გულახდილი საუბრები

როდის არ ღირს გათხოვება და რას ფიქრობს ქალების უმრავლესობა

№28

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 23.07

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

დრო შეიცვალა. მამაკაცთან ურთიერთობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ქალების უმრავლესობა უკვე ფიქრობს იმაზე, უნდა თუ არა ამ ადამიანზე გათხოვება. თუმცა, დაუფიქრებლად ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან სარისკოა. არიან ქალები, რომლებიც ჰყვებიან იმ მიზეზებზე, რის გამოც არ ღირს გათხოვება. ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურს – ასეთი სკანდალური დასკვნა გააკეთა ერთმა ცნობილმა ფსიქოლოგმა. რეალობა ისაა, რომ სანამ ცხოვრებას სამუდამოდ დაუკავშირებ მამაკაცს, ნამდვილად ღირს დაფიქრება, იმის გაანალიზება, როგორი იქნება მის გვერდით თქვენი ყოფა დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში.

მარიამი (37 წლის): მე შემდგარი ადამიანი ვარ, წარმატებული. საკმარისი შემოსავალიც მაქვს და გულახდილად რომ გითხრათ. ძალიან დიდი ხანი საერთოდ არ ვფიქრობდი გათხოვებაზე. რომ ამბობენ, ჯანმრთელ ქალს გათხოვება არ სურსო, რაღაც დოზით მართლები არიან. „ჯანმრთელში“, ალბათ, ფიზიკური ჯანმრთელობა არ იგულისხმება. მე ვფიქრობ, რომ თუ გინდა, კაცთან ბედნიერი იყო, მთლიანად გათხოვების იდეა უნდა გააანალიზო.

– ეგ რას ნიშნავს?

– მე ასე ვუყურებ ამ საკითხს: ერთ პარტნიორთან ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, ქორწინებისა და სექსის გასაღები სტაბილური ფსიქიკაა. მიხვდით, ხომ, რასაც ვგულისხმობ. არავითარი დათმობა, კომპრომისი... ამას მხოლოდ კარდიოლოგთან, დეპრესიასთან და ონკოლოგთან მიჰყავხართ. როდესაც ადამიანს აქვს სტაბილური ფსიქიკა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია, მთელი ცხოვრება ერთი პარტნიორი ჰყავდეს და მხოლოდ ის უყვარდეს.

– ფიქრობთ, რომ ეს შესაძლებელია?

– მე ვყოფილვარ ურთიერთობაში, რამდენიმე წელი ვცხოვრობდით ერთად. თუმცა ეს არ იყო კანონიერი ქორწინება და რას მივხვდი: ადამიანი შეუძლებელია გიყვარდეს იმის გამო, რომ შენზე მორგებას ცდილობს. ქალი, რომელზეც ვერ იტყვის ვინ არის, როგორია, როგორი ხასიათები აქვს, რა უყვარს და რა არ უყვარს, მამაკაცისთვის მუდმივად ცარიელ ადგილად დარჩება. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – კაცები რთული ხასიათის გოგონებზე გიჟდებიან. არავინ დამიჯერებს, მაგრამ, აი, დაფიქრდით: ქალების პრობლემა არ მდგომარეობს იმ მამაკაცის იდიოტურ ქცევაში, რომელიც გვერდით ჰყავს, ქალების უმთავრესი პრობლემა მათივე ნევროზია, რომელსაც სჭირდება გამოსავალი და ამ გამოსავალს ისინი პოულობენ კონკრეტულ ადამიანსა თუ ურთიერთობაში და მერე იტანჯებიან. ისინი განგებ ეძებენ ასეთ ურთიერთობებს, ბავშვობიდან აქვთ ამის მოთხოვნილება.

– ანუ, ყველა ქალი მაზოხისტია?

– როგორ არის, იცით? ჩვენ სიყვარულს ტანჯვის ხარისხით ვზომავთ, არადა ჯანსაღი სიყვარული ბედნიერების ხარისხით იზომება. რატომ უნდა დაიტანჯოთ ურთიერთობაში, რატომ უნდა მოითმინოთ, რატომ უნდა იტიროთ?! არ უნდიხარ? გაუშვი, წავიდეს. აუცილებლად შეხვდები იმას, ვისაც ეყვარები და ენდომები ისეთი, როგორიც ხარ. ნუ შეეწირებით სიყვარულს – ეს არ ამართლებს. თუ გინდათ, ყველაფერი კარგად იყოს, ჯერ თქვენ თავს მიხედეთ. კაცები ისე არიან მოწყობილნი, რომ ჯერ კიდევ დედიკოს კალთიდან მოყოლებული, მხოლოდ მათთან მიდიან, ვინც თვალებით თანხმობას ეუბნება. ნორმალური კაცი ბავშვივითაა. მიდის, როდესაც ქალი თვალებში უყურებს და უღიმის. აქედან ქალიც უნდა მიხვდეს, რომ ჯანმრთელი ადამიანები ყოველთვის საკუთარ თავს ირჩევენ, ნევროტიკები კი – მისთვის საზიანო ურთიერთობებს, ძირითადი განსხვავება ეს არის.

– ესე იგი, არ არის საჭირო ოჯახი და სტაბილური ურთიერთობა?

– მე ეს არ მითქვამს. ვამბობ იმას, რომ ქალმა არ უნდა მოითმინოს ურთიერთობაში ის, რაც არ მოსწონს. მაშინვე უნდა თქვას და თუ კაცი არაფერს შეცვლის, დაშორდეს მას. კაცებს მოსწონთ, როდესაც ქალს მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს. თუკი ვინმეს ერთი ადამიანი უცვლის მთელ სამყაროს, ეს ნიშნავს, რომ მას უბრალოდ საკუთარი სამყარო არ აქვს.

მე არც მარტოობის მეშინია. მარტოობის შიში გარშემო სიყვარულის დეფიციტი კი არ არის, საკუთარი თვითშეფასების ნაკლებობაა. ვაიმე, მარტო არ დავრჩეო და ვიღაც მოძალადე აიტანო – ეს უკვე მაზოხიზმია. მარტო მომავალ ქმართანაც შესაძლოა აღმოჩნდე. მეუღლე ხომ ვერ მოახერხებს იმ პრობლემების გადაწყვეტაში დაგეხმაროს, რომლებიც შინაგანად გაწუხებს. შენი ბედნიერება მხოლოდ შენი საზრუნავია. თუ მიაღწევ და დამოკიდებელი პიროვნება გახდები, ნაკლებად დაგჭირდება კაცი იმისათვის, რომ მარტოობის გრძნობა შეგიმსუბუქოს. მას შემდეგ, რაც თავად დაგაინტერესებს საკუთარი თავი, მაშინვე დაინტერესდებიან შენით სხვები.

პარტნიორის ძიებას რაც შეეხება, ერთს გირჩევთ: როგორი უნდა ეძებოთ? მხოლოდ ისეთი, ვინც მიგიზიდავთ. ეს ერთადერთი თვისებაა, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. დანარჩენს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა.

– და რა უნდა ქნას ქალმა, თუკი მაინც გათხოვება სურს?

– მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ – იყოს ის, ვინც არის. ეს საკმარისია. პრინციპში მხოლოდ ამის გამო უყვარდებათ.

იცით, რა არის პრინციპული განსხვავება ჯანსაღი და არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე ქალებს შორის? რეალურ ცხოვრებაში ორივენი იტანჯებიან, მაგრამ ჯანსაღი ფსიქიკის მქონენი მხოლოდ რეალური ისტორიებით, არაჯანსაღი ფსიქიკის კი – გამოგონილით. თუ ეს ტანჯვაც არ ეყოთ საყვარელ კაფკას, დოსტოევსკის, საშინელებათა ფილმებსა და ალკოჰოლსაც კი იშველიებენ. თუკი არ მოგწონთ მამაკაცის საქციელი, არ არის საჭირო ამ საქციელისთვის გამართლების მოძებნა. სიტუაცია, სადაც მან „აღარ გადმორეკა“ ჯანმრთელი გოგონასთვის ურთიერთობის დასასრულია, არაჯანმრთელისთვის – სიყვარულის დასაწყისი.

ყველა ქალს ვეტყვი, რომ თავმდაბლობა არავითარი სამკაული არ არის. სწორედ, კომპლექსების, თავდაჯერების ნაკლებობისა და დაბალი თვითშეფასების გამო უწევს ცხოვრება ქალს უსექსოდ და პარტნიორის გარეშე და არა იმის გამო, რომ ცუდია. ის საშინლად ექცევა საკუთარ თავს. ერთადერთი პერიოდი, როდესაც ადამიანი სხვაზეა დამოკიდებული და შეგვიძლია, მძევლად მოვიაზროთ – ეს არის ბავშვობა, მაგრამ ის არც ისე დიდხანს გრძელდება, ამ დროს მშობლებზე ვართ დამოკიდებული. დანარჩენ შემთხვევაში, ნებისმიერ ურთიერთობაში ყოფნა ან არ ყოფნა ზრდასრული ადამიანის თავისუფალი არჩევანია, ქალისაც, მათ შორის. ოჯახური თერაპია განქორწინებაა. ამ დროს მხოლოდ ეს ერთი თერაპია მუშაობს და სამწუხაროდ, მას ქალები ყველაზე ნაკლებად იყენებენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

13 -19 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნუგზარ კვაშალი

რატომ ვერ გაიხსნა 49 წლის განმავლობაში ნუგზარ კვაშ...