გულახდილი საუბრები

რატომ ვერასოდეს გამოისყიდი ცოლქმრული ღალატის სიმძიმეს და როგორ წამლავს ის ცხოვრებას

№33

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 27.08, 2021 წელი

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

არსებობს ისეთი საქციელი, რომელსაც ვერასოდეს გამოისყიდი, ყოველ წამს შეგახსენებს თავს, მასზე ფიქრები დაგტანჯავს და სიცოცხლეს გაგიმწარებს. ამბობენ, რომ სწორედ, ასეთი საქციელია ღალატი. ამ შემთხვევაში ცოლქმრულ ღალატზე გვექნება საუბარი.

მოღალატე შინაგანად ვერ წყნარდება, სულ აფორიაქებულია, სინდისის ქენჯნა არ ასვენებს. ამის მიზეზი კი მისი არასწორი საქციელია. ფსიქოლოგიურად მძიმეა, თავს მუდმივად დამნაშავედ გრძნობდე. ასე იცხოვრო და მშვიდად ვერ დაიძინო.

მარიკა (46 წლის): ბევრი ვიფიქრე, მელაპარაკა, თუ არა ამაზე. მაქვს თუ არა მორალური უფლება, ჩემი წარსული სააშკარაოზე გამოვიტანო. მკითხველი, ალბათ, ზნედაცემულ ქალად შემრაცხავს და იტყვის, თავის ცოდვას ჩვენ რას გვახვევსო, მაგრამ... თუ ჩემი მაგალითი ცდუნების წინაშე მდგომ თუნდაც ერთ ქალს სწორ არჩევანს გააკეთებინებს, ესეც დიდი საქმეა.

პრესტიჟულ უბანში, ინტელიგენტების გარემოცვაში გავიზარდე. მეგობრები ბავშვობიდან გამომყვნენ, სულ ერთად ვიყავით. ოჯახები რომ შევქმენით და საქმეებით დავიტვირთეთ, მაინც ვახერხებდით და ვნახულობდით დროს შეკრებისთვის, ერთმანეთის მოსაკითხად და მოსაფერებლად. ძალიან კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ჩემი შეცდომა, გარკვეულწილად, მათ უკავშირდება. არ იფიქროთ, სხვაზე გადაბრალებას ვცდილობდე, ის, რაც მოხდა მხოლოდ ჩემი უტვინობისა და წინდაუხედაობის ბრალია.

– მათი ცხოვრების სტილიც თავისუფალი იყო?

– არანაირად. ერთი ძალიან ლამაზი იყო და ქმარმა მიატოვა. თურმე, ლამაზ ქალებსაც ტოვებენ ქმრები! ეს ჩვენთვის შოკი იყო. ქმარმა შვილთან ერთად ბედის ანაბარა მიატოვა. მაინც უყვარდა ქმარი, დარდობდა, წლობით ვერ ინელებდა. ძნელი ამოსაცნობია, რას მოიტანს საბოლოოდ ცოლიან კაცთან ურთიერთობა. რამდენიმე წლის შემდეგ დაშორდნენ და იმან უკან მიიღო. რომ მოენდომებინა, ვინ დატოვებდა მარტოს?! რომ მოენდომებინა, ექნებოდა კიდევ სიყვარული, თუმცა არც ქმარი წაურთმევია ვინმესთვის, არც საყვარელი. გათხოვებაზე აღარ უფიქრია, ქმარს კი აპატია, მაგრამ ბოლომდე მაინც არ შერიგებია. თავისთვის იყო. იხალისებდა ცხოვრებას, ახალგაზრდულ იერს, ენერგიას, სილამაზეს ინარჩუნებდა. ასე რომ არ მოქცეულიყო, ალბათ, დეპრესიაში ჩავარდებოდა. ვერ გავამტყუნებ.

რაც შეეხება ჩემს ქმარს, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობდა, უყურადღებოდ არ მტოვებდა, ფინანსურად უზრუნველგვყოფდა, მაგრამ ამავე დროს დროს ტარებას არ იკლებდა, სხვადასხვა ეტაპზე საყვარლები ჰყავდა. ამას ვხვდებოდი და ძალიან განვიცდიდი, მაგრამ შვილების გამო ოჯახს ვერ ვანგრევდი, თუმცა, სულ ვჩხუბობდით. დავიტანჯე, ნერვებმა მიმტყუნა, მეგობრის რჩევით – მდგომარეობას შეგიმსუბუქებსო, ფლირტი სხვა მამაკაცთან გავაბი. ეს ფლირტი კი რომანში გადაიზარდა. ჩემს ქმარს არაფერი გაუგია. გაგიკვირდებათ და, ოჯახში სიტუაცია მართლაც გამომისწორდა.

– რას გულისხმობთ. როგორ გამოგისწორდათ?

– იმის თქმა მინდა, რომ ქალი, რომელსაც საყვარელი ჰყავს, სხვაგვარად უვლის თავს და ქმრის ყურადღებაც მივიპყარი. თითქოს თავიდან აღმომაჩინა, როგორც ქალი და სხვაგვარად დამაფასა.

– არ მიგაჩნიათ, რომ ასეთი ღალატი დაუშვებელია?

– დიახ. ვეწინააღმდეგებოდი ჩემს თავს. არ ვიყავი იმით აღფრთოვანებული, რომ სხვა კაცთან ფლირტში ვეძებდი გამოსავალს. იმასაც ვგრძნობდი, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი ცუდად დასრულებულიყო. ოჯახის დანგრევის მეშინოდა, მაგრამ ხომ გეუბნებით. წარმოუდგენელი რამ მოხდა, ოჯახი უფრო გამყარდა. მერე საყვარელსაც დავშორდი და ქმარს მთლიანად დავუბრუნდი. ქმარმაც ქედი მოიხარა ჩემ წინაშე.

– იცოდა, რომ უღალატეთ და გაპატიათ? არ ფიქრობთ, რომ უბრალოდ, გაგიმართლათ?

– ეს იყო ჩემი ხანმოკლე გატაცება და ნელ-ნელა თავიდან ამოვიგდე. მანებივრებდა, მისგან საოცარ სითბოს ვგრძნობდი. ზოგადად, ეს იყო სიყვარულის ადამიანი, სიყვარულისთვის დაბადებული. თუმცა მის გამო ოჯახს ვერ დავანგრევდი.

– ქმრის ღალატი აზრად როგორ მოგივიდათ?

– მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში ერთი და იგივე რუტინული ყოფა ბოლოს მოსაბეზრებელი ხდება. იმ სიყვარულსაც ეჩვევი, მზრუნველობასაც და ყველაფერი ჩვეულებრივად გეჩვენება, უფერულდება და შესაძლოა, ბევრმა რამემ გაგაღიზიანოს კიდეც. ერთი სიტყვით, რუტინის გარღვევისა და სიახლის მოთხოვნილებას გრძნობ – მით უმეტეს, თუ ისეთი დაქალები გყავს, რომლებიც თავგადასავლებით ივსებენ ცხოვრებას და ყველაფერს გიყვებიან, ძალაუნებურად ინტერესში გაგდებენ. საცდური ჯერ ფიქრებში შემოდის და მერე განხორციელებას იწყებს, ანუ იწყებ ფიქრს არარსებულ მამაკაცზე, რომელიც თითქოს ცხოვრებას გიახლებს, გიხალისებს, მრავალფეროვნებით გავსებს. მერე კი შესაძლოა, მართლა გამოჩნდეს ასეთი ვინმე.

– ანუ, ქმარშვილიანმა ქალმა ფიქრშიც კი არ უნდა დაუშვას ღალატი?

– არც ქალმა და არც კაცმა. ჯერ ყურადღება მესიამოვნა, რაღაც სხვა ტიპი იყო, განსხვავებული ინტერესებით. თანდათან პიროვნული ურთიერთობაც განვითარდა. მეგონა, არაფერს ვაშავებდი. მიმძიმს, რომ ვიხსენებ. მერე საშინლად დავითრგუნე და ვინანე. მივხვდი, რაც ჩავიდინე. კაცს რა უნდა გათხოვილი ქალისგან, რისკენ ისწრაფვის – რა თქმა უნდა, სქესობრივი კავშირისკენ. თავად ქალს უნდა ეყოს ჭკუა, ეს რომ არ დაუშვას. თან, ქალს უჭირს განშორება. ის კი ძალიან ადვილად წავიდა, აღარ გაირთულა ცხოვრება.

– მას შემდეგ გაგიჭირდებოდათ ქმართან ურთიერთობის გაგრძელება?

– მძიმე პერიოდი მქონდა. ქმარი ვერ ხვდებოდა, რა მჭირდა. მისი გადამეტებული ყურადღება სულს უფრო მიმძიმებდა. ჩემი ოჯახური იდილია დამთავრდა. ქმარს ძველებურად ვუყვარდი, მაგრამ მე ჩემი შეცდომის გამო სინდისი მქენჯნიდა, ვერ ვმშვიდდებოდი. ზოგჯერ ვფიქრობდი, ქმრის წინაშე დანაშაული მეღიარებინა, მაგრამ ამით ოჯახიც დამენგრეოდა და ქმარსაც გულს მოვუკლავდი. დღეს ჩემი ვაჟი დაოჯახებულია, ორი შვილიც ჰყავს და ერთად ვცხოვრობთ. რძალი ჭკვიანი გოგო, კარგი დედა და ცოლია. სულ გაფაციცებული ვარ, რომ მესამე არ გამოჩნდეს და მათი ურთიერთობა არ აირიოს. ჩემი შეცდომის გამო მათ მიმართ ეჭვიანობა დამჩემდა. ეს რომ შემამჩნიონ, მათ თვალში პატივისცემას დავკარგავ. უფრო მეტიც, რძალი რომ მიხვდეს, როგორ ვეჭვიანობ მის ყველა ახლობელ ბიჭზე, მომიძულებს. ღალატით ჯერ ერთგულება მოვკალი, შემდეგ კი ჩვენი სიყვარული, ოჯახური იდილია, სიმშვიდე, ურთიერთობა, ბედნიერება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი