, თავი დაანებეთ ქმრის დადანაშაულებას და ამ ფაქტის წარამარა შეხსენებას.

– ზოგჯერ ქმრის ღალატს ქალი ღალატითვე უპასუხებს.

– ასეთ შემთხვევაში ქალის არჩევანია რევანში. თუმცა, ჩვენს რეალობაში ეს იშვიათია. ბევრი მომენტია გასააზრებელი – იმიტომ ღალატობ, რომ ქმარმა გიღალატა, თუ იმიტომ, რომ გრძნობ, ქმარს აღარ უყვარხარ. ზოგი ქალი თვითონ უკეთებს პროვოცირებას ქმარს, რომ უღალატოს, მერე რომ თავი გაიმართლოს. მაინც მგონია, ქალი რევანშის გამო ნაკლებად უღალატებს ქმარს – თუ გიყვარს, შენც იმავეთი ვერ გადაუხდი სამაგიეროს, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში თავს უღალატებ. როცა ასეთი ფაქტი იჩენს თავს, უმჯობესია, ცხელ გულზე არაფერი მოვიმოქმედოთ. წლობით ნაშენები ურთიერთობის ხელის ერთი მოსმით დანგრევა არ შეიძლება. სიტუაციაში გარკვევის შემდეგ ცივი გონებით მივიღოთ გადაწყვეტილება, რაც სწორი და გამართლებულია. მეც ძალიან კარგად ვიცოდი, რომ თუ მიუტევე ადამიანს, მერე არ უნდა წამოაძახო და არც დაამადლო. მაგრამ ჩემი შემთხვევა განსხვავებულია. უნდა გიღირდეს, როცა პატიობ.

– ანუ ნანობთ, რომ ქმარს ღალატი აპატიეთ?

– დიახ, ვაღიარებ, ვნანობ ჩემს გულმოწყალეობასა და დიდსულოვნებას. ვნანობ, რომ შეურაცხყოფასა და ტკივილზე თვალები დავხუჭე და ცხოვრება ისე განვაგრძე, თითქოს არაფერი მომხდარაო. ჩემი მეუღლე ხან მუშაობდა, ხან – არა. ბოლო ხანს სამუშაო არ ჰქონდა. შვილებთან ყოფნას, საოჯახო საქმეებში ჩემს დახმარებას ეზოს უსაქმურებთან ჯდომა და თამაში არჩია. კარგა ხანს არაფერს ვეუბნებოდი. სამსახურში გვიანობამდე ვიყავი – დამატებით ვიღებდი საქმეს, რომ ანაზღაურება მეტი მქონოდა, შაბათს კი ბაზრიდან მთელი კვირის მარაგი მომქონდა შინ. იმედი მქონდა, ადრე თუ გვიან დაინახავდა ჩემს გარჯას, დააფასებდა და თვითონაც ეცდებოდა რამეს. თურმე, სულ ტყუილად. ორი წელი ისე გავიდა, ხელი არ გაუნძრევია. შევახსენე, შეეცადე, სამუშაო იშოვო, ბავშვებს უფრო მეტი დასჭირდებათ-მეთქი, ისე გაბრაზდა, თითქოს ბავშვების მამა კი არა, უცხო იყო და მისგან უსამართლოდ ვითხოვდი დახმარებას. ერთ მშვენიერ დღეს კი ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა... ძალიან შეურაცხყოფილი ვიყავი. ამბავი მომიტანეს: ფულიან ქალთან ცხოვრობს, ის ქალი ინახავს და კაციც ბედნიერიაო. ჩემი დედამთილი მიუვარდა იმ ქალს, შვილიც კარგად გამოლანძღა და მისი საყვარელიც. ეტყობა, იმ ქალს ეს არ მოეწონა და ბარგიანად გამოისროლა. ჩემმა ქმარმა ნათესავები გამომიგზავნა – შერიგება მინდაო. ბავშვები ისე განიცდიდნენ უმამობას, შევუთვალე, შეგიძლია მობრძანდე-მეთქი. შინ მობრუნებულმა მხოლოდ რამდენიმე თვე შეძლო ოჯახის კაცობა. მერე ისევ წავიდა, ამჯერად – სხვაგან, ოღონდ თავისი ჩანთით მალევე ისევ მომადგა უკან. მე კი აღარ მივიღე. იცით, როგორ გაუკვირდა? მივხვდი, რომ ის ერთი შანსიც არ უნდა მიმეცა. უკვე აღარ მაინტერესებს არც ყოფილი ქმრის, არც არავის აზრი – ერთხელ შევძელი პატიება, მეორედ მიტევების სურვილი კი აღარ მაქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

გიორგი ხიზანიშვილი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...