გულახდილი საუბრები

რატომ ვერ გვარდება განქორწინებით პრობლემა

№20

ავტორი: დალი მიქელაძე 23:00 27.05

გულახდილი საუბრები
დაკოპირებულია

როდესაც რომელიმე ქალისგან ოჯახის დანგრევის მიზეზებს ისმენ, გგონია, რომ მასზე უარესი არ გაგიგონია და იმედი გაქვს, რომ არც გაიგონებ, მაგრამ ყოველი მომდევნო ისტორია უფრო მძიმეა. ყველა დანგრეულ ოჯახს კი თავისი უარესი და დამთრგუნველი მიზეზი აქვს.

მარიკო (37 წლის): განქორწინებით რომ პრობლემა გვარდებოდეს, ცხოვრება გაცილებით იოლი იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის. ქმართან დაშორების შემდეგ, ქალს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ფეხზე დადგეს და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეს. მე უკვე ვხვდები, რომ ქალების უმრავლესობა გაყრის გადაწყვეტილებას ხშირად სპონტანურად, აფექტის მდგომარეობაში იღებს და ვერ აცნობიერებს იმ სიძნელეებს, რაც წინ მარტოხელა დედის როლში ელის. რადგან ხშირად როდესაც ქმრები ცოლებს სცილდებიან, შორდებიან შვილებსაც. ეს სამწუხარო რეალობაა და ნურავინ შემომედავება. თითქოს დაუწერელი კანონია, რომ როდესაც კაცს ქალი აღარ უნდა, აღარც მისი შვილი სჭირდება.

– და, რატომ, ის ხომ მისი შვილიცაა?

– რა გითხრათ, ასეთი უცნაური ფსიქოლოგია აქვთ. მე თვითონ წავაწყდი პრობლემას, რომელსაც მარტოხელა დედის ტვირთი ჰქვია. გარდა იმისა, რომ შვილები მატერიალურად უნდა უზრუნველვყო, მათ უმამობაც არ უნდა ვაგრძნობინო.

– ფსიქოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ სკანდალურ და არაჯანსაღ გარემოში ბავშვის გაზრდას, ჯობია, ცოლ-ქმარი, უბრალოდ, გასცილდნენ ერთმანეთს.

– მეც ვეთანხმები ფსიქოლოგებს. უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ შემდეგაც უამრავი პრობლემა ჩნდება. მაგალითად, ძალიან რთულად გადასაჭრელი პრობლემაა დესპოტი ყოფილი ქმარი, რომელიც ხშირად ყოფილ ცოლს ჯალათად ევლინება და გაყრის შემდეგაც არ აძლევს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. მე ამას გადავურჩი, მაგრამ ბევრი ქალი ვერ უმკლავდება ამ დიდ პრობლემას. ამიტომ ვფიქრობ ხოლმე, რომ საერთოდ არ უნდა იდარდო, თუ კაცი, რომელსაც გაშორდი, იოლად შეგელია და დევნა არ დაგიწყო. მაგრამ დესპოტი ქმრის მოშორება გაცილებით ძნელია, ვიდრე იმ აზრთან შეგუება, რომ მიგატოვეს, ან არ იბრძოლეს შენთვის. ყველა ქართველ ქმარს გაშორებული ქალისთვის ნაცნობია კიდევ ერთი პრობლემა – მსოფლიოში ცოტა თუ მოიპოვება ქვეყანა, სადაც განათხოვრობა პირდაპირ მსუბუქ ყოფაქცევასთან ასოცირდება. განათხოვრის სტატუსი ქართველ მამაკაცებზე ისევე მოქმედებს, როგორც ხარზე აფრიალებული წითელი ნაჭერი. ამიტომ განქორწინებულ ქალებს ხშირად გვიწევს არასასურველი მამაკაცების მოგერიება.

– ხშირად ქალები ქმრებისაგან იტანენ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ თუ სექსუალურ ძალადობას მხოლოდ იმის შიშით და რიდით, თუ რას იტყვის მეზობელი.

– ეს მერე ნორმალურია? იცით, რომ უმეტესად ინგრევა 10-15 და 20 წლის ოჯახები, რომლებსაც წესით, კრიზისული პერიოდები გავლილი აქვთ და შეჩვეულნი უნდა იყვნენ ერთმანეთსაც და გარემოსაც. თუ ქალი ხშირ შემთხვევაში იმიტომ დგამს ამ ნაბიჯს, რომ უარს ამბობს ძალადობის ატანაზე, მამაკაცის მხრიდან ოჯახის დანგრევა მეტწილად მესამე პიროვნების გამოჩენის შემთხვევაში ხდება. როდესაც მამაკაცი განქორწინების გადაწყვეტილებას იღებს, მის ცხოვრებაში უკვე არსებობს სხვა ქალი.

– მომრავლდა ღალატის ნიადაგზე ოჯახების დანგრევა. რაც ადრე თითქმის არ ხდებოდა.

– იმიტომ, რომ ქალი უფრო მეტად აქტიური, დამოუკიდებელი, რეალიზებული გახდა, გაუჩნდა საკუთარი შემოსავლის წყარო. ხშირად ქალს გაცილებით მეტი შეაქვს ოჯახში, ვიდრე მამაკაცს და ეს თავდაჯერებულობას მატებს. შესაბამისად, ჩნდება ლოგიკური პროტესტი – რატომ უნდა ავიტანო დამცირება, როდესაც შემიძლია ამ ყველაფერს წერტილი დავუსვა? ქმარს გაშორებული ქალების წარმატებას თავისი ახსნაც აქვს. როდესაც ქალი მარტო რჩება, ირთვება გადარჩენის ინსტინქტი. იწყება ქმრისთვის, საზოგადოებისა და პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის დამტკიცება, რომ ძლიერია, ჭკვიანი და საჭირო. ხვდება ერთ რამესაც, რომ ქალი მხოლოდ იმისათვის არ არის შექმნილი, სამზარეულოში იდგეს, ცომში ხელებამოგანგლული, ფლოსტებითა და წინსაფრით. და როცა ჩვენ ბრძოლას ვიწყებთ, ხშირად ვაღწევთ იმაზე მეტს, ვიდრე ეს თავად წარმოგვიდგენია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...