გულახდილი საუბრები

როდის არ არის სიყვარული საკმარისი, მაშინაც კი, როცა წყვილს ერთმანეთი უყვარს

№28

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 22.07, 2022 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

რატომ შორდებიან წყვილები, რომლებსაც ერთმანეთი ძალიან უყვარდათ? მყარი სასიყვარულო ურთიერთობის შენარჩუნება მარტივი არ არის. თანამედროვე წყვილები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, მათ ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევთ და ხშირ შემთხვევაში, მათი თანაცხოვრება ვერ არის წარმატებული. საერთოდ, რა არის სიყვარული? არსებობს თუ არა ის და რატომ ინგრევა ოჯახები?

დიანა (36 წლის): სიყვარული ყველა ცოცხალი არსებისთვის არის დამახასიათებელი, თუნდაც ინსტინქტურ დონეზე. უკვე ვფიქრობ, რომ სიყვარული ადამიანზე მეტად ცხოველებსა და ფრინველებს შეუძლიათ. ამის უამრავ მაგალითს ვხედავ და ადამიანებზე სულ უფრო მიცრუვდება გული.

– მეცნიერულად გამოკვლეულია, რომ ადამიანებს ერთმანეთთან სუნი აკავშირებთ.

– ჩვენ რომ ყველაფერს ვანგრევთ, ეს სუნის ბრალი ყოფილა? სიყვარული ისე მოდის და მიდის, ჩვენ სულაც არ გვეკითხება. აღარ მიკვირს, ამდენი ოჯახი რომ ინგრევა. ისე ვანადგურებთ იმას, რაც ყველაზე ძვირფასი უნდა იყოს, საერთოდ არ ვუფიქრდებით.

– ადამიანი ხომ ოჯახს, ძირითადად, სიყვარულით არ ქმნის?! იქნებ, გვეჩვენება, რომ გვიყვარს?

– მე დარწმუნებული ვიყავი, რომ მიყვარდა. იმასაც ვუყვარდი. რა ვქნათ, თუ სიყვარული კვდება? როგორ გადავარჩინოთ ჩვენი ურთიერთობა? არ მინდა, ერთი დღეც კი მის გარეშე თენდებოდეს, მაგრამ სულ ვკინკლაობთ. სულ რაღაც არ გამოდის ისე, როგორც ორივეს გვინდა.

– ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა ეტაპები აქვს. ერთ-ერთია, როცა სიყვარული ნელდება. ალბათ, ურთიერთობის შენარჩუნება უფრო ძნელია, ვიდრე მისი შექმნა.

– მე კი მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყოველდღიური ცხოვრება აფერმკრთალებს გრძნობებს. ყველას, ვინც ჩემნაირ სიტუაციაშია, მინდა ვუთხრა: თუ თქვენთვის ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია, ნუ დანებდებით, იბრძოლეთ სიყვარულისთვის. თუ მოინდომებთ, შეძლებთ, თქვენი ურთიერთობა დაფუძნებული იყოს ერთმანეთის გაგებასა და პატივისცემაზე. თავდაპირველად აუცილებელია, გრძნობების გაცივების მიზეზები გაარკვიოთ, რათა ეს შეცდომები შემდეგში აღარ გაიმეოროთ. საღამოები ერთად გაატარეთ, მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი, ერთად წადით ფეხბურთის მატჩზე. ეს დაახლოებაში დაგეხმარებათ. ერთი შეხედვით, ბანალური და გაცვეთილი რჩევებია, მაგრამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი. არ გაჩუმდეთ. შეიძლება, თქვენს პარტნიორს უსიტყვოდაც უგებთ, მაგრამ სიჩუმეს გულგრილობამდე მივყავართ. თუნდაც არაფერი გქონდეთ სალაპარაკო, მაინც გაუბით საუბარი, სულაც უმნიშვნელო თემაზე. მე რომ ეს ყველაფერი ცოტა ადრე მცოდნოდა, კონფლიქტებს თავიდან ავიცილებდი და ახლა არ დამჭირდებოდა იმის მტკიცება, რომ ისევ მიყვარს. გიყვართ? მიიღეთ და გინდოდეთ ისეთი, როგორიც არის. ნუ დაურღვევთ სიმყუდროვეს, ნუ შეეცდებით მის გამოსწორებას, ის ხომ ისეთი შეგიყვარდათ, როგორიც არის, თავისი ცუდი და კარგი თვისებებით. არ დაგეზაროთ – გამოიჩინეთ ყურადღება. ნუ შეგრცხვებათ გრძნობების დამოხატვის. ხშირად უთხარით, რომ გიყვართ, გამუდმებით შეეხეთ, თუნდაც, ხელზე. თან არ დაივიწყოთ საკუთარი თავიც – აუცილებლად იმუშავეთ საკუთარი თვითშეფასების ამაღლებაზე. დააჯერეთ თავი, რომ განსაკუთრებული ქალი ხართ! იამაყეთ თქვენი პიროვნებით, არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობს თქვენზე მთელი სამყარო, რამდენჯერ მოგიწიათ უკან დახევა, რამდენჯერ არ შეასრულეთ დაპირება და კიდევ მრავალი სხვა. თქვენი წარსული საერთოდ უმნიშვნელოა, ასევე უმნიშვნელოა ისიც, როგორი იყავით აქამდე. მთავარია ის, თუ როგორი ხართ ახლა. და ყოველთვის გახსოვდეთ, საკმარისია იყოთ ისეთი, როგორიც ხართ. როცა აი, ეს ყველაფერი თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება, პარტნიორთანაც დაგილაგდებათ ურთიერთობა. როცა საკუთარი თავი არ გიყვართ, ზუსტად მაშინ ქრება პარტნიორის მიმართ სიყვარულიც. დიახ, შეგხვდებათ ხალხი – ქალებიც და კაცებიც, რომლებიც შეეცდებიან, დაგაჯერონ, რომ პრობლემა თქვენშია, რომ თქვენ ვერ დააფასეთ სიყვარული, მაგრამ ასე არ არის.

– ხდება ისეც, რომ წყვილები შორდებიან მაშინაც, როცა ერთმანეთი ძალიან უყვართ.

– მაგის თქმა მინდა მეც. მგონი, მივხვდი მიზეზს, რომელთა გამოც ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები განშორების გადაწყვეტილებას იღებენ. მე უკვე მაქვს ეს მიზეზები და ახლა თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ცდა ღირს. სიამოვნებით გაგიზიარებთ. პირველი – პარტნიორები არ ესაუბრებიან ერთმანეთს ღიად და გულწრფელად – შესაძლოა, ერთმანეთი ძალიან გიყვართ, მაგრამ თუ საკუთარ თავში ხართ ჩაკეტილი და საყვარელ ადამიანთან არ საუბრობთ, ურთიერთობა დიდხანს ვერ გასტანს. სწორედ წყვილს შორის კომუნიკაციის ნაკლებობაა იწვევს დიდ პრობლემებს. მეორე – აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები და მიზნები გაქვთ – შეუძლებელია, ორი ადამიანის შეხედულებები და მიზნები ზუსტად ერთნაირი იყოს, მაგრამ თუ თქვენი არც ერთი ინტერესი არ ემთხვევა პარტნიორისას, ეს ურთიერთობაში ხელს შეგიშლით და ერთად ცხოვრება ნამდვილ დრამად გადაიქცევა. მესამე – უთანხმოება ფულთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გიყვართ ერთმანეთი. თანაცხოვრება განწირულია, როცა ერთი გამოიმუშავებს, ხოლო მეორე მხოლოდ ხარჯავს. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მე ეს პრობლემა არ მქონია.

– თქვენ ცდილობთ, იყოთ გახსნილი, ესაუბროთ მას, თუმცა ის არ გიზიარებთ თავის ფიქრებს, დარდს და სიხარულს – ასეთ დროს რა ხდება?

– ეს ის ურთიერთობაა, რომელსაც სიყვარული ვერ გადაარჩენს. ანუ, თუ ხედავთ, რომ არ აინტერესებს თქვენი სურვილები და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. საყვარელი ადამიანისადმი პატივისცემის გამოჩენა უმნიშვნელოვანესია. მსგავსი ქმედებით კი ადამიანები ერთმანეთისადმი უპატივცემულობას იჩენენ და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ძალიან გიყვართ ერთმანეთი, ამ შემთხვევაშიც თანაცხოვრება განწირულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი