რაზე აშენებს ურთიერთობას ზოგიერთი წყვილი
ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 08.08

წყვილების ურთიერთობა მრავალფეროვანია – ზოგისთვის ემოციური ვნებაა მთავარი, ზოგისთვის კი – ის მშვიდი მეგობრობა, რაც ყოველდღიურობაში გვაძლიერებს. მაგრამ, როდესაც გვეკითხებიან – „სიყვარულია მთავარი თუ მეგობრობა?“ – პასუხი არც ისე მარტივია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვსაუბრობთ ქალის როლსა და განცდებზე ამ ურთიერთობაში.
ამბობენ, ურთიერთობები კონტრასტების გაერთიანებაა. ის, რაც თავიდან გვიზიდავს – სხვაობა, ენერგია, იუმორი ან სიჩუმე – გარკვეულ ეტაპზე შეიძლება, დაპირისპირებად იქცეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთს თავგადასავლები სჭირდება, მეორეს კი – სიმშვიდე. ეს განსხვავება შეიძლება, ტემპერამენტს ეხებოდეს, ანუ, როგორია ადამიანის ფსიქოემოციური რეაგირება ცხოვრებაზე.
რა ხდება, როცა წყვილში ერთი სპონტანურია, მეორე – სისტემური? ერთს სიჩუმე უყვარს, მეორეს – ხმაური. ერთი აქტიურია, მეორე – პასიური. შეიძლება თუ არა ურთიერთობა შეუწყობელი ტემპერამენტებით? სწორედ ამ თემაზე ვესაუბრეთ თინას (სახელი შეცვლილია), 38 წლის ქალს, რომელსაც ძლიერი და ღრმა ურთიერთობების გამოცდილება აქვს.
– თინა, როგორ ფიქრობ, სიყვარული უფრო მნიშვნელოვანია წყვილისთვის თუ მეგობრობა?
– ძალიან რთული კითხვაა. ახალგაზრდობაში, ალბათ, ვიტყოდი – სიყვარული-მეთქი. ის ვნება, თავდავიწყება, იმედი… მაგრამ რაც დრო გადის, ხვდები, რომ სიყვარული, რომელსაც თან არ ახლავს მეგობრობა, მარტივად ქრება. შეიძლება, ჯერ მეგობრობა არ იგრძნო, მაგრამ სიყვარული დროთა განმავლობაში მხოლოდ იმ ურთიერთობაში რჩება, სადაც მეგობრობა და პატივისცემა ძლიერია.
– შეგიძლია, გაიხსენო პერიოდი, როცა ურთიერთობაში მეგობრობა გაკლდა?
– კი. ერთ-ერთი ჩემი ურთიერთობა ძალიან ემოციური იყო. ორივეს გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ვერ ვსაუბრობდით. არ ვიყავით მეგობრები და საბოლოოდ, როცა გრძნობები დასუსტდა, სიცარიელე დარჩა. იქ არაფერი იყო, რაც ურთიერთობას გააგრძელებდა.
– დღეს როგორი ურთიერთობა მოგწონს?
– ისეთი, სადაც ადამიანი ჯერ მეგობარია. არ მაფასებს მხოლოდ ვნებით, მისმენს, გრძნობს ჩემს შიგნით რა ხდება. სიყვარულის გარეშე მეგობრობაც არაა საკმარისი, მაგრამ მარტო სიყვარული სწრაფად იწვება. იდეალურ შემთხვევაში წყვილს შორის ურთიერთობა უნდა იყოს, როგორც ხანძარი, რომელსაც წყალი არ აქრობს — იმიტომ, რომ მათ შორის მეგობრობაცაა და არა მხოლოდ სიყვარული.
თანამედროვე წყვილების უდიდესი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ მათი ურთიერთობა ხშირად მხოლოდ ემოციაზე, ვნებაზე იწყობა. მაგრამ, კვლევები აჩვენებს, რომ გრძელვადიან, ჯანმრთელ ურთიერთობებში მეგობრობა — ურთიერთგაგება, პატივისცემა, საერთო ღირებულებები — ბევრად მყარია, ვიდრე საწყისი ქიმია.
სიყვარული შეიძლება, იყოს დასაწყისი, მაგრამ მეგობრობაა ის, რაც ურთიერთობას ძლიერ და გამძლეს ხდის. ფსიქოლოგიურად ადამიანი უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს პარტნიორთან, ვინც მისი საუკეთესო მეგობარიცაა.
– რას ვიღებთ შედეგად?
- შეიძლება, ვიფიქროთ, რომ არჩევა „სიყვარულსა და მეგობრობას შორის“ უსამართლოა — იდეალურ ურთიერთობაში ორივე თანაბრად საჭიროა. თუმცა, როცა დრო ყველაფერს ცდის, რჩება მხოლოდ ის სიყვარული, რომელიც მეგობრობად იქცა.
– ამბობენ, რომ დიდ ვნებასთან ერთად დისკომფორტიც მოდის?
– მე კი ვფიქრობ, ურთიერთობები კონტრასტების გაერთიანებაა. ის, რაც თავიდან გვიზიდავს – სხვაობა, ენერგია, იუმორი ან სიჩუმე – გარკვეულ ეტაპზე შეიძლება, დაპირისპირებად იქცეს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთს თავგადასავლები სჭირდება, მეორეს კი სიმშვიდე. ეს განსხვავება შეიძლება ტემპერამენტს ეხებოდეს — ანუ, როგორია ადამიანის ფსიქოემოციური რეაგირება ცხოვრებაზე.
– როდის მთავრდება ურთიერთობა სინამდვილეში?
– ბევრი წყვილი ერთად ცხოვრობს, მაგრამ ერთმანეთს არაფერს უზიარებს – არც სიხარულს, არც სევდას, არც მომავლის გეგმებს.
– მაგრამ როდის დაესმება ურთიერთობას წერტილი? როცა პირველი ყვირილი ისმის თუ მაშინ, როცა დუმილი იწყება? როცა ვშორდებით თუ როცა საკუთარ თავსაც ვეღარ ვგრძნობთ მის გვერდით?
– დასრულდა, როცა აღარ მინდოდა მასთან საუბარი. არც კონფლიქტზე, არც გეგმებზე. უკვე ზედმეტი სიტყვებიც მღლიდა. უბრალოდ, დავდიოდი სახლში, როგორც თანამშრომელი, ვისაც ფუნქცია აქვს და არა გრძნობა. გულში კი ერთი სურვილი მიტრიალებდა: მალე დაეძინოს, რომ მარტო დავრჩე.
– მაინც რატომ არ წახვედი მაშინვე?
– სიმართლე ვთქვა? მეშინოდა. მეშინოდა მარტოობის, თუნდაც დროებით. მეშინოდა, რომ თუ წავიდოდი, იმაზე ფიქრს, რომ „ჩემი ცხოვრება უკვე გავიარე“, ვერ გადავურჩებოდი. მაგრამ რეალურად უკვე მარტო ვიყავი – მხოლოდ ფორმალურად ვიყავით ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან