რაც ქმარს გავშორდი, ქალად ვიგრძენი თავი
ავტორი: „თბილისელები“ 23:00 08.08
სიყვარულით კი გავთხოვდი, მაგრამ ვინ დამაცადა სიყვარულით ტკბობა. სახლში მული და დედამთილი დამხვდნენ, ნამდვილი ალქაჯები.
გარდა იმისა, რომ გარეგნობით დამიწუნეს და ჩემს ზურგს უკან ჭორაობდნენ, დილიდან გაიხურავდნენ კარს და ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი ხდებოდა. ჩემი ქმარიც აზიატი ხასიათის გამოდგა. არადა, მანამდე სანამ შეყვარებულები ვიყავით და ერთმანეთს ვხვდებოდით, ამას არ მაჩვენებდა. ცოტა გულამოღებული ან მუხლს ზემოთ თუ იყო კაბა, ვერ ჩავიცვამდი. სადმე თუ მივდიოდით, მაკიაჟი თავად უნდა შეემოწმებინა და რამდენჯერ მომაცილებინა და თავიდან გავიკეთე, რა თქმა უნდა, უფრო მსუბუქად, საერთოდ რომ არ მეტყობოდა. ჩემი მული, ნაირ-ნაირებს ითხოვდა, ყიდულობდნენ და გადაპრანჭული დადიოდა, თანაც ყველგან, სადაც მოუნდებოდა. მე კი ჩემი ქმრის გარეშე, ჩემებთანაც ვერ ვადგამდი ფეხს. ერთი სიტყვით, ორი წელი ვითმინე და ბოლოს ყელში რომ ამომასხა, კარგად მივალანძღე დედამთილიც და მულიც, კარი გამოვიხურე და წამოვედი. საღამოს, ჩემი ქმარი სამსახურიდან რომ დაბრუნდა და უთხრეს, წავიდაო, მომიხტა და ყველაფერი თავზე დამახურა. არც მე დავუთმე და სულ აღვირახსნილი, გაუზრდელი და უმადური მეძახა. კიდევ კარგი, შვილი არ გვყავდა, თორემ, ზუსტად ვიცი, რაებსაც იკადრებდა. ისიც კი მითხრა: შენი და განათხოვარია, თქვენ, ორივე დას ბოზობა გინდათ და მიდი აჰყევით ერთმანეთსო. სამწუხაროდ, მამაჩემი გარდაცვლილია, თორემ კი ვიცი, რასაც უზამდა, თავგატეხილი ვერ გაასწრებდა კარიდან. მოკლედ, მთელი ერთი წელი ვერ მოვიცილე, ლანძღვა-გინებით აგვიკლო და ბოლოს, ვიღაც გოგოს გადაეკიდა და მე თავი დამანება. დედამისი კი შორიდან მაინც მკბენდა, მაგრამ ხმას არ ვცემდი. თურმე, ჩემი ბრალი ყოფილა, მისი შვილი რომ ღამეები სახლში არ მინდოდა და ფულს ვიღაც კახპას ახარჯებდა. სხვათა შორის, მისი დაც გათხოვდა, თუმცა მალევე გაეყარა ქმარს და ისევ სახლში დაბრუნდა. მეც უნდა მეთქვა საკადრისი, როგორც მე მლანძღეს და რაც მაკადრეს, მაგრამ გავჩუმდი. რომ გავთხოვდი, იმ პერიოდში ვმუშაობდი, თან სადისერტაციო თემას ვამუშავებდი და ჩემმა ქმარმა სამსახურიც დამატოვებინა და არც სადისერტაციო თემაზე მუშაობის ნება დამრთო. მითხრა: მაგ დისერტაციაზე ტყუილად დროს ნუ ხარჯავ, ოჯახს მიხედე და არც სამსახურზე იფიქრო, სახლშიც საკმაოდ ბევრი საქმეა, მე ვიმუშავებ და ის იკმარეო. თუ რამეს ყიდვას ვთხოვდი, მიწუნებდა და თავად ყიდულობდა ისეთ ტანსაცმელს თუ ფეხსაცმელს, ბებიაჩემიც რომ არ ჩაიცვამდა. სახარჯო ფულსაც კი არ მიტოვებდა, სადმე რომ არ წავსულიყავი. ერთი სიტყვით, დროულად ვუშველე თავს. დღეს, სამსახურიც მაქვს და არაჩვეულებრივი შეყვარებულიც მყავს, რომელიც სულ იმას ფიქრობს, რით მასიამოვნოს. არც რესტორანი მაკლია, არც საჩუქრები და არც სიურპრიზები. მანქანის მართვაც მასწავლა და ისეთ „ნამიოკებს მირტყამს“, ვფიქრობ, როცა მართვის მოწმობას ავიღებ, მანქანის ყიდვასაც აპირებს. არც მოკლე კაბის ჩაცმას მიშლის და არც უზურგო მაისურისას. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მენდობა. არასოდეს გავუკონტროლებივარ, სად მივდივარ და ვისთან ერთად ვარ. იცის, ცუდს არაფერს ჩავიდნენ და ისიც, ძალიან რომ მიყვარს. ახლა ვიგრძენი ქალად თავი – თურმე, მეც მაფასებს ვიღაც, როგორც მანდილოსანს, მეც მიფრთხილდება და ცდილობს, გული გამიხაროს. ჩემმა ყოფილმა არ იცის რომ შეყვარებული მყავს, თორემ დარწმუნებული ვარ, მასაც მოძებნის და ათას სისულელეს ეტყვის. ის კი არ დაიჯერებს, მაგრამ არ მოუთმენს და არ მინდა, რამე ცუდი მოხდეს. ძლივს ვიგრძენი ბედნიერ ქალად თავი და ჩემს ბედნიერებას ყოფილ ქმარს ვერ ჩავაშხამებინებ.
ნათია, 26 წლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან