გულახდილი საუბრები

რაც ქმარი მივატოვე, მივხვდი, არცერთი ქალი არ უნდა ითმენდეს იმას, რასაც არ იმსახურებს

№39

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.10

სინანული
დაკოპირებულია

მთელი ოცი წელი ვიყავი გათხოვილი და ვცხოვრობდი მამაკაცთან, რომელიც პატივისცემას რომ თავი დავანებოთ, არაფრად მაგდებდა.

მისთვის მხოლოდ დიასახლისი ვიყავი, უბრალოდ, მისი შვილების დედა და სხვა არაფერი. ის, რომ ქალს ელემენტარული ყურადღება, სითბო და ჩახუტება უნდა, ამაზე არც უფიქრია. უფრო სწორად, ჩემს შემთხვევაში არ ფიქრობდა, თორემ ახალგაზრდა საყვარლებს თან ჰყვებოდა. ყველაფერს ვითმენდი, ვყლაპავდი, ღამეებს ცრემლით ვათენებდი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. ასე მეგონა, მის გარეშე ვერაფერს შევძლებდი და უნდა მომეთმინა. თუმცა, კიდევ ვამბობ, ის მდგომარეობა რაშიც მე ვიმყოფებოდი, იმდენად აუტანელი იყო, იმდენად დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, ახლაც ვერ ვიჯერებ, რომ ის გზა მე გამოვიარე. შვილები რომ წამოიზარდნენ, შრომა ცოტა შემიმსუბუქდა, დამოუკიდებლები არიან და მიხარია, რომ მათ დამიფასეს მათზე გაწეული ამაგი. დაქალი მყავს გაუთხოვარი, ჩემი შვილის ნათლიაა. სტუმრად იყო მოსული, უცხოეთში ცხოვრობდა წლების განმავლობაში, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და მისი სტუმრობა ძალიან გამიხარდა. მარტო ვიყავით, ბევრი ვისაუბრეთ და არ დავუმალე, ყველაფერი მოვუყევი ჩემი ცხოვრების შესახებ. ისიც ვუთხარი, ქმარი რა დღეშიც მაგდებდა. ერთი ხელი არ დაურტყია, თორემ სიტყვიერი შეურაცხოფა, გინება და აბუჩად აგდება – რამდენიც გინდათ. ახლა ვფიქრობ, ალბათ, არ ეგონა, რომ მეც შემეძლო დამოუკიდებლად, მის გარეშე ცხოვრება და იმიტომ მექცეოდა ასე ან აღარ ვუყვარდი, გადამიყვარა, თან, თავად უამრავი საყვარელი ჰყავდა, ამიტომ შეიცვალა ჩემ მიმართ. მოკლედ, ჩემს დაქალს რომ მოვუყევი ჩემი ამბავი, გადაირია, გაგიჟდა, აქამდე რატომ არ მითხარიო. აუცილებლად მოვიფიქრებ რამეს და გპირდები, ისეთი ბედნიერი იქნები, უკან არც მოიხედავო. უცხოეთში მასთან ერთად წასვლა და იქ ცხოვრება შემომთავაზა. მითხრა: ჯერ შენ წამოდი, მერე კი, თუ ენდომებათ, შენი შვილებიც წამოიყვანე, მე გვერდით დაგიდგები, ჯერ ჩემთან ერთად იცხოვრე, ფულსაც იშოვი და ამ ტოქსიკურ ადამიანსაც ჩამოსცილდები, მერე კი თავად გადაწყვიტე, რას იზამო. თავიდან უარი ვუთხარი, მარგამ მერე დავფიქრდი, გადაწყვეტილება მივიღე, დავურეკე და დავთანხმდი. თვე-ნახევარში მიდიოდა და მანამდე საბუთები გავამზადე, არავისთვის არაფერი მითქვამს და თვითმფრინავის ბილეთი რომ ავიღე, მერე გავუმხილე შვილებს. დავისვი და ყველაფერი ვუთხარი. ერთი სიტყვით, გავაფრთხილე, არაფერი ეთქვათ მამამისისთვის და ისე წავედი, მისთვის მეც არაფერი მიქვამს. იქ ჩასულმა დავურეკე და ვუთხარი, რომ მასთან აღარ ვაპირებდი ცხოვრებას, დავიღალე მისი ქცევებით და მინდოდა, მეშრომა, დამოუკიდებლად მეშოვა ფული და ვყოფილიყავი ბედნიერი. რასკვირველია, ლანძღვა-გინება არ ამცდა, მაგრამ შორს ვიყავი და დიდად არ მინერვიულია. დღეს ბედნიერი ქალი ვარ – ჩემმა დაქალმა ყველაფერი გააკეთა, რომ მაღალანაზღაურებადი სამსახური მქონოდა, მასთან მაცხოვრა და ახლა იმ მამაკაცის გვერდით ვცხოვრობ, ვინც მაფასებს და ცდილობს, ყოველი დღე გამილამაზოს. შვილებს ფულს ვუგზავნი, რადგან არ უნდათ აქ ჩამოსვლა. ჩემთვის კი ცოტას ვაგროვებ, რომ ბინა ვიყიდო და ვცდილობ, ამდენი დაკარგული წლის მერე მეც ვიგრძნო, რომ სასურველი ქალი ვარ და არა მხოლოდ დიასახლისი. ახლა ვნანობ, რატომ ვითმენდი და დავკარგე საუკეთესო წლები იმ ტოქსიკურ ურთიერთობაში, რაც ქმრის გვერდით გავატარე. არცერთი ქალი არ უნდა გაჩერდეს იმ მამაკაცის გვერდით, ვინც არ აფასებს.

მანანა 48 წლის

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №39

29 სექტემბერი-5 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა