გულახდილი საუბრები

რისგან იტანჯებიან ეჭვიანი ცოლები და რას ემსგავსება მათი ცხოვრება

№43

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 01.11

გულახდილი საუბარი
დაკოპირებულია

სიყვარული ყველაზე ძლიერი გრძნობაა. თუმცა არსებობს ერთი რამ, რაც ზოგის აზრით, ანგრევს სიყვარულს, ხოლო ზოგს მიაჩნია, რომ პირიქით, ამძაფრებს მას – ეს ეჭვიანობაა.

ეჭვიანობით შეიძლება, ყურადღების მიპყრობა, თუმცა არა ურთიერთობის შენარჩუნება. როგორც წესი, მიზეზები, ძირითადად, ფსიქოლოგიურია. ეჭვიანობა ფსიქოლოგების აზრით, არის ადამიანის განცდა, რომელიც სპონტანურად აღმოცენდება და აიძულებს მას აკონტროლოს პარტნიორი ყველგან, ყოველთვის და არ გაითვალისწინოს მისი დამოკიდებულება ამგვარი ქცევისადმი. ეჭვიანობა არის ემოცია, რომელსაც პიროვნება განიცდის იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მის წილ სითბოს, სიყვარულსა და პატივისცემას აძლევს სხვა პიროვნებას.

ეჭვიანობის მიზეზი შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს, თუმცა მთავარი მიზეზი არასრულფასოვნების კომპლექსია. როდესაც არ გაქვთ საკუთარი თავის რწმენა და საკუთარ თავს გამუდმებით სხვა ადამიანებს ადარებთ, მაგალითად, მას, ვინც თქვენზე ლამაზია, თქვენზე მოდური ან წარმატებული. თქვენ ფიქრობთ, რომ არ იმსახურებთ პარტნიორს, რომელიც თქვენ გვერდითაა, მაგრამ იმავდროულად მისი დაკარგვის გეშინიათ.

ნანუკა (32 წლის): ეჭვიანობის შესახებ იმდენი ამბავი მსმენია, მაგრამ ეს, მგონი, განსაკუთრებულია. კარგა ხანს ვიყავი უმუშევარი და როგორც იქნა, ერთ კომპანიაში მოვეწყვე. გასაუბრებაზე ორი ქალი იყო. მოგვიანებით გავიგე, რომ ერთი კადრების სამსახურის უფროსი ყოფილა, მეორე – ჩვენი შეფის ცოლი, რომელსაც არანაირი თანამდებობა არ უკავია კომპანიაში, მაგრამ ყველას და ყველაფერს ადევნებს თვალს. თავიდან მეგონა, რომ ეს კომპანია ამ ქალის იყო, რას ვიფიქრებდი, რომ ქალი ავადმყოფური ეჭვიანობის გამო აკონტროლებდა ქმარს.

– ანუ გასაუბრების დროს თავადაც სვამდა კითხვებს?

– არა. მხოლოდ კადრების უფროსი მესაუბრებოდა, უფროსის ცოლი კი უცნაურად მაკვირდებოდა, შემდეგ მკითხა, გათხოვილი თუ ხარო. ან შეყვარებული, პარტნიორი თუ გყავსო. გავიკვირვე, სამსახურში მიღების დროს ეს რა საკითხავია-მეთქი. ლამაზი გოგო ხარ და ცნობისმოყვარეობის გამო გკითხეო. მერე ჩემს „სივს“ დახედა და უცებ მკითხა, რომელ საათზე დაიბადეო. განცვიფრებულმა მივუგე, არ ვიცი-მეთქი. დილით დაბადებულს ჰგავხარ, ნათელი სახე გაქვსო, ჩაილაპარაკა და ოთახიდან გავიდა. ძალიან უსიამოვნო გრძნობა დამრჩა. აღარც კი მინდოდა იმ სამსახურში მიღება. არადა, ანაზღაურება კარგი იყო. თანაც, სამ დღეში დამირეკეს და მუშაობაც მალევე დავიწყე.

– ის ქალი სხვა თანამშრომლებსაც ამგვარ დაკითხვებს უწყობდა?

– როგორც მერე გავიგე, კი. დაბადების საათი კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ ქალების ასტროლოგიური რუკები შეედგინა და ენახა, შეიძლებოდა თუ არა, რომელიმეს მისი ქმრისკენ გაჰქცეოდა თვალი. ვიღაც ასტროლოგი ჰყავს დაქირავებული და ყველა ჩვენგანზე ამ გზით აგროვებს ინფორმაციას. თუმცა, მას რომ ჰკითხო, კადრების მართვის იაპონურ სისტემაზე მუშაობს და ამ ფორმით ადგენს, რომელი თანამშრომლები იმუშავებენ უკეთ, გუნდურად და ვინ ვისთან ერთად უნდა იჯდეს ოთახში. ვისთვის როგორ სჯობს მუშაობა – წყვილად თუ ცალკე. თავიდან ვბრაზობდი. ახლა უკვე ძალიან მეცოდება. როგორც მითხრეს, თავიდან არ ყოფილა ეჭვიანი. მის ქმარს ერთ-ერთ თანამშრომელთან რომანი გაუბამს. იმ ქალს ბავშვიც გაუჩენია და მას შემდეგ შეშლილა ასე. კაციც ვერ ან არ ეწინააღმდეგება, რადგან კომპანიის დიდი წილი მის სახელზეა. თან, ერთხელ თავის მოკვლაც უცდია.

– ანუ სულ ოფისშია?

– მუდმივად. სამსახურში ყველაზე აისახება ეს დაძაბულობა. მშვიდად ვერ ვართ. ეს საწყალი ქალი შფოთავს. ახალი თანამშრომლები მასზე რომ ჭორაობენ. ვუბრაზდები, ვურჩევ, თავი მის ადგილზე წარმოიდგინონ. ქმრის მეტი თითქოს არავინ აინტერესებს. სამი შვილი ჰყავთ, ბავშვებს ძიძები უვლიან, ეს საწყალი კი ქმრის კვალს დასდევს.

გოგოები მომიყვნენ – ერთხელ რესტორანში შესულა მეგობართან ერთად. იქ დახვედრია ქმარი, უცხოელ პარტნიორთან, რომელსაც თურმე, ქართველი თარჯიმანი გოგონა ახლდა. საშინელი ამბები აუტეხია. იმ გოგოსთვის უთქვამს, შენ საჭირო არ ხარ, თარჯიმანი მე ვიქნებიო და აიძულა, წასულიყო.

ერთხელ ჩვენი უფროსის კაბინეტიდან ისეთი ჩხუბის ხმა გამოდიოდა, რომ კინაღამ პოლიცია გამოვიძახეთ. დაცვაც კი გარეთ, კართან იყო უხერხულად აწურული. მდივანმა ჩუმად შეიხედა ოთახში და დაინახა, თითის ქნევით როგორ ეჩხუბებოდა ქმარს.

უცხო თვალისთვის ბედნიერად, შეძლებულად ცხოვრობენ, ბავშვებს საუკეთესო განათლებას აძლევენ, კარგი ცოლ-ქმრის როლებს თამაშობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდება. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ამ კაცს ცოლი უყვარს. აშკარად ეცოდება და იმიტომ ცხოვრობს მის გვერდით. ნატას მუდმივად გრძელსახელოებიანი კაბები აცვია. ერთხელ სახელოები აწეული ჰქონდა და მაჯაზე ნაკერები შევნიშნე. მერე ძველ თანამშრომელთან ვთქვი, როგორც ჩანს, ნატას ვენებიც გადაუჭრია-მეთქი. ეჰ, რამდენჯერ. ერთხელ სამსახურშიც გადაიჭრა საკანცელარიო დანითო.

ამ ოჯახის შემყურე ვფიქრობ ხოლმე, ნუთუ იმ გრძნობას, რომელიც ადამიანს ასე აგიჟებს, სიყვარული ჰქვია?

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა